განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 25.07.2008
საქმის ნომერი
2კ-1565აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.07.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

1565აპ ქ. თბილისი

25ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-სა და მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ---- წლის ----მარტის განაჩენით ნ. კ., _ დაბადებული --- წლის -- მაისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, 372-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ასევე _ მოწმის მოსყიდვისა და იძულების მცდელობა ცრუ ჩვენების მიცემისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნ. კ-მ 1997 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში თავის ძმასთან, რ. ჩ-სთან ერთად, სხვისი ქონების მოტყუებით, ერთობილივად დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა მყარი ორგანიზებული ჯგუფი, რის შემდეგაც 1997 წლის 6 ნოემბრიდან 1998 წლის 14 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში რ. ჩ-სთან ერთად დაეუფლა:

1997 წლის 6 ოქტომბრის ¹544 ხელშეკრულებით _ 6 000 აშშ დოლარს;

1997 წლის 20 დეკემბრის ¹673 ხელშეკრულებით _ 2 250 აშშ დოლარს;

1997 წლის 26 დეკემბრის ¹678 ხელშეკრულებით _ 21 000 აშშ დოლარს;

1997 წლის 27 დეკემბრის ¹680 ხელშეკრულებით _ 2 000 აშშ დოლარს;

1998 წლის 18 იანვრის ¹739 ხელშეკრულებით _ 2 900 აშშ დოლარს;

1998 წლის 7 თებერვლის ¹759 ხელშეკრულებით _ 5 000 აშშ დოლარს;

1998 წლის 9 თებერვლის ¹763 ხელშეკრულებით _ 6 000 აშშ დოლარს;

1998 წლის 9 თებერვლის ¹773 ხელშეკრულებით _ 2 000 აშშ დოლარს;

1998 წლის 20 თებერვლის ¹777 ხელშეკრულებით _ 2 000 აშშ დოლარს;

1998 წლის 13 მარტის ¹814 ხელშეკრულებით _ 650 აშშ დოლარს;

1998 წლის 14 მარტის ¹747 ხელშეკრულებით _ 75 000 აშშ დოლარს;

1998 წლის 13 აპრილის ¹843 ხელშეკრულებით _ 6 000 აშშ დოლარს;

1998 წლის 28 ივნისის უნომრო ხელშეკრულებით _ 1 500 აშშ დოლარს;

1998 წლის 14 სექტემბრის უნომრო ხელშეკრულებით _ 1 000 აშშ დოლარს.

სულ იგი დაეუფლა 133 000 აშშ დოლარს, რომელიც ეკუთვნოდა ე. ჯ-სა და სპს „-----» არსებულ ლომბარდის მეანაბრეებს.

ასევე ნ. კ. 1998 წლის 24 ივნისს მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რ. ჩ-სთან ერთად, დაეუფლა ე. ჯ-ს კუთვნილ 33 910 აშშ დოლარის ღირებულების, 24 დასახელების ოქროს ნივთებს და ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებულ, სპს „----------» არსებულ ლომბარდის მეანაბრეთა 25 258 აშშ დოლარის ღირებულების, 85 დასახელების ოქროს ნივთებს.

იგი ასევე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დაეუფლა ჯ. გ-ის 2 500 აშშ დოლარს, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე 2004 წლის 25 იანვარს ქ. ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, მოწმე ლ. დ-ს მოსყიდვის მიზნით, ცრუ ჩვენების მიცემისათვის შესთავაზა 500 აშშ დოლარი.

მანვე 2005 წლის 12 ივნისს ქ. ბათუმში, ბ-ს ქუჩაზე, მუქარით, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდა, ჩაიდინა მოწმე ლ. დ-ს იძულება ცრუ ჩვენების მიცემისათვის.

