დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
110/საზ 10 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. ჩ-ის
ადვოკატების _ ა. ჭ-ის, ე. მ-ის
მონაწილეობით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის _ ზ. ა-ის წარდგინება, რომელიც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას დ. ა-ის მიმართ და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 11 ივლისს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დ. ა-სა და სხვათა მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის II ნაწილის ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებითა და 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმის მასალების შესაბამისად, მითითებულ დღეს, დაახლოებით 22 საათზე, დ. ა-ძე, ლ. ბ-ნი, ი. ჩ-ლი, ი. გ-ლი და ხ. ღ-ძე ქეიფობდნენ ქ. თბილისში, სუპერმარკეტ ,,---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან ,,---ში”. ბარმენ გ. გ-თან შელაპარაკების შემდეგ მათ დაიწყეს უცენზურო სიტყვებითY რესტორნის მეპატრონეთა და მომსახურე პერსონალის ლანძღვა-გინება, რა დროსაც ლ. ბ-მა რესტორნის ერთ-ერთ მეპატრონეს _ მ. კ-ეს დანით გულმკერდისა და მარცხენა ხელის მტევნის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. მ. კ-ეს მისცვივდნენ მაგიდის დანარჩენი წევრებიც და დაუწყეს ცემა. მათვე სცემეს ბარმენ გ. გ-საც. გასაშველებლად მისულ რესტორნის თანამშრომელს _ ზ. გ-ეს ი. ჩ-მა შეაგინა დედა და ხულიგნური ქვენაგრძნობით, მისი მოკვლის მიზნით, ორჯერ დაარტყა დანა გულმკერდის არეში, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2006 წლის 1 აგვისტოს მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის II ნაწილის ,,გ”, ,,ე” ქვეპუნქტებითა და 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება და გამოცხადდა მათი ძებნა.
2006 წლის 23 აგვისტოს, საკონტროლო-გამტარ პუნქტ ,,---ში” სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასვლისას, დაკავებულ იქნა ძებნილი დ. ა-ძე. 2006 წლის 21 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის ¹-- საქმე დ. ა-ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იმავე დღეს დ. ა-სა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ შ. შ-ლს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც დაამტკიცა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ. 2006 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დაეკისრა ჯარიმა _ 5000 ლარი.
დ. ა-ემ დაკავებამდე, კერძოდ 2006 წლის 31 ივლისს, ქ. ქობულეთში კვლავ ჩაიდინა ხულიგნობა პირთა ჯგუფთან, კერძოდ, გ. გ-სა და გ. გ-სთან ერთად. ფაქტზე ქობულეთის შინაგან საქმეთა სამმართველოში იმავე დღეს დაიწყო წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ¹--, რომელზეც საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ბათუმის რაიონული პროკურორის --- თ. მ-ძე. საქმის მასალების შესაბამისად, ზემოხსენებული პირები იმყოფებოდნენ კაფე-ბარ ,,---ში”, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. მათ შეკამათება მოუვიდათ დაცვის თანამშრომელ მ. შ-სთან, რის შედეგადაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხულიგნობის აღსაკვეთად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ბათუმის პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ პოლიციის თანამშრომელ ა. ნ-ლს დ. ა-ემ სახეში გაარტყა, გ. გ-ძე ზურგზე შეახტა მას და ყელში ხელები წაუჭირა, ხოლო გ. გ-ვა ფორმის პერანგზე სწვდა, მოქაჩა და ღილი ააწყვიტა. ხსენებული პირები პოლიციამ დააკავა. 2006 წლის 1 აგვისტოს მათ წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ გირაო. 2006 წლის 3 აგვისტოს გამოძიებამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო ცნობა, რომ ისინი ნასამართლევები არ იყვნენ. 2006 წლის 28 აგვისტოს პროკურორმა თ. მ-ემ შეადგინა საბრალდებო დასკვნა ზემოხსენებული კვალიფიკაციით და საქმე სამივე პირის მიმართ არსებითად განსახილველად წარიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც 2006 წლის 20 ნოემბერს პროკურორ დ. კ-სა და განსასჯელებს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც იმავე დღეს დაამტკიცა ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ, კერძოდ, დ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით, ერთი წლისა და ექვსი თვის გამოსაცდელი ვადით, ასევე განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით.
