დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
366-საზ ქ. თბილისი
17 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მაისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:
დ. ხ-უა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 2 (ორი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) თვე და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით მ. დ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) თვე და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მ. დ-ნს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. ხ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) თვე და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მაისის განჩინებით ცვლილება შევიდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის განაჩენში, კერძოდ:
მსჯავრდებულ დ. ხ-ას საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ. დ-ნს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი შEუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით მსჯავრდებულ დ. ხ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება.
მსჯავრდებული დ. ხ-უა საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ დ. ხ-ას პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსი 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ხ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,ბ» და ,,დ» ქვეპუნქტებს (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,ბ» და «დ» ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ხ-ას მიერ ჩადენილ სხვა ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ ქმედებასთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ ზემომითითებული მოტივების გათვალისწინებით, განაჩენი მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართაც უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ხ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მაისის განჩინება მსჯავრდებულების – დ. ხ-სა და მ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.