აღნიშნული ქმედებისათვის ნ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; საბოლოოდ ნ. კ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 6 თვე და 17 დღე, ხოლო სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ნ. კ-ს დაზარალებულ ჯ. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2500 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. მ-მ, დაზარალებულმა ჯ. გ-მა და მისმა წარმომადგენელმა რ. პ-მა, დაზარალებულმა ლ. დ-მ, დაზარალებულმა ე. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-მა და მსჯავრდებულმა ნ. კ-მ.

პროკურორმა გ. მ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ნ. კ-სათვის სასჯელის დამძიმება და 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე _ მსჯავრდებულისათვის დაზარალებულ ე. ჯ-ს სასარგებლოდ 126 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

დაზარალებულმა ჯ. გ-მა და მისმა წარმომადგენელმა რ. პ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება და დაზარალებულ ჯ. გ-ს სასარგებლოდ 7 000 აშშ დოლარის დაკისრება.

დაზარალებულმა ლ. დ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ნ. კ-სათვის საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელის დამძიმება და ამ ნაწილში მისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

დაზარალებულმა ე. ჯ-მ და მისმა ადვოკატმა რ. ხ-მა სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს ნ. კ-სათვის სასჯელის საბოლოო ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა; ე. ჯ-ს სარჩელის დაკმაყოფილება და ნ. კ-სთან ერთად ნ. ჩ-სათვის სოლიდარულად 126 000 აშშ დოლარის დაკისრება; მოწმე ქ. უ-ს სს პასუხისგებაში მიცემა საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის შესაბამისად; განაჩენში მითითებული „-------» შეცვლა „დაზარალებული სპს „-----» ლომბარდ ¹----- დირექტორ ე. ჯ-თ»; ასევე ითხოვეს, არ მოხსნილიყო ყადაღა ი. ჩ-ს სახლსა და მიწის ნაკვეთზე.

მსჯავრდებულმა ნ. კ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ნ. კ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრი; ნ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტზე, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან _ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტზე; ნ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2003 წლის 31 მაისიდან 2003 წლის 15 დეკემბრამდე, სულ _ 6 თვე და 17 დღე და სასჯელის ვადა აეთვალა 2007 წლის 2 აპრილიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ დაზარალებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ხ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ნ. კ-ს მიმართ უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნ. კ-ს არასწორად ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტი და არასწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება, ასევე არასწორად გამოიყენა სასჯელის ზომა და სახე; ნ. კ-ს ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი; ე. ჯ. დაზარალებულად ცნობილია, როგორც ფიზიკური პირი, მაგრამ იგი ასევე უნდა ყოფილიყო დაზარალებულად ცნობილი, როგორც იურიდიული პირის _ სპს „-----» დირექტორი; სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა სამოქალაქო მოსარჩელის სარჩელი განუხილველად, ამიტომ განაჩენი ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

კასატორის აზრით, განაჩენი ნ. კ---ს მიმართ უსამართლოა, რადგან მან წლების მანძილზე არ აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი, არ შეურიგდა დაზარალებულს, არ აღიარა დანაშაული, პირიქით, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეთა მოსყიდვასა და იძულებას, დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რის გამოც აღძრულია კერძო ბრალდების საქმე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი რ. ხ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მიზნით.

მსჯავრდებული ნ. კ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან არ არის გამოტანილი საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონების მოთხოვნათა დაცვით; განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან მისი დასკვნები არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო განაჩენის დასაბუთებული დასკვნები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება; განაჩენი უსამართლოა იმდენად, რამდენადაც სასჯელი შეეფარდა უდანაშაულო ადამიანს.

