დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.06.2007
საქმის ნომერი
424საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

424საზ ქ. თბილისი

15 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 ივლისის განაჩენით ე. გ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ე. გ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 27 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული განაჩენში შევიდა ცვლილება: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის სსკ-ის 188-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ მუხლით ე. გ-ნს სასჯელის ზომად განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო 1 (ერთი) წლის ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ე. გ-ნი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რაც საფუძვლად დაედება ე. გ-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვას, რადგან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა და მისთვის განსაზღვრული სასჯელი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია.

ამდენად, ე. გ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინების ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 ოქტომბრის განჩინება ე. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.