ამრიგად, გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ა-ეს ერთსა და იმავე დღეს, ესე იგი 2006 წლის 1 აგვისტოს, წარედგინა ბრალდება სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებლის მიერ მას წარედგინა ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ქ. თბილისში, სუპერმარკეტ ,,---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან ,,---ში” ჩადენილი დანაშაულისთვის. იმავე დღეს (2006 წლის 1 აგვისტოს) დაკავებულ დ. ა-ეს ქობულეთის შს რაიგანყოფილების გამომძიებლის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ქ. ბათუმში, ---ის გამზირზე, კაფე-ბარ ,,---ში” ჩადენილი დანაშაულისათვის.
2007 წლის 21 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღიძრა წარმოება და ჩატარდა გამოძიება. მოწმეების სახით დაკითხულებმა: ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. დ-ემ, ბათუმის რაიონული პროკურორის ყოფილმა ---მ _ თ. მ-ემ, ბათუმის რაიონული პროკურატურის ყოფილმა ---მა დ. კ-მა, ქობულეთის შს რაიგანყოფილების ---მა ი. მ-ემ უჩვენეს, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ დ. ა-სათვის 2006 წლის 20 ნოემბერს, განაჩენის გამოტანის დღეს, მათთვის არ იყო ცნობილი მსჯავრდებულის მიერ ადრე ჩადენილი უფრო მძიმე დანაშაულის ფაქტის შესახებ და ის, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განაჩენის გამოტანის მომენტისათვის განსასჯელი უკვე იყო პირობით მსჯავრდებული.
ამდენად, როგორც ბათუმის რაიონული პროკურატურისათვის, ასევე ქობულეთის რაიონული სასამართლოსთვის დ. ა-სთან საპროცესო შეთანხმების დადებისა და დამტკიცების დროს ცნობილი არ იყო მის მიმართ 2006 წლის 21 სექტემბრის მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის შესახებ, რაც, სსსკ-ის 593-ე მუხლის II ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. ხსენებულ შემთხვევაში დ. ა-ეს სასჯელი უნდა დანიშვნოდა სსკ-ის მე-60 მუხლის (2007 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურორი ზ. ა-ლი 2007 წლის 11 აპრილის წარდგინებით ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დ. ა-ის მიმართ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა _ ა. ჭ-მა და ე. მ-ემ აღნიშნეს, რომ დ. ა-ძე როგორც თბილისში, სუპერმარკეტ „---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „---ში“, ასევე ქობულეთში, კაფე-ბარ „---ში“ მომხდარი ინციდენტის დროს შემთხვევით მოჰყვა, იგი არ არის ,,კრიმინალი” და არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. იგი ხასიათდება უაღრესად დადებითად. ამდენად, ადვოკატები _ ა. ჭ-ლი და ე. მ-ძე არ დაეთანხმნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარდგინებას და ითხოვეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
გენერალური პროკურატურის წარდგინებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატის სხდომაზე მოხსენება გააკეთა პროცესში მონაწილე პროკურორმა ქ. ჩ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ დ. ა-სთან მიმართებით არსებობს ორი განაჩენი _ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრისა და ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის. ორივე შემთხვევაში დაიდო საპროცესო შეთანხმება. იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურისათვის, ისევე, როგორც ქობულეთის რაიონული სასამართლოსათვის დ. ა-სთან საპროცესო შეთანხმების დადებისა და დამტკიცების დროს ცნობილი არ იყო მის მიმართ 2006 წლის 21 სექტემბრის მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის შესახებ, რაც საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რა დროსაც დ. ა-ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის მე-60 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, პროკურორმა ქ. ჩ-მა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის წარდგინებას და ითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმება დ. ა-ის მიმართ და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებასთან ერთად შემოსული სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა წარდგინების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და მიაჩნია, რომ აღნიშნული წარდგინება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ან შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას რისთვისაც მას მსჯავრი დაედო. სსკ-ის 239-ე მუხლი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ხულიგნობისათვის. სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს იმ პირის პასუხისმგებლობას რომელიც უკვე მსჯავრდებული იყო ხულიგნობისთვის. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ დ. ა-ძე, 2006 წლის 31 ივლისს ქობულეთში ჩადენილი ხულიგნობის დროს არ იყო მსჯავრდებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გაუქმების საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვნელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე და 593-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინება არ დაკმაყოფილდეს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.