შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 24.10.2007
საქმის ნომერი
395საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

395/საზ 24 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 18 ივნისის განაჩენით ა. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. მ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 22 ივნისიდან.

ამავე განაჩენით ბ. ყ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ყ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 14 დეკემბრიდან.

ამავე განაჩენით შ. ე-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 19, 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მას განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შ. ე-ვს სასჯელში ჩაეთვალა ტიუმენის სასამართლოს განაჩენით მოხდილი ვადა – 4 წელი და 6 თვე. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. მ-ვი საჩივრით ითხოვს მის მიმართ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განჩინების გადასინჯვასა და ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ა. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის VII პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია).

ა. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს 19, 104-ე მუხლის VII პუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) და რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 23, 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის დანაშაულის კატეგორია მართალია არ იცვლება, მაგრამ ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. მ-ის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 23, 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე. ამასთან, ა. მ-სათვის აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1 წლით და მას საბოლოოდ, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ აბუსალამ მაილ-ოღლი მამედოვს სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 22 ივნისიდან, იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს საპყრობილედან.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა ბ. ყ-ის და შ. ე-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. ყ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

შ. ე-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს 19, 104-ე მუხლის VII პუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) და რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 23, 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის დანაშაულის კატეგორია მართალია არ იცვლება, მაგრამ ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ. ე-ის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის VII პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 23, 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე. ამასთან, შ. ე-ის მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1 წლით და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელის მაქსიმალური ზომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ. ე-ის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ შ. ე-ვს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ ა. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის VII პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 23, 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნული მუხლით მიესაჯოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ შ. ე-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 104-ე მუხლის VII პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 23, 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნული მუხლით მიესაჯოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მისი ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მას სასჯელის ზომად აღნიშნული მუხლით განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ შ. ე-ვს სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. მ-ვი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს პატიმრობიდან.

განჩინება სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.