დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.10.2007
საქმის ნომერი
463საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹463/საზ ქ. თბილისი

16 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 მარტის განაჩენით თ. გ-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების _ თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევის მცდელობაში და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; თ. გ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო 2001 წლის 28 ნოემბრიდან.

მსჯავრდებული თ. გ-ვა საჩივარში მიუთითებს, რომ ხობის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 13 მარტს გაასამართლა ამავე სსკ-ის მე-19,379-ე მუხლით. მსჯავრდებული თ. გ-ვა ითხოვს კანონში შეტანილ ცვლილებათა გამო მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით თ. გ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ამ დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი იყო თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით.

დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 8 წლამდე ვადით. ამდენად, ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი და, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონს უკუძალა არა აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) არ შეიძლება, შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტთან.

ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, კერძოდ, ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამიტომ განაჩენი თ. გ-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 მარტის განაჩენი თ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.