შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1032აპ. 15 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ქ-ს დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენით ე. ქ-ა დაბადებული, წელს, საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მარტვილის რაიონის სოფელ ..., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, ე. ქიქავას მსჯავრი დაედო ისეთი დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
გნაჩენის მიხედვით ე. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ე. ქ-მ 2006 წლის 3 მაისს შესასრულებლად მიიღო 2006 წლის 2 მაისის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც შექმნა სააღსრულებო საქმე ¹09/06-6-13439. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 7 თებერვალს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ი. ბ-ს სამოქალაქო სარჩელის გამო, რომელიც შეეხებოდა ამ უკანასკნელისა და მისი მეუღლის კ. გ-ს განქორწინებას. ამავე გადაწყვეტილებით კ. გ-ს თავისი შვილის დ. გ-ს სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისრა თანხა 30 ლარის ოდენობით, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდა ერთჯერადად - 50 ლარის ოდენობით. სასამართლო გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2005 წლის 11 ოქტომბრიდან.
ე. ქ-ა გაეცნო რა საქმის მასალებს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 2 მაისის სააღსრულებო ფურცელში კ. გ-ზე დაკისრებული ალიმენტის თანხის გადახდის ათვლის თარიღად მითითებული იყო 2005 წლის 11 თებერვალი. ამავე საქმეში არსებობდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კ. გ-ს მისი შვილის დ. გ-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით 30 ლარის ოდენობით ყოველთვიურად მის სრულწლოვანებამდე უნდა გადაეხადა 2005 წლის 11 ოქტომბრიდან. გადაწყვიტა რა გამოეყენებინა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული მექანიკური შეცდომა, ე. ქ-მ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მოქალაქე კ. გ-ს მიერ ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ნაწილი - 190 ლარის ოდენობით. ამ მიზნით მან კ. გ-ა დაიბარა თავისთან სამსახურში და უთხრა, რომ 2005 წლის 11 თებერვლიდან მას გადასახდელი ჰქონდა ალიმენტის თანხა, რაც 2006 წლის ოქტომბრისათვის მთლიანობაში შეადგენდა 600 ლარს და ასევე სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაზეც კ. გ-მ უპასუხა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მას ალიმენტის თანხა უნდა გადაეხადა 2005 წლის 11 ოქტომბრიდან ნაცვლად 2005 წლის 11 თებერვლისა, რაც მთლიანობაში სახელმწიფო ბაჟის ჩათვლით შეადგენდა 410 ლარს. მიუხედავად ამისა, ე. ქ-ა კვლავ მოტყუებით ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ გადაეხადა თანხა 600 ლარის ოდენობით, როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის სააღსრულებო ფურცელში იყო მითითებული დაშვებული მექანიკური შეცდომის გამო. კ. გ-მ, საეჭვოდ მიიჩნია რა ე. ქ-ს მოთხოვნა, 2006 წლის 30 სექტემბერს განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონცტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სავანეთის რეგიონალურ სამმართველოს და გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, რის შემდეგაც წინასწარი გამოძიების პროცესში, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოხდა ე. ქ-ზე გადასაცემი თანხის სპეციალური ქიმიური ნივთიერებით დამუშავება და კ. გ-ზე გადაცემა. 2006 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელოს-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ე. ქ-მ ქ. ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზ. ¹32-ში, მისსავე სამუშაო კაბინეტის შესასვლელში გამოართვა მოქალაქე კ. გ-ს მის მიერ თაღლითურად მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც დაკავებულ იქნა საქართველოს კონცტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სავანეთის რეგიონალურ სამმართველოსა და დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლების მიერ, რა დროსაც სპეციალური ქიმიური ნივთიერებით დამუშავებული თანხა 600 ლარის ოდენობით - 12 ცალი 50 ლარიანი ნომინალის ბანკნოტი ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. ქ-ს ადვოკატებმა - რ. კ-მა და მ. წ-მ. აპელანტები საჩივრით ითხოვდნენ რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, რასაც ასაბუთებდნენ იმით, რომ საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებანი იმის დასადასტურებლად, რომ ე. ქიქავას განზრახული ჰქონდა კ. გ-ს მიერ გადახდილი თანხის თაღლითურად დაუფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ე. ქ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ე. ქ-ს დამცველმა, ადვოკატმა რ. კ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ე. ქ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აპელანტი ასეთ მოთხოვნას აყენებს შემდეგი მოტივების საფუძველზე: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის შესაბამისად კრედიტორის სასარგებლოდ თანხების გადახდევინება ხდება სასამართლოს მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რაც სავალდებულოა შესასრულებლად აღმასრულებლისათვის, ხოლო სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კი გადახდევინებას ექვემდებარებოდა სწორედ იმ ოდენობის თანხა, რასაც