შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
¹412საზ ქ. თბილისი
4 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჭ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 29 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 29 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. ზ. მ-ეს, საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით _ 20 წლით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 13 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 7 წლით, 212-ე მუხლით _ 1 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით, 236-ე მუხლით _ 2 წლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 14 წლით, მე-17,243-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 1997 წლის 7 სექტემბრიდან.
2. გ. ქ-ლს, საქართველოს სსკ-ის (1961 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით _ 17 წლით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, მე-17,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებით _ 8 წლით, მე-19,152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 7 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, 2071-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 212-ე მუხლით _ 1 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 236-ე მუხლით _ 3 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 10 წლით, მე-17,243-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ქ-ლს სასჯელის ათვლა დაეწყო 1997 წლის 21 ივნისიდან;
3. დ. გ-ეს, საქართველოს სსკ-ის (1961 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით _ 10 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 9 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, 2071-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 212-ე მუხლით _ 1 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 8 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან;
4. ვ. თ-ეს, საქართველოს სსკ-ის (1961 წლის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 9 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, 236-ე მუხლით _ 2 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. თ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 1997 წლის 27 ივნისიდან;
5. კ. ხ-ლს, საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 471-ე მუხლის შესაბამისად, კ. ხ-ლს განაჩენის აღსრულება გადაევადა 1 წლით.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ზ. მ-ის, გ. ქ-ის, დ. გ-ის, ვ. თ-სა და კ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 3 ივლისის განაჩენით ზ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გადაიდო ორი წლით. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა.
1996 წლის აგვისტოში ზ. მ-ძე მოელაპარაკა თავის მეზობელ გ. ქ-ლს, რათა ფარულად გაეტაცებინათ ქ. ქუთაისში, ---ს ქუჩის მე-- შესახვევის ¹27-ე სახლის სარდაფში დამონტაჟებული წყლის საქაჩი ელექტროტუმბოები. იმავე დღეს, დაახლოებით 24 საათზე, მათ შეაღწიეს მითითებულ სარდაფში, ქანჩ-გასაღებების გამოყენებით მოხსნეს და ფარულად გაიტაცეს ა. ბ-ის, მ. ს-სა და დ. ბ-ის კუთვნილი, შესაბამისად _ 80, 60 და 60 ლარად ღირებული, „აგიდელის» მოდელის სამი ელექტროტუმბო, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულებს.
1997 წლის იანვარში (თარიღი დაუდგენელია), დაახლოებით 18 საათზე, ზ. მ-ემ და გ. ქ-მა ქ. ქუთაისში, ---ის ქ. ¹3-ში მდებარე მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს „ვაზ-21011» მოდელის ავტომანქანა და განიზრახეს, ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდნენ მასში მჯდომი ვ. ჯ-ის კუთვნილ პირად ქონებას. ამ მიზნით გ. ქ-მა, თითქოსდა როგორც მგზავრმა, ვ. ჯ-ეს სთხოვა ---ის ქუჩაზე წაყვანა. თანხმობის მიღებისთანავე იგი მოთავსდა მძღოლის გვერდით, ხოლო ზ. მ-ძე _ უკანა სავარძელზე. მოძრაობისას გ. ქ-მა მძღოლს ავტომანქანა ---ის ქუჩის ¹მე-10 სახლთან, ჩაბნელებულ ადგილზე გააჩერებინა, რის შემდეგ მარჯვენა გვერდის არეში მიადო დანა და მოკვლის მუქარით მოსთხოვა ფული; როდესაც ვ. ჯ-ემ განუცხადა, რომ მას ფული არ ჰქონდა, რაშიც თავად თავდამსხმელებიც დარწმუნდნენ, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გ. ქ-მა დაუდგენელ გარემოებებში, სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა „გეკოს» მოდელის თვითნაკეთი პისტოლეტი 10 საბრძოლო ვაზნით, რასაც სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა და ინახავდა.
მანვე, 1997 წლის თებერვალში, დაუდგენელ გარემოებებში 20 ლარად შეიძინა „ტულას» სისტემის ერთლულიანი სანადირო თოფი, რომლისაგანაც იმავე თვეში, თავის სახლში, ლულის გადაჭრით უკანონოდ დაამზადა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა და ინახავდა.
