განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
1591აპ ქ. თბილისი
24 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ შ. დ-სა და ი. დ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენზე შ. დ-ს, ი. დ-სა და ს. ქ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
1. შ. დ., _ დაბადებული ---- წლის -- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „დ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად; ასევე _ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება;
2. ი. დ., _ დაბადებული ----, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „დ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად; ასევე _ დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება;
3. ს. ქ., _ დაბადებული ----- , საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» და „გ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის ივლისში შ. დ. დაუკავშირდა ი. დ-ს და დაუდგენელ პირებს. მათ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე განიზრახეს, მოეხდინათ ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. 2005 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, ი. დ. მივიდა ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „დიდუბის» გასასვლელთან, სადაც მძღოლი თ. ზ. თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ფორდ-ესკორტით» ელოდებოდა მგზავრებს. ი. დ. მივიდა მასთან და სთხოვა გორში წაყვანა. ისინი შეთანხმდნენ თანხაზე. ი. დ-მა მძღოლს იქვე გადაუხადა 30 ლარი, ხოლო გორში ჩასვლის შემდეგ კიდევ უნდა გადაეხადა 10 ლარი. მისი მითითებით, დაახლოებით 23 საათზე ისინი მივიდნენ გორის რაიონის სოფელ თორტიზაში, სადაც, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ი. დ-მა თ. ზ-ს გააჩერებინა მანქანა, გადავიდა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა მძღოლის მხარეს გააღეს ავტომანქანის კარი, იგი მუქარითა და ძალადობით გადმოათრიეს და უბრძანეს, არ ეყვირა, თორემ მოკლავდნენ, შეუკრეს ხელ-ფეხი, წაართვეს ფული _ 15 ლარი, 100 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, ავტომანქანის მართვის მოწმობა, მანქანის პასპორტი და მანქანა, ღირებული 5000 ლარად, რომელიც დაშალეს მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
2005 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, შ. დ. ავტომანქანა „ვაზ-2106-ით», რომელსაც თვითონ მართავდა, იმყოფებოდა გორის რაიონი სოფელ მეჯვრისხევში, სადაც გ. ბ. ყიდდა გოჭებს თავისი კუთვნილი ავტომანქანა „გაზელის» ძარადან. შ. დ. მივიდა მასთან და სთხოვა, მიეყიდა მისთვის სამი გოჭი 100 აშშ დოლარად, რაზეც გ. ბ-მა უარით უპასუხა. შ. დ-მა თავისთან მყოფ ს. ქ-ს უთხრა, რომ ასულიყო მანქანის ძარაზე და აერჩია გოჭები. ს. ქ-მა აარჩია გოჭები და ჩასვა შ. დ-ს ავტომანქანის საბარგულში. შ. დ. ამ დროს აგრძელებდა საუბარს გ. ბ-თან, რომელსაც სთხოვა, რომ თავად შეერჩია და ჩამოეყვანა მისთვის მესამე გოჭი. როდესაც გ. ბ. ავიდა ძარაზე, შ. დ. და ს. ქ. ჩასხდნენ მანქანაში და აშკარად გაიტაცეს ორი გოჭი, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენეს 220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2005 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე, წინასწარი შეთანხმებისამებრ, შ. დ. მივიდა თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ტაქსების სადგომზე, სადაც ნახა „მერსედეს-ბენც ------», რომელსაც მართავდა ი. მ.. შ. დ. მას მოურიგდა 40 ლარად გორის რაიონის სოფელ თორტიზაში წაყვანაზე. აღნიშნულის შემდეგ ის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავის თანამზრახველებს ავტომანქანის ნახვისა და ჩაყვანის შესახებ, რათა ისინი დახვედროდნენ შეთანხმებულ ადგილას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად შ. დ-მა დაახლოებით 23 საათზე ი. მ. მანქანით მიიყვანა სოფელ თორტიზაში და მანქანა გააჩერებინა თანამზრახველებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე. ავტომანქანის გაჩერებისთანავე მან გააღო კარი და დაიძახა _ „მამა, სად ხარო»; დაძახებისთანავე მანქანასთან მივიდნენ მისი თანამზრახველები _ ორი ნიღბიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი. მათ ძალადობითა და ასეთის გამოყენების მუქარით ი. მ. გადაიყვანეს ავტომანქანიდან, შეუკრეს ხელ-ფეხი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მისი ავტომობილი, ღირებული 22 ათას ლარად, 80 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, 200 ლარად ღირებული მაჯის საათი, ფული 70 ლარის ოდენობით, შავი კანაფის ავგაროზი ღირებულების გარეშე, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და ი. მ.-ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2004 წლის 18 სექტემბერს ი. დ. დაუკავშირდა ძიებით დაუდგენელ ოთხ პირს და განიზრახეს, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოეხდინათ ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი მივიდნენ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მცხ. თ. გ-ს საცხოვრებელ ბინაში. ორი პირი დარჩა ეზოში, ხოლო დანარჩენი სამი მივიდა ბინის კართან და დაიწყო ფეხით მისი შემტვრევა. ხმაურზე გაეღვიძა მ. გ-ს და დაუძახა დედას, რომ ყაჩაღურად თავს დაესხნენ. ბოროტმოქმედებმა შეამტვრიეს კარი და შევიდნენ ბინაში. ერთ-ერთმა ნიღბიანმა ორლულიანი გადაჭრილი თოფის ტარი ჩაარტყა თავში მ. გ-ს და უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყო, თან დაერყდნო მისი შვილის საწოლს. საწოლი ჩაიმტვრა და ყაჩაღი ძირს დავარდა. მ. გ-მა დრო იხელთა და მაგიდაზე დადებული თეფში მას თავში ჩაარტყა. ამავე დროს მან დაინახა ოთახის შესასვლელ კართან დაჩოქილი მამამისი _ თ. გ., რომელსაც თავზე ედგა სახეზე ნიღაბჩამოფარებული, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, რომელმაც თ. გ-ს თავში ჩაარტყა იარაღის ტარი. ამით აღელვებულმა მ. გ-მა ხელში აიღო კედელზე მიყუდებული სარკე და ჩაარტყა ბოროტმოქმედს, რომელსაც სახიდან სისხლი წამოუვიდა და გარეთ გავიდა. მას უკან გაჰყვა მეორე თავდამსხმელიც, რომელსაც დაედევნა თ. გ. და უკნიდან ხელით დაიჭირა. ამ დროს მასთან მივიდა ვ. გ. და სახიდან ნიღაბი ჩამოხსნა, ხოლო მ. გ-მა აიღო იატაკის საწმენდი ჯოხი და ორჯერ ჩაარტყა თავში ბოროტმოქმედს. ამ დროს ეზოს კართან მდგარმა მესამე პირმა სამჯერ გაისროლა ჰაერში და ოჯახის წევრებს უთხრა, ხელი გაეშვათ მისი თანამზრახველებისათვის. თ. გ-მა შეასრულა მისი მოთხოვნა და ერთ-ერთს ხელი გაუშვა, რომელიც გაიქცა ეზოს კარისაკენ, შემდეგ შეტრიალდა და გადაჭრილი ორლულიანი თოფი დაუმიზნა მ. გ-ს, თუმცა არ უსვრია. ამავე დროს მ. გ. მივიდა კართან მდგარ ერთ-ერთ თავდასხმელთან და სახიდან ნიღაბი ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები მიიმალნენ.
2005 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ი. დ. მივიდა თბილისში, რკინიგზის სადგურთან არსებულ „ოქროს ბირჟასთან», სადაც გაჩერებული იყო გ. ა. თავისი ავტომანქანა „ვაზ-2107-ით» და ელოდებოდა მგზავრებს. ი. დ-მა მას სთხოვა გორის რაიონის სოფელ კვარხეთში წაყვანა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მგზავრი ტაქსის მძღოლს თბილისში გადაუხდიდა 20 ლარს, ხოლო ადგილზე ჩასვლის შემდეგ _ 40 ლარს და წავიდნენ სოფელ კვარხეთში. როდესაც მივიდნენ სოფელთან, ი. დ-მა მინდვრის განაპირას გააჩერებინა მძღოლს მანქანა, გადავიდა და მინდორში მომუშავე ხალხს ჰკითხა, ხომ არ შეუნიშნავთ ორი ახალგაზრდა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. შემდეგ ისე ჩაჯდა მანქანაში, მძღოლს უთხრა, რომ ასცდა თავის მეგობრებს და ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. გ. ა-მა მოაბრუნა ავტომანქანა და წავიდნენ უკან. დაახლოებით 500 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ, სავალი გზის დეფექტის გამო, მან შეანელა მოძრაობა, ამ დროს ბუჩქებიდან მოულოდნელად გამოხტა სახეზე ნიღაბჩამოფარებული და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, ძიებით დაუდგენელი ორი პირი, რომლებიც წინ გადაუდგნენ მანქანას. იმავდროულად ი. დ-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით მოსთხოვა გ. ა-ს მანქანიდან გადასვლა. ის ძალით გადაიყვანეს, გაჩხრიკეს და ჯიბიდან ამოაცალეს მანქანის საბუთები, ფული _ 24 ლარი და მობილური ტელეფონი. მძღოლი იქვე დატოვეს, ხოლო ბოროტმოქმედები ჩასხდნენ ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2005 წლის 28 დეკემბერს ი. დ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა ძიებით დაუდგენელ ორ პირს. მათ განიზრახეს ჯგუფური ყაჩაღობის ჩადენა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს, დაახლოებით 11 საათზე, ი. დ. მივიდა ქ. გორში, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სატვირთო ავტომანქანების სადგომზე, სადაც ნახა ავტომანქანა „კამაზი------», რომლის მძღოლ ი. გ-ს უთხრა, რომ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის სიახლოვეს შეგროვილი ჰქონდა ჯართი და უნდოდა მისი გორში ჩატანა, რაშიც გადაუხდიდა მას გარკვეულ თანხას. ი. გ. თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაჰყვა ი. დ-ს ჯართის ჩამოსატანად. დაახლოებით 12 საათზე ისინი მივიდნენ სოფელ მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის სიახლოვეს მდებარე, მიტოვებულ ერთსართულიან შენობასთან. ი. დ-მა მძღოლს გააჩერებინა მანქანა, რა დროსაც შენობიდან გამოვიდა სახეზე ნიღაბაფარებული, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ძიებით დაუდგენელი ორი პირი, რომლებმაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მანქანიდან გადაიყვანეს ი. გ. და შეიყვანეს შენობაში, სადაც ე.წ. „სკოჩით» აუხვიეს პირი, შეუკრეს ხელები, დააგდეს იქვე, ოთახში და გაიტაცეს 12000 ლარად ღირებული მანქანა „კამაზი-----», 120 ლარი, 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გორის შს რაიონული სამმართველოს განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღური გზით გატაცებული ზემოაღნიშნული ავტომანქანა მიტოვებული ნახეს ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ღრომში.
