შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹328 საზ ქ. თბილისი
29 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი(თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ზ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 31 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 31 მაისის განაჩენით მ. ს-ლი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) 209I მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით, სსკ-ის 133-ე მუხლით, 240-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და სასჯელის ზომად ერთობლივად განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება –სიკვდილით დასჯა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1997 წლის -- ივლისის ¹-- ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულ მ. ს-ლს განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა - შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1994 წლის 7 მარტიდან.
განაჩენით მ. ს-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1994 წლის 15 თებერვალს, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა პოლიციის მუშაკის, თერჯოლის პოლიციის უფროსის - გ. ქ-ის სიცოცხლის ხელყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; მანვე ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცება ყაჩაღური თავდასხმის გზით, აგრეთვე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; მანვე ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა.
მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ზ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 31 მაისის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას 15 წლამდე იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მსჯავრდებულ მ. ს-ლს სიკვდილით დასჯა არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ მ. ს-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან ათ წლამდე ვადით, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 209I მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მ. ს-ლს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.
ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის (ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის) სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე - თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე.
ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. ამრიგად, მ. ს-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, რამდენჯერმე შეიცვალა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მ. ს-ის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას და რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ს-ლს არ შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ს-ლს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 31 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ს-ის მიერ ჩადენილ იმ ქმედებას, რომელთა კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მესამე ნაწილით, 133-ე მუხლით, 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 209I მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ს-ლს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ უნდა იქნეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი, აგრეთვე - 133-ე მუხლით, 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) დანიშნული სასჯელები და სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ზ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას სასჯელის ზომად შეეფარდოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 209I მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ს-ლს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ იქნეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი, აგრეთვე - 133-ე მუხლით, 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) დანიშნული სასჯელები და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.