მ. ქ-ა ითხოვდა კ. გ-საგან; თაღლითობის ჩადენა ე. ქ-ს მხრივ გამორიცხული იყო იმიტომაც, რომ კ. გ-მ თავიდანვე იცოდა, რომ სააღსრულებო ფურცელში არასწორად იყო მითითებული კრედიტორის სასარგებლოდ მის მიერ გადასახდელი იმ თანხის გადახდის ვადის ათვლის საწყისი დრო, რომლის გადახდაზეც იგი უარს აცხადებდა; ამასთან, უტყუარად არის დადგენილი: როდესაც კ. გ-მ პრეტენზია გამოთქვა გადასახდელი თანხის ოდენობაზე, მას ე. ქ-მ უთხრა, რომ მიემართა სასამართლოსათვის შეცდომის გასასწორებლად, რის შემდეგაც შესწორებული სააღსრულებო ფურცელი მისთვის მიეტანა და თანხის გადახდევინებაც ამ უკანასკნელის შესაბამისად მოხდებოდა; საქმეში არ არსებობს რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე. ქ-ს მოქმედებაში თაღლითობის ჩადენის განზრახვისა და მიზნის არსებობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ედემ ქიქავას მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძვლიანი და დასაბუთებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ე. ქ-ს არ ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა თაღლითობის განზრახვა, რადგან შექმნილი ვითარების გარემოებები თავიდანვე გამორიცხავდა მოტყუების შესაძლებლობას და ეს გარემოებები იმთავითვე ცნობილი იყო კ. გ-სათვის, რის შესახებაც იცოდა ე. ქ-მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ე. ქ-ს ქმედებაში არ არსებობს თაღლითობის შემადგენლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოთხოვნას ე. ქ-ს უდანაშაულოდ ცნობის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რადგან საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების შედეგად სარწმუნოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, აშკარად მიუთითებენ ე. ქ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ნიშნების არსებობაზე, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ე. ქ-ს მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში: მან ისე დაიტოვა კ. გ-ს მიერ მისთვის გადაცემული თანხა _ 600 ლარი, რომ არ აცნობა ამ უკანასნელს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურების შესრულების აუცილებლობაზე, რაშიც მონაწილეობა უნდა მიეღო კ. გ-საც თავისი ინტერესების დასაცავად და რაც მის უფლებას წარმოადგენდა. საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის მიხედვით სააღსრულებო მოქმედების შესრულებისას სასამართლო აღმასრულებელმა უნდა შეადგინოს სათანადო ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: მისი შედგენის ადგილი და დრო; სასამართლო აღმასრულებლისა და იმ პირების ვინაობა, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას; სააღსრულებო საბუთის დასახელება, რომლის მიხედვით ხდება აღსრულება; კრედიტორისა და მოვალის დასახელება; სააღსრულებო მოქმედებსი შესრულების საგანი (მოცემულ შემთხვევაში კ. გ-ს მიერ გადაცემული თანხა და მისი ოდენობა). ამასთან, იმავე კანონის თანახმად, ოქმს ხელი უნდა მოაწეროს სასამართლო აღმასრულებელთან ერთად კრედიტორმა და მოვალემ, ხოლო მოვალეს უნდა გადაეცეს ოქმის ასლი. მოვალის, ე.ი. კ. გ-ს ეს უფლება უხეშად იქნა დარღვეული ე. ქიქავას მიერ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურის შეუსრებლობით.
ამავე დროს, ე. ქ-ს აღნიშნული ქმედებით არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებსაც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ინტერესია სახელმწიფო აპარატის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიცაა სააღსრულებო სამსახური, რომელსაც არსებითი შეხება აქვს ფიზიკური პირებისა თუ იურიდიული პირების მნიშვნელოვან ქონებრივ ინტერესებთან, მუშაობდეს გამართულად, სამართლებრივ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად და იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გარანტი.
განხილული გარემოებები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ე. ქ-ს ბრალდების საქმეზე განაჩენის დადგენისას დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევა, კერძოდ, სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება _ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც განაჩენის შეცვლის საფუძველია.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ქ-მ ზემოხსენებული ქმედებით, როდესაც მან ყოველგვარი სავალდებულო პროცედურების შესრულების გარეშე მიიღო და დაიტოვა კ. გ-ს მიერ მისთვის გადაცემული თანხა _ 600 ლარი, აშკარად გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა როგორც ფიზიკური პირის _ კ. გ-ს უფლებებს, ასევე სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს, რის გამოც მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჩადენილი დანაშაულისათვის ედემ ქიქავას მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: იგი პირველად არის სამართალში, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული და მისი პიროვნება ხასიათდება დადებითად, რომელთა გათვალისწინებით, მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციის მიზნით, საკასაციო პალატა საკმარისად თვლის, რომ მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალტა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ ე. ქ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ქ-ს დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ე. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.