2006 წლის 4 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, ი. დ. ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა გორში, საკოლმეურნეო ბაზრის წინ მდებარე ტაქსების სადგომზე, სადაც მძღოლი გ. ს. თავისი ავტომანქანა „ბმვ-----ით» ელოდებოდა მგზავრებს. ისინი მივიდნენ მძღოლთან და სთხოვეს გორის რაიონის სოფელ კვარხეთში წაყვანა, შეთანხმდნენ თანხის გადახდაზე და წავიდნენ სოფლის მიმართულებით. როდესაც მივიდნენ ე.წ. „შოთას წყაროსთან», ბოროტმოქმედებმა მძღოლს მარჯვნივ გადაახვევინეს მანქანა და განაგრძეს გზა. დაახლოებით 1 კმ მანძილის გავლის შემდეგ გ. ს-ს გააჩერებინეს ავტომანქანა და მოსთხოვეს გადასვლა. მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გადაიყვანეს იგი მანქანიდან, უბრძანეს, მათკენ ზურგით შებრუნებულიყო და გაქცეულიყო, რის შემდეგაც გაიტაცეს ავტომანქანა და მიიმალნენ.
გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გორის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზემოაღნიშნული ავტომანქანა მიტოვებული ნახეს ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ანდორეთში.
აღნიშნული ქმედებისათვის შ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ი. დ-ს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ს. ქ-ს _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. შ. დ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 9 აგვისტოდან, ი. დ-ს _ 2006 წლის 11 მაისიდან, ხოლო ს. ქ-ს _ 2005 წლის 5 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების _ შ. დ-სა და ს. ქ-ს ადვოკატებმა _ გ. ჯ-მა და მ. ც-მ. მათ ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა:
შ. დ-სა და ი. დ-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის „ბ» ქვეპუნქტზე; შ. დ-ს საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით; ს. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ გამოძიებაში დაკავების დრო _ 2005 წლის 5 სექტემბრიდან 2005 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით და სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 16 სექტემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ შ. დ-მა და ი. დ-მა.
მსჯავრდებული შ. დ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი არაობიექტური და უსამართლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:
შ. დ. აღიარებს თავის მიერ სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ეპიზოდს; რაც შეეხება ყაჩაღობებს, მას არ ჩაუდენია და აქვს ალიბი, უდანაშაულოა ყაჩაღობაში და ტყუილად აქვს მისჯილი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად ან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, ასევე _ ჯარიმის მოხსნას ან შემცირებას.
მსჯავრდებული ი. დ. საკასაციო საჩივრით აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნავს, რომ არ ჰყავს დედა; გაზარდა ბებიამ; ნასამართლევი არ არის; უკიდურესად გაჭირვებულია, რის გამოც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და ჯარიმის მოხსნას, რადგან ვერ შეძლებს მის გადახდას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის განაჩენი, სხვა მასალებთან ერთად, ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულების _ ი. გ-სა და გ. ა-ს ჩვენებებს, პიროვნების ამოცნობის ოქმებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე საქმეში არსებული არცერთი აღნიშნული მტკიცებულება არ წაკითხულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმისათვის დართული წერილობითი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე. სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
როგორც აღინიშნა, საქმის ის მასალები, რასაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას და რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ განხილულა. ამასთან, მხარეთა მონაწილეობით არ გარკვეულა ამ წერილობითი მტკიცებულებების მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის საკითხი.
სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად.
კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივითაც გამოაქვეყნოს და მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლიოს საქმეში არსებული ის წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი არ პასუხობს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა აღნიშნული, არსებითი დარღვევის გამო, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საჩივრებში მითითებულ მოტივებზე.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი შ. დ-ს, ი. დ-სა და ს. ქ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.