მსჯავრდებული ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2000 წლის 4 დეკემბერს; სს საქმის აღძვრის საფუძველი გახდა ის, რომ 2000 წლის 23 მაისს ე. ჯ-მ სპს „------» დირექტორის სახელით სარჩელი შეიტანა სასამართლოში და სარჩელის დასასაბუთებლად მან სასამართლოს წარუდგინა ყალბი ხელშეკრულებები, მათ შორის _ ხელშეკრულება დაზარალებულად ცნობილ ჯ. გ-თან 1000 აშშ დოლარზე; სასამართლომ ოქროს სამკაულების ნაწილში სარჩელი განუხილველად დატოვა და მასალები შესასწავლად გადაეგზავნა აჭარის პროკურატურას; ამ მასალების საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა 2001 წლის 2 ივლისამდე, შემდეგ კი შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო; გამოძიებამ საქმე ნ. კ-ს მიმართ შეწყვიტა მარეაბილიტირებელი საფუძვლით; შეწყვეტის დადგენილება გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; დამატებითი გამოძიება მიმდინარეობდა ტენდენციურად, საპროცესო კანონის იგნორირებით, ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დარღვევით; მოცემულ საქმეზე არასწორად არის სისხლის სამართლის კანონი გამოყენებული; სადისკუსიო შეიძლება აღმოჩნდეს ის მოსაზრება, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთრება არ შეიძლება განვიხილოთ 1960 წლის რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის გაგებით არსებულ საზოგადოებრივ საკუთრებად; კანონმდებელი საუბრობდა საკუთრების იმგვარ ფორმაზე, როდესაც არც ერთ წევრს ინდივიდუალური წილი არ ერგებოდა, თავისი შეხედულებისამებრ ვერავინ ვერ ფლობდა, განკარგავდა ან\და ასხვისებდა; ამგვარი საზოგადოებრივი საკუთრება არ შედგებოდა მესაკუთრეთა ინდივიდუალური, წილობრივი შენატანებისაგან იმ უბრალო მიზეზით, რომ 1960 წლის რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსი კერძო საკუთრების ტერმინს არც კი იყენებდა, კანონი იცნობდა მხოლოდ პირად საკუთრებას; დადგენილია, რომ სპს „--------» სათანადოდ რეგისტრირებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი _ ლომბარდი ¹------ არასოდეს ჰქონია; საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ე.ჯ. უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გადაურჩა მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

კასატორის განმარტებით, საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსი თაღლითობისათვის (180-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აწესებდა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2000 წლის 31 მაისამდე მოქმედი _ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს სასჯელს ან არ აუქმებს ქმედების პასუხისმგებლობას, უკუქცევითი ძალა არა აქვს; ეს ნორმა ნ. კ-ს მიმართ იგნორირებულია.

არასწორადაა გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი ჯ. გ-ს ეპიზოდშიც; საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; სასამართლო ვალდებული იყო, ორივე შემთხვევაში სწორად გამოეყენებინა კანონი, კანონის არასწორი გამოყენება კი განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია (აბსოლუტური კასაცია); მოცემულ საქმეში ასევე არასწორი განმარტება მიეცა სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალურ კანონებს, რაც გამოიხატება თაღლითობის ცნების არასწორ აღქმაში, პროცესის მონაწილეთა გამომრიცხავ გარემოებათა უზუსტო გაგებაში და ტერიტორიული ქვემდებარეობის დარღვევის სამართლებრივი შედეგების გაუთვითცნობიერებაში; მსჯავრდებულმა სხვადასხვა დროს ე. ჯ-საგან სათანადო საპროცენტო სარგებლის განსაზღვრით რამდენჯერმე ისესხა ფული; თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების გამო წამოჭრილი პრობლემური საკითხების მოსაწესრიგებლად ნ. კ-მ 1998 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში ვალის დაფარვის მიზნით ე. ჯ-ს გადაუხადა ვალი უძრავი და მოძრავი ფასეულობების გადაცემის გზით, სულ დაახლოებით 92 300 აშშ დოლარი ნაღდი ფულის, ასევე უძრავი და მოძრავი ქონების სახით; ე. ჯ-მ გაასხვისა, ანუ გადააგირავა ლომბარდის მსესხებელთა ოქროს სამკაულები სხვა ლომბარდში, რისი უფლებაც მას არც სამოქალაქო და არც სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ ჰქონდა; ამ ფაქტის გამო რა ხერხით გადაურჩა სისხლისსამართლებრივ დევნას ე. ჯ., გაურკვეველია; საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. კ-ს ე. ჯ-ს საკუთრების მართლსაწინააღმდეგოდ და უსასყიდლოდ დაუფლების განზრახვა არასოდეს ჰქონია; სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებისათვის მსჯავრდებულმა მას სხვა ფასეულობებთან ერთად თავისი საცხოვრებელი ბინაც კი გადასცა.

