განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გადაწყვეტილების ტექსტი
17საზ ქ. თბილისი
23 იანვარი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განაჩენით: თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 7000 ლარის ოდენობით;
რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 7000 ლარის ოდენობით;
ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 7000 ლარის ოდენობით.
განაჩენის მიხედვით, თ. მ-ის, რ. მ-სა და ვ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 20 ოქტომბერს თ. მ-ი და რ. მ-ი გაემგზავრნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში. მათ განზრახული ჰქონდათ, შეეძინათ იქ დიდი ოდენობით მობილური ტელეფონები, შემოეტანათ ქ. თბილისში საბაჟო კონტროლისგან მალულად და გაეკეთებინათ რეალიზაცია. მათ მართლაც შეიძინეს ქ. ბაქოში სხვადასხვა დასახელების 34 კომპლექტი მობილური ტელეფონები, საბაჟო ღირებულებით _ 8694 ლარი. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ/წლის 21 ოქტომბერს ისინი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეს, ბაქო-თბილისის სარეისო მატარებლის ¹- ვაგონის გამცილებელ ვ. გ-ს. ეს უკანასკნელი შეჰპირდა მათ, რომ ზემოაღნიშნულ მობილურ ტელეფონებს იგი შეინახავდა თავისი ვაგონის სამალავში და საბაჟო კონტროლისაგან მალულად დაეხმარებოდა მათ საქონლის თბილისამდე ჩამოტანაში, რაშიც მისთვის უნდა გადაეხადათ 85 აშშ დოლარი. მოლაპარაკების შემდეგ რ. მ-მა და თ. მ-მა გადასცეს ვ. გ-ს ზემოაღნიშნული საქონელი, ხოლო თვითონ გამოემგზავრნენ იმავე მატარებლის ¹- ვაგონით. ვ. გ-მა მიბარებული საქონელი შეინახა თავისი ვაგონის ერთ-ერთი კუპის ჭერში მოწყობილ სამალავში, თვითონ კი მგზავრობდა ¹- ვაგონით და იმავდროულად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას.
2005 წლის 22 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა მატარებელმა დილის საათებში გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო კონტროლის გასავლელად გაჩერდა ქ. გარდაბანში, რა დროსაც რ. მ-მა, თ. მ-მა და ვ. გ-მა მებაჟეებს არ წარუდგინეს მათ მიერ გადმოტანილი აღნიშნული საქონელი და ვინაიდან იგი ინახებოდა სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ამიტომ მებაჟეებმაც ვერ აღმოაჩინეს, რის გამოც ეს საქონელი ფაქტობრივად გადმოტანილ იქნა აზერბაიჯანიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 8694 ლარს, რაც დასტურდება საქართველოს --- პალატის შპს ,, .. ’’ მ/წლის დასკვნით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით;
რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით;
ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გ. ლ-ე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და თ. მ-ის, რ. მ-ის, ვ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით; მსჯავრდებულ რ. მ-ს _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით; ხოლო მსჯავრდებულ ვ. გ-ს _ 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულებს _ თ. და რ. მ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მათ ჩაიდინეს საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 8694 ლარს. მსჯავრდებულ ვ. გ-ს კი მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა დახმარება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანაში, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 8694 ლარს.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონის რედაქციით, რომელიც მოქმედებდა მსჯავრდებულების _ თ. მ-ის, რ. მ-სა და ვ. გ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა სამი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთ ათას ლარს.
ამდენად, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მსჯავრდებულების _ თ. მ-სა და რ. მ-ის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულება _ 8694 ლარი და ვ. გ-ის დახმარება ამ თანხის ოდენობის მოძრავი ნივთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან ფარულად გადმოტანაში, არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რადგან საბაჟო ღირებულების თანხა არ აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად: “სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა”.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულების _ თ. მ-ის, რ. მ-სა და ვ. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 593-599-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განაჩენები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულების _ თ. მ-ის, რ. მ-სა და ვ. გ-ის მიმართ და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
თ. მ-ი და ვ. გ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
თ. მ-ს, რ. მ-ა და ვ. გ-ს უფლება აქვთ, აინაზღაურონ მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განემარტოთ თ. მ-ს, რ. მ-სა და ვ. გ-ს, რომ მათ უფლება აქვთ, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართონ სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.