შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹411 საზ თბილისი
27 დეკემბერი 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით გ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. აღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე გ. ქ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, ქონების კონფისკაციითა და გასახლებით 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ქ-ეს განაჩენიდან ამოერიცხა გასახლებასა და ქონების კონფისკაციაზე მითითება. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ქ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტები (მითითებული რედაქცია) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითა და ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) კი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან ათ წლამდე და შეესაბამება საქართველოს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილს, რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით (მითითებული რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი უნდა განისაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, გ. ქ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და მას სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. მსჯავრდებულ გ. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც შთანთქმულ უნდა იქნეს ამავე განჩინებით დანიშნული, სხვა უფრო მკაცრი სასჯელით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ქ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ გ. ქ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, გ. ქ-ეს აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.