1997 წლის 2 მარტს გ. ქ-მა ზ. მ-სა და მესამე პირს შესთავაზა, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, ქ. ქუთაისში, ---ის ქუჩიდან ე.წ. „---ის დასახლებაში» ასასვლელ კიბეზე, მათი პირადი ქონების დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ მოქალაქეებს. თავად გ. ქ-ლი შეიარაღდა „გეკოს» სისტემის თვითნაკეთი პისტოლეტით, მესამე პირს გადასცა ლულა გადაჭრილი ერთლულიანი თოფი, ხოლო ზ. მ-ემ სახლიდან მიიტანა საოჯახო დანა.
იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, ზემოაღნიშნული პირები ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ. ბ-სა და მ. წ-ეს, რომლებსაც მოკვლის მუქარით მოსთხოვეს ფული. გ. ბ-მა მათ გადასცა ხელჩანთა მასში არსებული 2 ლარით, მაგრამ ზ. მ-ემ თანხა, მისი სიმცირის გამო, ჩანთასთან ერთად დაუბრუნა დაზარალებულს და თანამზრახველებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ. ქ-მა ზ. მ-ეს აჩუქა „გეკოს» სისტემის თვითნაკეთი პისტოლეტი თავისი ვაზნებით და ლულაგადაჭრილი თოფი, რაც ამ უკანასკნელმა შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში და რამდენიმე დღის შემდეგ მიუტანა და შესანახად დაუტოვა დაუდგენელ პირს.
1997 წლის მარტში, თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ქუთაისში, ---ის ქ. ¹18-ში მდებარე გ. ქ-ის სახლში მან და ზ. მ-ემ გადაწყვიტეს ერთ-ერთი მოქალაქის ავტომანქანის ფარულად გატაცება. ამ მიზნით იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, ზ. მ-ემ საბარგულიდან ფარულად შეაღწია ---ს ქუჩის მე-- შესახვევში მდებარე ¹მე-6 სახლის წინ გაჩერებულ, დ. მ-ის კუთვნილ „ვაზ-2121» მოდელის ავტომანქანის სალონში, ჩამოხსნა ელექტროსადენები და მათი გადაერთებით შეეცადა, ძრავა აემუშავებინა. ამ დროს გ. ქ-ლი, შესაძლო დაკავების თავიდან ასაცილებლად, თვალ-ყურს ადევნებდა მიმდებარე ტერიტორიას. ავტომანქანის ძრავის ამუშავების ხმაზე, მე-2 სართულზე მყოფმა დ. მ-მა დაუყვირა მანქანაში მყოფ ზ. მ-ეს, რომელიც იძულებული გახდა, გ. ქ-თან ერთად გაქცეულიყო შემთხვევის ადგილიდან. ელექტროსადენების ჩამოხსნით დ. მ-სს მიადგა 10 ლარის ზიანი.
1997 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 13 საათზე, ზ. მ-ძე, გ. ქ-ლი, დ. გ-ძე და მეოთხე პირი ქ. ქუთაისში, --- ბაღთან მდებარე კაფე „---ში» სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ზ. მ-ემ და გ. ქ-მა თანმხლებ პირებს შესთავაზეს, ცენტრალური --- ბაზრის ტერიტორიიდან წაეყვანათ ერთ-ერთი ტაქსი და ყაჩაღური თავდასხმის გზით მისი მძღოლისაგან გაეტაცებინათ ფული. მათ იქვე შეიმუშავეს დანაშაულის განხორციელების კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვით, ზ. მ-ძე და გ. ქ-ლი მოტყუებით, თითქოსდა როგორც მგზავრები, დაქირავებული ტაქსის გამოყენებით, ქ. ქუთაისში, „---ის» მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ზ. მ-ის ნაცნობის _ გამოძიებით დაუდგენელი ვინმე „კ-საგან» წამოიღებდნენ ლულაგადაჭრილ თოფს, „გეკოს» მოდელის თვითნაკეთ პისტოლეტს, ოთხ ნიღაბს და თოკს. ამასობაში დ. გ-ძე და მეოთხე პირი, შეთანხმებისამებრ, მათ დაელოდებოდნენ ---ის ხიდთან მდებარე გ. ტ-ის ძეგლთან. ამის შემდეგ ტაქსს და მძღოლს წაიყვანდნენ ზესტაფონის რაიონის მიმართულებით და ყაჩაღური თავდასხმის გზით გაიტაცებდნენ მძღოლის კუთვნილ ფულსა და ავტომანქანას, რომლითაც ჩავიდოდნენ ქ. ზესტაფონში მცხოვრებ, თავიანთ ნაცნობ, ასევე გამოძიებით დაუდგენელ „კ-სთან» და მისი დახმარებით ჩაიდენდნენ ერთ-ერთი ბინის ქურდობას.
