დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.06.2007
საქმის ნომერი
417საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

417/საზ 15 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ღ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 23 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამათრლო კოლეგიის 1995 წლის 23 თებერვლის განაჩენის გ. ღ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

გ. ღ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 23 აგვისტოდან.

ამავე განაჩენით ს. ქ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაემატა მოუხდელი სასჯელიდან ერთი წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1994 წლის 29 აგვისტოდან.

მსჯავრდებული გ. ღ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გ. ღ-ლს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტით (1960 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა განზრახ მკვლელობას ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა, სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა არაერთგზის) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით. ამდენად, დანაშაულის კატეგორია არ შეცვლილა, იგი კვლავ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. ასევე არ არსებობს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ს. ქ-ლს საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა და მიიჩნია, რომ ს. ქ-ის მიმართ არ არსებობს ახლადგამოვლენილი გარემოება, რომელიც გახდება მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეცვლის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტქით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოოლოა და არ საჩივრდება.