დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.09.2007
საქმის ნომერი
235საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

235/საზ ქ. თბილისი

14 სექტემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ს. მ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

განაჩენით ს. მ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის.

მსჯავრდებული ს. მ-ნი საჩივრით ითხოვს ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვასა და სასჯელის ათვლისას დაშვებული შეცდომის გასწორებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ს. მ-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რომელთაც მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი.

ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ვინაიდან მსჯავრდებულ ს. მ-ის მიმართ განაჩენის დადგენის შემდეგ აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონი არ შეცვლილა მის სასიკეთოდ, რაც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდებოდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მსჯავრდებულ ს. მ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება სასჯელის ათვლის განსაზღვრას, პალატას მიაჩნია, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის დადგენილებით ს. მ-ნს სწორად განესაზღვრა, ვინაიდან პირად საქმეში არსებული დაკავების ოქმის თანახმად, იგი დაკავებულ იქნა 2005 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში, ქალაქ ბელგოროდში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.