განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გადაწყვეტილების ტექსტი
¹466/საზ 9 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ ლ. ყ-ის
ადვოკატ _ ქ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენით ბ. გ-ეს, საქართველოს სსკ-ის 65-ე და 78-ე მუხლებით, მე-40 მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღვეთა ქონების კონფისკაციით. იგი სასჯელს იხდიდა 1994 წლის 26 იანვრიდან.
ამავე განაჩენით მ. ხ-ეს, საქართველოს სსკ-ის 65-ე და 78-ე მუხლებით, მე-40 მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. იგი სასჯელს იხდიდა 1994 წლის 20 ივლისიდან.
მათვე დაეკისრათ მიყენებული ზარალის 1. 956. 493 (მილიონ ცხრაას ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) კუპონის გადახდა.
განაჩენით ბ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ. გ-ძე 1993 წლის სექტემბრის დასაწყისში დანაშაულებრივად დაუკავშირდა ზ. გ-ას და შევიდა ამ უკანასკნელის მიერ ჩამოყალიბებულ სამშობლოს მოღალატეთა ორგანიზებულ ჯგუფში, რომელთა მიზანი იყო ბანდიტური თავდასხმების გზით საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. კერძოდ, ბ. გ-ემ, ვ. ქ-სა და ს. ჟ-ის ხელმძღვანელობით, მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით დაიკავა ქალაქი ლანჩხუთი, დაამხო ადგილობრივი ხელისუფლება და მმართველობის ორგანოები, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი. იმავე დღეს კი ზ. გ-ას მიერ დაინიშნა ლანჩხუთის რაიონის მმართველად.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 აპრილის განკარგულების საფუძველზე ბ. გ-ძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ბ. გ-ძე საჩივრით ითხოვს „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის -- მარტის ¹-- დადგენილების თანახმად, გადაისინჯოს და გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენი სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 593-ე, 594-ე, 595-ე, 597-ე, 598-ე, 599-ე მუხლების, 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და იგი რეაბილიტირებულ იქნეს.
საკასაციო პალატის სხდომაზე ბ. გ-ის დამცველმა, ადვოკატმა ქ. კ-მა მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა ლ. ყ-მა მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის -- მარტის ¹-- დადგენილება ,,1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ” ჩაითვალა ამ კოდექსის 593-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად.
საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად, უნდა გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს. დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და რაც განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, ბ. გ-ძე იყო ---ის “---ის” ბატალიონის წევრი.
ამდენად, დასტურდება ის გარემოება, რომ ბ. გ-ძე იყო 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურის, კერძოდ შეიარაღებული ძალების წევრი და ამასთან იმ პოლიტიკური მრწამსის მატარებელი, რომლის შესახებაც მითითებულია ხსენებულ დადგენილებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენით ბ. გ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 65-ე და 78-ე მუხლებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. პალატა ეთანხმება საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის დადგენილების, როგორც ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოების, საფუძველზე უნდა გადაისინჯოს ბ. გ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 1996 წლის 14 მაისს გამოტანილი განაჩენი, რადგან აღნიშნული გარემოებები მთლიანად აკმაყოფილებს დადგენილებაში მითითებულ პირობებს.
პალატა თვლის, რომ ბ. გ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენი და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმის გამო, რომ ხსენებული დადგენილების თანახმად პარლამენტმა კვლავ დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალება დაგმო და ჩათვალა ანტიკონსტიტუციურად, ხოლო ქმედებები, რასაც მოიცავს ბ. გ-ის ბრალდების ფაბულა, ემყარება მის პოლიტიკურ მრწამსს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენი უნდა გაუქმდეს ბ. გ-ის მიმართ და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. ხ-ეს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე მის მიმართაც უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლით, 680-ე მუხლის მე-13 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 599-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენი ბ. გ-ის მიმართ და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენი მ. ხ-ის მიმართ და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ბ. გ-ეს და მ. ხ-ეს განემარტოს უფლება საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.