დაახლოებით 15 საათზე მთვრალმა ზ. მ-ემ და გ. ქ-მა დაიქირავეს ამ უკანასკნელის ნაცნობის _ რ. ბ-ის მართვის ქვეშ მყოფი, მისი შვილის _ ა. ბ-ის კუთვნილი, --- ბაზართან მდგარი, 3 ათას ლარად ღირებული, „ვაზ-2106» მოდელის ავტომანქანა და მძღოლს ავტოქარხნის მიმართულებით წაყვანა სთხოვეს. ზ. მ-ძე მოთავსდა მძღოლის გვერდით, ხოლო გ. ქ-ლი _ უკანა სავარძელზე, მარჯვენა მხარეს. გზად ზ. მ-ემ დაუდგენელი „კ-ას» სახლიდან წაიღო შავ სპორტულ ჩანთაში მოთავსებული ლულა გადაჭრილი თოფი, „გეკოს» სისტემის თვითნაკეთი პისტოლეტი, ოთხი ნიღაბი, თოკი და ე.წ. „გელა». გ. ტ-ის ძეგლთან ისინი შეხვდნენ დ. გ-სა და მეოთხე პირს, რომლებსაც ზ. მ-ემ და გ. ქ-მა ამცნეს, რომ დაქირავებული ავტომანქანის მძღოლი იყო ამ უკანასკნელის ნაცნობი, ამიტომ შესაძლო მხილების თავიდან აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ იგი უნდა მოეკლათ, ხოლო მისი ავტომანქანა _ დაეწვათ, რაზეც დ. გ-ემ და მეოთხე პირმა თანხმობა განაცხადეს. ამის შემდეგ ოთხივენი მოთავსდნენ ავტომანქანაში და გაემართნენ ზესტაფონისაკენ. მსვლელობისას ზ. მ-ემ ჩანთა გადასცა გ. ქ-ლს, რომელმაც იქიდან, მძღოლის შეუმჩნევლად, ამოიღო „გეკოს» თვითნაკეთი პისტოლეტი და მიაწოდა დ. გ-ეს, ხოლო ლულაგადაჭრილი თოფი _ ვ. ბ-ეს. გზად ზ. მ-ემ რ. ბ-ლს მანქანა გააჩერებინა მდინარე ---სთან მდებარე --- სადგურთან, გამოართვა მას საბარგულის გასაღები, იქიდან ამოიღო 10-ლიტრიანი ავზი, რომელშიც, თითქოსდა ახლობლისათვის ზესტაფონში ჩასატანად, ჩაასხა ბენზინი და განაგრძეს მოძრაობა. დაახლოებით 17 საათზე თერჯოლის რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე გამავალ ცენტრალურ გზატკეცილზე ზ. მ-ემ სამზარეულო დანის, ხოლო დ. გ-ემ და მეოთხე პირმა _ ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით რ. ბ-ლს ჯერ შეაჩერებინეს ავტომანქანა, შემდეგ კი გზიდან მარჯვნივ, ტყისკენ შეახვევინეს; დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ ავტომანქანა გააჩერებინეს და მძღოლს ძირს ჩასვლა მოსთხოვეს. რ. ბ-ლი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ზ. მ-ემ დანის ყუის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა მას სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. მიუხედავად ამისა, რ. ბ-ლი განაგრძობდა წინააღმდეგობას, რამდენჯერმე ხელი მოუქნია ზ. მ-ეს, რომელმაც განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში 6-ჯერ დაარტყა დანა რ. ბ-ლს და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. იმავდროულად ავტომანქანის უკანა სალონში მჯდარმა დ. გ-ემ დაახლოებით 4 სანტიმეტრიდან ერთხელ ესროლა რ. ბ-ლს გულმკერდის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანებებისაგან რ. ბ-ლი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგ ბოროტმოქმედები დაეუფლნენ მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, ამასთანავე, გარდაცვლილს შარვლის ჯიბიდან ამოაცალეს და გაიტაცეს მისი კუთვნილი, პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტები _ ავტომანქანის მართვისა და ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობები და მანქანის ტექპასპორტი. ზ. მ-ძე დაჯდა საჭესთან და თანამზრახველებთან ერთად ჩავიდა ქ. ზესტაფონში, სადაც დაახლოებით 19 საათზე ---ის ქუჩაზე შეხვდა დაუდგენელ „კ-ას», რომელმაც წინასწარი მოლაპარაკებისამებრ, იგი მიიყვანა ზესტაფონში, ---ის ქ. ¹--\--ში, მე-2 სართულზე მდებარე ო. კ-ის ბინის კართან. გაინაწილეს რა როლები, ბინაში შეღწევით, მოქალაქეთა პირადი ქონების ფარულად გატაცების მიზნით, დ. გ-ძე და გ. ქ-ლი თვალ-ყურს ადევნებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო ზ. მ-ძე ე.წ. „გელას» მეშვეობით და მეოთხე პირი _ ე.წ. „ფირფიტების» გამოყენებით შეეცადნენ აღნიშნულ ბინაში შეღწევას, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების _ ზედა სართულიდან მოქალაქეების ჩამოსვლის გამო ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბინაში შეღწევის მცდელობისას ზ. მ-ემ და მეოთხე პირმა დააზიანეს კარის საკეტი მექანიზმი, რითიც ო. კ-ეს მიაყენეს 15 ლარის ზარალი.
იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, ზ. მ-ძე და მისი თანამზრახველები განმეორებით შეეცადნენ ო. კ-ის ბინაში შეღწევას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან იმ დროისათვის, მათი ვარაუდით, ბინაში მყოფ პირთა მიერ ანთებული იყო შუქი, რის შემდეგ ზ. მ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ ქ. ქუთაისისაკენ.
ჩადენილ დანაშაულში შესაძლო მხილების თავიდან აცილების მიზნით, ზ. მ-ემ სხვა თანამზრახველებთან ერთად გადაწყვიტა გატაცებული ავტომანქანის ცეცხლის წაკიდებით განადგურება. ამ მიზნით, დაახლოებით 23.30 საათზე, ავტომანქანა მიიყვანა თერჯოლის რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე, სადაც მდინარე ---ს ნაპირზე მდებარე --- სადგურში შეძენილი და ავტომანქანის ავზიდან ამოღებული ბენზინი გადაასხა ა. ბ-ის ავტომანქანას, ხოლო დ. გ-ემ ასანთით მას ცეცხლი წაუკიდა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი _ ავტომანქანის განადგურება. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები ფეხით გაემართნენ ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზისაკენ. სოფელ ---ის გადასახვევთან მათ შენიშნეს საპირისპირო მხრიდან მომავალი, გ. გ-ის კუთვნილი, გ. ა-ის მართვის ქვეშ მყოფი „ვაზ-21011» მარკის ავტომანქანა. ზ. მ-ემ თანამზრახველებთან ერთად უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა რა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი, წინ გადაუდგა აღნიშნულ მანქანას, რომლის გაჩერების მიზნით, სტვენა-ყვირილითა და უცენზურო სიტყვებით შეურაცხყო მისი მძღოლი. შეშინებულმა გ. ა-ემ სწრაფად მოაბრუნა ავტომანქანა და ქუთაისისაკენ გაემართა. ამით განაწყენებულმა ზ. მ-ემ და მისმა თანამზრახველებმა ქვები დაუშინეს ავტომანქანას, რის შედეგად დაზიანდა წინა, მარცხენა კარი, რითიც გ. გ-ეს მიადგა 20 ლარის ზიანი. ამის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს შემხვედრი „ვაზ-21011» მოდელის, გამოძიებით დაუდგენელი ავტომანქანა და ჩავიდნენ ქუთაისში. ცეცხლსასროლი იარაღები ზ. მ-ემ მიიტანა და შეინახა თავის სახლში.