ამრიგად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი გააზრებით ნ. კ-ს ქმედებაში არ მოიპოვება თაღლითობის ნიშნები, არსებულ სესხს იგი აბრუნებდა როგორც ძირითადი თანხის, ისე საპროცენტო სარგებლის სახითაც; ოქროს სამკაულების გადასარჩენად ის სისტემატურად იხდიდა შესაბამის პროცენტებს; ე. ჯ. ცხოვრობს და საკუთრების უფლებით განაგებს ნ. კ-ს ბინას; ე. ჯ. 1997 წლიდან ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას, თაღლითობას, სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და ცრუ მეწარმეობას; გამომძიებელმა ს. გ-მ მას შეუწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა ფირმა „ჩაოს» ლომბარდის საქმიანობით სხვისი ქონების თაღლითობით დაუფლებისათვის; იგი ამჟამადაც მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თაღლითობისათვის.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასარჩელო განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ ე. ჯ. ნ. კ-საგან მოითხოვს 92 დასახელების ოქროს სამკაულს, ღირებულს დაახლოებით 35 000 აშშ დოლარად; გამოძიების დაწყების შემდეგ ე. ჯ-ს აღარაფერი გადაუცია ნ. კ-სათვის, მეტიც, მას დაუბრუნდა, სულ მცირე, 17 დასახელების ოქროს სამკაული; იმის ნაცვლად, რომ სამკაულების რაოდენობა შემცირებულიყო 75-მდე, პირიქით, გაიზარდა 109-მდე; სასამართლო გამოძიება მოცემულ საქმეზე მიმდინარეობდა პროცესის მონაწილეთა გამომრიცხავი გარემოებებით; პროკურორი გ. მ. თავის მოსაზრებებს გამოთქვამდა ჯერ კიდევ სასამართლო გამოძიების მიმდინარეობისას, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა; პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეს იხილავდა მოსამართლე, რომელიც დაზარალებულის ადვოკატ რ. ხ-თან ერთად იმყოფებოდა ახლო მეგობრულ ურთიერთობაში და წარსულში _ კომერციულ ერთეულში პარტნიორულ ურთიერთობაში; მოსამართლე როინ კახიძე მხილებულ იქნა ერთ-ერთ ქორწილში დაზარალებულ ე. ჯ-სთან პრივატულ საზოგადოებაში, ამიტომ დაცვამ საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით დააყენა მოსამართლის აცილების საკითხი, თუმცა მან აცილება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ დაზარალებულთან პრივატული ურთიერთობა ჰქონდა დროის მცირე მონაკვეთში და ისიც _ სამსახურებრივი მოვალეობებისაგან თავისუფალ დროს, ხოლო ადვოკატ რ. ხ-თან ახლო მეგობრული ურთიერთობა მას ხელს არ უშლის საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში; სააპელაციო სასამართლომ გამოხატა არაობიექტურობა, როდესაც თვითნებურად მიანიჭა პროცესში მოწმედ ჩაბმულ რ. პ-ს დაზარალებულ ჯ. გ-ს წარმომადგენლის უფლება.

