დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹320 საზ. ქ. თბილისი
12 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შ. ს-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”,ª,,გ” ქვეპუნქტებითა და 239-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 26 მარტიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ შ. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
შ. ს-ვს განაჩენით მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის; მანვე ჩაიდინა ხულიგნობა, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ.
მსჯავრდებულ შ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჭ-ლი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლი, როგორც დანაშაულის სპეციალური შემადგენლობა, გაუქმდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ შ. ს-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ შ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რაც ითვალისწინებს ორიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებს (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის), რაც ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ”, “დ” ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ. ს-ის მიერ ჩადენილ სხვა ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მასთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.