1997 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 3 საათზე, მთვრალმა გ. ქ-მა და ზ. მ-ემ, მესამე პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ნ. ჯ-ას პირად საკუთრებაში არსებულ, შპს „---ის» ¹--ე სასურსათო მაღაზიის ფანჯრიდან, რკინის გისოსის მოგლეჯით, შეაღწიეს მაღაზიაში, დახლებიდან და საცავიდან გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების სამეურნეო და სასურსათო საქონელი, სულ 206 ლარად ღირებული, რაც ზ. მ-ემ დამალა თავისი სახლის კიბის ქვეშ, მეორე დღეს კი გ. ქ-თან ერთად 150 ლარად მიჰყიდა ქ. ქუთაისში, ---ის პროსპექტზე მდებარე ---ზე დაუდგენელ პირს.
1997 წლის 15 ივნისს ქ. ქუთაისში, ---ის მოედანზე, გ. ქ-ლი მოელაპარაკა სხვა პირს ერთ-ერთი მოქალაქის პირადი ქონების აშკარად გატაცების თაობაზე. ამ მიზნით იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, ისინი დაედევნენ ---ს ქ. ¹2 სახლის სადარბაზოში შემავალ გ. რ-ეს, რომლის მიმართაც გ. ქ-მა გამოიყენა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის არასაშიში ძალადობა, გაარტყა მას სახის არეში, ხელი სტაცა ხელჩანთას და შეეცადა მის გატაცებას, მაგრამ შეშინებულმა, რომ არ დაეკავებინათ მეზობლებს, სხვა პირთან ერთად განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
1997 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 15 საათზე, ქუთაისის --- ბაღში ზ. მ-ეს შეხვდა ნაცნობი ვ. თ-ძე, რომელმაც შეატყობინა, რომ მოსკოვიდან ჩამოსული მისი მეზობლის _ ა. ჩ-ის მეუღლეს ე. ჩ-ეს ჰქონდა დიდი ოდენობით ფული. მათ გადაწყვიტეს, ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდნენ ჩ-ების პირად ქონებას. ამ მოლაპარაკებას შეუერთდნენ დ. გ-ძე, გ. ქ-ლი, ვ. თ-ის მეზობელი კ. ხ-ლი და კიდევ ერთი პირი. ზ. მ-ემ და ვ. თ-ემ მათ გაანდეს დანაშაულებრივი განზრახვა. ამასთან, ვ. თ-ემ მათ უთხრა, რომ ჩ-ების ოჯახის ერთ-ერთი წევრი _ ნ. ჩ-ძე იყო ფეხმძიმედ. კ. ხ-მა თავი შეიკავა დანაშაულში მონაწილეობისაგან, ხოლო გ. ქ-ლი _ დასთანხმდა.
შეთანხმებისამებრ, ზ. მ-ძე, დ. გ-ძე და სხვა პირი 1997 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 18 საათზე, მივიდნენ წყალტუბოს ზონის ---ის დასახლებაში მდებარე ავტობუსის მოსაცდელ ჯიხურთან. ზ. მ-ეს შავ ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა სახლიდან წამოღებული ლულა გადაჭრილი თოფი და „გეკოს» სისტემის თვითნაკეთი პისტოლეტი. გ. ქ-მა იმ დღეს, ზ. მ-სთან შეხვედრისას, ჩ-ების ოჯახში ფეხმძიმე ქალის ყოფნის მოტივით, უარი განაცხადა ამ დანაშაულში მონაწილეობაზე, მაგრამ დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გატაცებული ნივთების გადამალვაში.
დათქმულ ადგილზე _ ავტობუსის მოსაცდელ ჯიხურთან მათ ვ. თ-ძე არ დახვდათ, რის გამოც მასთან სახლში მივიდნენ და მასთან ერთად, დანაშაულის ჩადენისათვის ხელსაყრელი დროის მოლოდინში, გაჩერდნენ ---ის სკოლის ---თან.