კასატორის განმარტებით, ნ. კ-ს ბრალდების საქმეზე 2005 წლის 14 აპრილიდან წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა ტერიტორიული ქვემდებარეობის დარღვევით; საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია იმ თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის, შეკრიბოს მტკიცებულებანი ამ საქმეზე; ვინაიდან არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურორის ანდა აჭარის ა\რ-ის პროკურორის წერილობითი მითითება, ხელვაჩაურის შს რაიგანყოფილების გამომძიებელი არ იყო უფლებამოსილი, ეწარმოებინა გამოძიება და შეეკრიბა მტკიცებულებები; ამიტომ ნ. კ-ს სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებულ უნდა იქნეს ხელვაჩაურის შს რაიგანყოფილების გამომძიებლის მიერ მოპოვებული ყველა საბუთი და დოკუმენტი; დაზარალებულ ჯ. გ-ს ჩვენებით, მას თანხა მოსთხოვა ე. ჯ-მ და სწორედ მას შეუტანა ბინაში 1000 აშშ დოლარი; რადგან ეს თანხა მაგიდიდან აიღო ნ. კ-მ, ამიტომ ის თაღლითია; „ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს»; რაც შეეხება ლ. დ-ს ეპიზოდს, იგი ნ. კ-სათვის საზიანო რაიმე ინფორმაციას გამოძიებას თუ სასამართლოს არ აწვდის და ამ მარტივი მიზეზის გამო მსჯავრდებულს ლ. დ-სათვის არც 500 აშშ დოლარი შეუთავაზებია და არც ფიზიკური გასწორებით დამუქრებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ნ. კ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ. კ-ს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ე. ჯ-მ გამოიყენა ყალბი ხელშეკრულებები, რომლებზე მითითებითაც ითხოვდა 95 150 აშშ დოლარის გადახდას.

სააპელაციო სასამართლოში თავად ნ. კ-მ მიუთითა, რომ მას და ე. ჯ-ს ნამდვილად ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც საქმეშია და მან მართლაც მიიღო ამ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები, თუმცა ფულის დიდი ნაწილი, მათ შორის _ პროცენტიც დაუბრუნა ე. ჯ-ს. მსჯავრდებულმა ასევე მიუთითა, რომ მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ მსხვილი ბიზნესი, რაც იცოდა ე. ჯ-მ და ცდილობდა, როგორმე დაუფლებოდა ნ. კ-ს ქონებას. ამისათვის ე. ჯ-მ ყველა ღონე იხმარა და დაითანხმა ნ. კ., რათა მისგან შეღავათიანი პირობებით აეღო სესხი

დაზარალებულ ე. ჯ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ. კ. და მისი თანამზრახველი არწმუნებდნენ, რომ ჰქონდათ მსხვილი ბიზნესი და იყვნენ წარმატებული მეწარმეები, რის დასამტკიცებლადაც აჩვენებდნენ თითქოსდა მათ ბიზნესობიექტებს. ამასთან, ნ. კ. ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდისათვის სთხოვდა თანხას. ე. ჯ-ს განცხადებით, იგი შეცდომაში შეიყვანა ნ. კ-მ, რომელსაც გადასცა თავისი და ლომბარდის მეანაბრეთა ფული და ძვირფასეულობა _ 133 000 აშშ დოლარი და 59.168 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთები. როგორც შემდეგ დადგინდა, ნ. კ-სა და მის თანამზრახველს არანაირი ბიზნესი არ ჰქონდათ, მათ შორის _ არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა ე. ჯ-მ შეიტყო, რომ ნ. კ. ლ-ს მეანაბრეთა ოქროს ნივთებს ჰყიდდა დაბალ ფასად .

დაზარალებულ ლ. დ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ. კ. ე.წ. ,,ოქროს ბირჟაზე" ჰყიდდა ოქროს ნივთებს. მეორე დღეს ე. ჯ-საგან შეიტყო, რომ ეს ნივთები ეკუთვნოდა დაზარალებულს. ნ. კ. მოსყიდვითა და მუქარით აიძულებდა ლ. დ-ს, მიეცა ცრუ ჩვენება .

მსჯავრდებული თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ვალის დაფარვის მიზნით ე. ჯ-სა და მის მევალეებს გადასცა უძრავი და მოძრავი ნივთები, მათ შორის _ ბინები და გემი.

