დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹451/საზ ქ. თბილისი
16 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 ივნისის განაჩენით:
1. პ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-17,105-ე მუხლით _ 7 წლით, 104-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე პ. კ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. რ. წ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-17,105-ე მუხლით _ 8 წლით, 104-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით _ 18 წლით, 262-ე მუხლის „ა” პუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე რ. წ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. პ. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით, 206-ე მუხლით _ 1 წლით, 261-ე მუხლის „ა” პუნქტით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე პ. რ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პ. კ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 1998 წლის 13 იანვრიდან, რ. წ-ლს _ 1998 წლის 22 იანვრიდან, ხოლო პ. რ-ეს _ 1998 წლის 20 იანვრიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პ. კ-ემ და რ. წ-მა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე _ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა; რ. წ-მა ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა, შეძენა და ტარება; მანვე ჩაიდინა დეზერტირობა, ხოლო პ. რ-ემ _ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, ასევე _ იმ დანაშაულის დაფარვა, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და მეტი ვადით; ასევე _ დანაშაულის განუცხადებლობა.
მსჯავრდებული პ. კ-ძე საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) შეფარდებული აქვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და განზრახ მკვლელობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა) ითვალისწინებდა 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სიკვდილით დასჯას. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია, შესაბამისად, ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი უნდა გაუქმდეს პ. რ-ის მიმართ ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 206-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ ამ ნაწილში საქმე შეწყდეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის განუცხადებლობისათვის. 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 376-ე მუხლი ითვალისწინებდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მხოლოდ მომზადების შეუტყობინებლობას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, აქვს უკუძალა. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ მიმართ ძველი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით დანიშნული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და არც ამ ქმედებათა სიმძიმის კატეგორია შეცვლილა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 ივნისის განაჩენი გაუქმდეს პ. რ-ის სსკ-ის 206-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს საქმე.
განაჩენი სხვა ნაწილში პ. კ-ის, რ. წ-სა და პ. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.