დაახლოებით 24 საათზე ვ. თ-ემ სახლიდან მიიტანა ნახევარი ლიტრი არაყი, ქალის თეთრი ხელთათმანები და თანამზრახველებთან ერთად გაემართა „---ის» მიტოვებული ავტოფარეხისაკენ. გზაში ისინი შეხვდნენ კ. ხ-ლს, რომელსაც ვ. თ-ემ ამცნო, რომ მიდიოდნენ წინა დღით მოლაპარაკებული დანაშაულის ჩასადენად და შესთავაზეს, მასაც მიეღო მონაწილეობა, მაგრამ კ. ხ-მა გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა ყაჩაღურ თავდასხმაში, ამიტომ პირად საქმეზე წასვლის მომიზეზებით დასცილდა მათ, თუმცა ამ დანაშაულის მზადების შესახებ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში.
ავტოფარეხში ბოროტმოქმედებმა დალიეს არაყი, რის შემდეგ ვ. თ-ემ „პუმის» ფირმის სპორტული მოსაცმელის სახელოდან დაამზადა ნიღაბი. ზ. მ-ძე და სხვა პირი შეიარაღდნენ ლულაგადაჭრილი თოფითა და „გეკოს» თვითნაკეთი პისტოლეტით, ხოლო დ. გ-ძე _ თავის მიერ სახლიდან წამოღებული სამზარეულო დანით, სახეზე აიფარეს ნიღბები და, ვ. თ-ის მითითებით, შევიდნენ ჩ-ების ბინის სადარბაზოში. ვ. თ-ემ, როგორც მეზობელმა, თავდასხმის საწყის ეტაპზე თავი აარიდა ბინაში შესვლას და ეზოში მეთვალყურედ დარჩა. ზ. მ-ემ იქვე ნაპოვნი ფოლადის მავთულით გატეხა ჩ-ების სახლის კარი, დ. გ-სა და სხვა პირთან ერთად შეაღწია ბინაში, სადაც გასასვლელი კარიდან ამოიღეს მინა და ზემოხსენებული იარაღებით შეიარაღებულები, დაახლოებით 4 საათსა და 30 წუთზე, თავს დაესხნენ სასტუმრო ოთახში მძინარე ე. ჩ-ეს. ზ. მ-ემ მას პირზე დაადო ხელი და იარაღით მოკვლის მუქარით, დ. გ-სა და სხვა პირთან ერთად შეიყვანა სიძის _ ტ. წ-სა და ქალიშვილის _ ნ. ჩ-ის საძინებელ ოთახში, იატაკზე დააგდო, რის შემდეგ პისტოლეტი ორჯერ ჩაარტყა მას პირის ღრუში, თან ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვა. ტ. წ-ემ წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელებს, რის გამოც დ. გ-ემ დანა ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ იქვე გადაჭრილი ელექტროსადენებით ზ. მ-სთან ერთად ხელ-ფეხი შეუკრა ტ. წ-სა და ე. ჩ-ეს, ამასთან, ფეხებითა და ხელებით სცემეს მათ, რითიც ე. ჩ-ეს მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება სისხლნაჟღენთების, ნაჭდევებისა და კბილის მოტეხილობის სახით, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. იმავდროულად სხვა პირმა ლულაგადაჭრილი თოფის მუქარით ნ. ჩ-ეს შეაწყვეტინა კივილი და კარადიდან გამოიღო ა. ჩ-ის კუთვნილი, ორლულიანი სანადირო თოფი. ამასთან, ზ. მ-ემ ხელ-ფეხი შეუხსნა ტ. წ-ეს და მეორე ოთახში მდებარე რკინის კარადიდან გამოაღებინა „ტოზის» მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი, რომელშიც სხვა პირმა ჩადო ვაზნები. ტ. წ-ძე კვლავ შეეცადა ბოროტმოქმედთათვის წინააღმდეგობის გაწევას, რის გამოც დ. გ-ემ სანადირო თოფი ჩაარტყა მარცხენა ფეხის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე და მარცხენა ხელის გარეთა ზედაპირის წინა მხრის მესამედში, რითიც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ყაჩაღობის პროცესში ზ. მ-ემ გაიხადა თავისი ტანსაცმელი და ჩაიცვა ტ. წ-ის კუთვნილი ჯინსის შარვალი, ჟილეტი, ბოტასები და პერანგი, რის შემდეგ ჩ-ების ბინაში, ამ უკანასკნელთა შეუმჩნევლად, შევიდა ვ. თ-ძე, რომელთან ერთად ზ. მ-ემ, დ. გ-ემ და სხვა პირმა გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობა, სულ 4175 ლარის ღირებულების. გარდა აღნიშნულისა, კარის შემტვრევით დაზარალებულს მიაყენეს 10 ლარის ზარალი, ხოლო სხვადასხვა ნივთის დაზიანებით _ 25 ლარის, სულ _ 35 ლარის ღირებულების ზარალი.