დაზარალებულმა ე. ჯ-მ მიუთითა, რომ თავისი აქტიური მოქმედებით დაიბრუნა ფულისა და ძვირფასეულობის ნაწილი ნივთების სახით, მაგრამ ნ. კ-ს დასაბრუნებელი აქვს 126 000 აშშ დოლარი.

თავად ნ. კ. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში აცხადებს, რომ ე. ჯ-მ ბინა და გემი ,,წაიღო მისით... წაართვა ბინა, გაუყიდა და ჯართში ჩააბარა გემი", რისი უფლებაც არ ჰქონდა და ამიტომ თავადაა თაღლითი .

ის გარემოება, რომ ე. ჯ-მ ,,ავად თუ კარგად", როგორც ამას უწოდებს ნ. კ. თავის საჩივარში, მიიღო გარკვეული ნივთები, არ გამორიცხავს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებობას და მოცემულ შემთხვევაში ამ გარემოებას ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

უსაფუძვლოა ნ. კ-ს მითითება იმის შესახებ, რომ არასწორადაა გამოყენებული მატერიალური კანონი, რაც სსსკ-ის 562-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია. იგი ასევე მიუთითებს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე.

პალატა აღნიშნავს, რომ მატერიალური კანონის არასწორი გამოყენება არ წარმოადგენს განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველს. ამგვარი საფუძვლები მითითებულია სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილში. ამასთან, ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 153-ე მუხლი ამოღებულ იქნა 1997 წლის 17 ოქტომბრის ცვლილებით და თაღლითობას ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 93-ე მუხლი, რომელზეც მართებულად მიუთითებს სააპელაციო პალატა თავის განაჩენში.

ამასთან, ნ. კ-ს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა ჯ. გ-ს სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან ნ. კ. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ადვოკატ რ. ხ-ს მოთხოვნას სამოქალაქო სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მოტივით გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების შესახებ. უსაფუძვლოა ასევე მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განუხილველად დაეტოვებინა სამოქალაქო სარჩელი. ამგვარი უფლება სასამართლოს ჰქონდა სსსკ-ის 505-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად და პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სარჩელის განუხილველად დატოვების მოტივი. ამ საკითხზე ამომწურავად და სწორად იმსჯელა სააპელაციო პალატამ.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება ფაქტობრივად არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს დაზარალებულის ადვოკატის საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ამორიცხა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება ყოველთვის არ მოიცავს მნიშვნელოვან ზიანს. მოცემულ შემთხვევაში ნ. კ-ს ქმედება იმის გამო დაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითაც (თაღლითობა არაერთგზის), რომ ნ. კ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჯ. გასპარიანის 2500 აშშ დოლარსაც, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. რაც შეეხება ე. ჯ-ს თაღლითურად დაუფლებულ ნივთებს, საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, ამ ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ერთიან მიზანსა და საერთო განზრახვას.

რამდენადაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დიდი ოდენობით თაღლითობასთან ერთობლიობაში ნ. კ-ს ზედმეტად აქვს წარდგენილი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი, მას მსჯავრდებული არ გაუმართლებია მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით ჩადენილი თაღლითობის ბრალდების ეპიზოდში.

აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას და პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს და სასჯელი დაინიშნოს მხოლოდ ამ მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილით, სააპელაციო პალატას საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ადვოკატის საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს დაენიშნა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ გამოიკვლიეს და შეაფასეს ნ. კ-ს მახასიათებელი მტკიცებულებები, გაითვალისწინეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეც და მსჯავრდებულს დაუნიშნეს სამართლიანი სასჯელი, რომელიც პასუხობს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ მიზნებსაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატამ დაადგინა დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა (რამაც შეზღუდა პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე).

ამდენად, გარდა მსჯავრდებულისათვის ჯ. გ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილისა, გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

დაზარალებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-სა და მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენი გაუქმდეს ნ. კ-სათვის დაზარალებულ ჯ. გ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.