ჩ-ების ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ ზ. მ-ემ ვ. თ-ეს აჩუქა „გეკოს» თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დარჩა ---ის დასახლებაში, ხოლო ზ. მ-ემ, დ. გ-ემ და სხვა პირმა სამი ხელჩანთა, მასში მოთავსებული გატაცებული ფასეულობებით, ბუჩქნარში დამალეს, რის შემდეგ ზ. მ-ემ გატაცებული თოფებითა და ორ ხელჩანთაში მოთავსებული ნივთებით თანამზრახველები მიიყვანა თავისი ნაცნობის, წყალტუბოს ზონის სოფელ ---ში მცხოვრებ ზ. კ-ის სახლში, სადაც დატოვეს თოფები და ვაზნები, ხოლო სხვა გატაცებული ნივთებითურთ ტაქსით ჩავიდნენ ქუთაისში, ---ს ქუჩის ბოლოში, სადაც ზ. მ-ემ გადააგდო ნიღბები და ლულაგადაჭრილი თოფი, გაინაწილეს გატაცებული ქონება და ერთმანეთს დასცილდნენ.
1997 წლის 20 ივნისს ვ. თ-ემ ზ. მ-ის მიერ ნაჩუქარი „გეკოს» თვითნაკეთი პისტოლეტი მიიტანა ---ის ტერიტორიაზე მდებარე „---ის» ავტოფარეხში, სადაც ნიღაბი დაწვა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი, ნამწვავი და მის მიერ შეძენილი, 5,4 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „---» შეიანახა მწყობრიდან გამოსული სატვირთო ავტომანქანის ძარაში.
ყაჩაღური თავდასხმიდან მეორე დღეს კ. ხ-მა თავისი დის _ ე. ხ-საგან შეიტყო, რომ ღამით ა. ჩ-ის ოჯახზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა და, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დამნაშავეების ვინაობა, არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში.
1997 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 8 საათზე, ზ. მ-ის სახლში მისული გ. ქ-ლი მასთან ერთად ჭ. კ-ის კუთვნილი, დაქირავებული ტაქსით გაემართა ---ის დასახლებაში, სადაც ზ. მ-ეს ბუჩქნარში გადამალული ჰქონდა სამი ხელჩანთა, რაც ჩადეს ავტომანქანის საბარგულში, მაგრამ ისინი შეამჩნია საქართველოს -- სამინისტროს ---ის ¹-- --- ნაწილის საბადრაგო ყარაულის ასეულის ---მა ზ. ჩ-ემ, რომელმაც, მიიჩნია რა ისინი საეჭვო პირებად, მძღოლს გააჩერებინა ავტომანქანა და გააღებინა საბარგული, სადაც სამ ხელჩანთაში მოთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა შორის ამოიცნო მეზობელ ა. ჩ-ის ზოგიერთი ნივთი. იმავდროულად გ. ქ-მა და ზ. მ-ემ მიატოვეს ავტომანქანა და გაიქცნენ სოფელ ---საკენ, მაგრამ გ. ქ-ლი დააკავეს
ზ. ჩ-ემ და მისმა თანამშრომლებმა, რა დროსაც მან წინააღმდეგობა გაუწია სამხედრო მოსამსახურეებს, მიაყენა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გ. ქ-ლი სამხედრო მოსამსახურეებმა წარადგინეს იმერეთის მხარის შს მთავარ სამმართველოში, ხოლო ზ. მ-ემ შეძლო მიმალვა.
დ. გ-ემ დაუდგენელ გარემოებებში, დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება „---», რისი ნაწილიც 24 ივნისს მიიღო არასამედიცინო მიზნით, ხოლო დარჩენილი 8,7 გრამი პირადი მოხმარებისათვის შეინახა პიჯაკის ჯიბეში. იმავე დღეს, დაახლოებით 21 საათზე, იმერეთის შს მთავარი სამმართველოს ---ის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში, ---ის პროსპექტ ¹3ა-ში, გ. ლ-ის სახლში, დააკავეს დ. გ-ძე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მის მიერ გასაღების მიზნის გარეშე უკანონოდ შენახული ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო შემოწმებისას თავად იმყოფებოდა ამ ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ. დანაშაულში მხილებისა და თავიდან აცილების მიზნით, მან ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, წინააღმდეგობა გაუწია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესრულებისას მყოფ --- პოლიციის მუშაკებს _ ბ. თ-ას, ს. ო-ნს, კ. კ-ეს, დ. ყ-ლს, ე. რ-სა და მ. ლ-ლს, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ს. ო-ნს ხელი გაარტყა სახეში, ამასთან, ფეხი მიარტყა მ. ლ-ის კუთვნილ ავტომანქანას და შეეცადა გაქცევას, მაგრამ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, დააკავეს.
მსჯავრდებული ზ. მ-ძე და ადვოკატი ლ. ჭ-ი საჩივარში აღნიშნავენ, რომ ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი აღარ ითვალისწინებს არასრულწლოვნის ჩაბმას დანაშაულებრივ საქმიანობაში, ამიტომ ამ ბრალდებაში ზ. მ-ძე უნდა გამართლდეს; როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიება ზ. მ-სა და სხვათა მიმართ მიმდინარეობდა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით; ირღვეოდა მათი ადამიანური უფლებები; მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რისი შედეგიცაა ერთ-ერთი მსჯავრდებულის _ გ. ქ-ის ლოგინად ჩავარდნა, თუმცა აღნიშნულის გამო პოლიციელები არ დასჯილან; ასეთი მეთოდებით მიიღეს პოლიციელებმა ზ. მ-სა და სხვებისაგან აღიარებითი ჩვენებები; სადავოა ზ. მ-ის ქმედების კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობის მუხლით, ამიტომ ზედმეტად მკაცრია განაჩენით შეფარდებული 20 წლით თავისუფლების აღკვეთაც; მოსამართლე ზეწოლას ახდენდა მსჯავრდებულებისათვის სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატებზე, მან არ მისცა ადვოკატებს ალიბის მოწმეთა დაკითხვის საშუალება, უარი უთხრა ისეთი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი; სასამართლო კოლეგიამ დააყენა სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ზ. მ-ძე და ადვოკატი ლ. ჭ-ლი ითხოვენ ზ. მ-ის გამართლებას არასრულწლოვნის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაბმისათვის, ასევე _ მსჯელობას მისი ქმედების სსკ-ის 104-ე მუხლით დაკვალიფიცირების კანონიერებაზე და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ. მ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (რომლითაც მას მისჯილი აქვს 7 წლით თავისუსფლების აღკვეთა) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სასჯელიც.
ამავე მოტივებით გ. ქ-სა და დ. გ-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ ზ. მ-ემ, გ. ქ-მა და ვ. თ-ემ ჩაიდინეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება (არასრულწლოვანის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას საქართველოს 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კანონი არ ითვალისწინებს. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან ზ. მ-ის, გ. ქ-სა და ვ. თ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ამ ნაწილში საქმე შეწყდეს.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულები _ ზ. მ-ძე, გ. ქ-ლი და დ. გ-ძე წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრები, რომლის მიზანი იყო რამდენიმე დანაშაულის ჩადენა. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებულმა პირებმა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს ორგანიზებულ ჯგუფში.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სხვა მუხლების (104-ე მუხლის 1-ლი, მე-7 პუნქტები, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტები, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მე-17,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მე-19,152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით, 2071-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 212-ე მუხლი, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, მე-17,243-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 206-ე მუხლი) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.
გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით საჩივრის მოტივებზე მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 594-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ზ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჭ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1998 წლის 29 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: ზ. მ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ქ-სა და დ. გ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს ზ. მ-ის, გ. ქ-სა და ვ. თ-ის სსკ-ის 236-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) მსჯავრდების ნაწილში და მათ მიმართ ბრალდების ამ ნაწილში შეწყდეს საქმე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.