შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1600აპ 30 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ლ-ი, _ დაბადებული .... წელს დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, .........-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ხ. ლ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა მსჯავრდებამდე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო – 2 (ორი) თვე და 12 (თორმეტი) დღე. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
განაჩენით ხ. ლ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ხ. ლ-ი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული: 2007 წლის 9 იანვარს ხ. ლ-მა განიზრახა რომელიმე მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დასხმოდა და ასეთი გზით სხვის კუთვნილ ფულად თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23.00 საათზე, ხ. ლ-მა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა მოქალაქე ა. გ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ტაქსი „ოპელ-ომეგას“ მოდელი, სახ. ¹..... და მძღოლს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ წერეთლის გამზირზე წაყვანაზე შეუთანხმდა. მის მიერ მითითებულ ადგილზე მისვლის შემდეგ ხ. ლ-მა სთხოვა ა. გ-ს უკან – ვაზისუბანში წაყვანა, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა და იგი ვაზისუბნის მე-3 მ/რაიონის, მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, რა დროსაც ხ. ლ-მა ა. გ-ს ფულადი თანხა აგრესიული ტონით მოსთხოვა. პარალელურად მან შარვლის მარჯვენა საქამრე ადგილას წაივლო ხელი, რომ იარაღის თანქონის იმიტაცია შეექმნა. ამის გამო დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა, ჩათვალა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობას შეიძლება ხ. ლ-ს მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის ხელყოფა მოჰყოლოდა. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით ა. გასპარიანი იძულებული გახდა, ხ. ლ-სათვის გადაეცა ფულადი თანხა _ 23 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ლ-ის დამცველმა, ადვოკატმა ნ. ო-მა. აპელანტი აღნიშნავდა, რომ მსჯავრდებულ ხ. ლ-ს დაზარალებულისათვის ფული არ მოუთხოვია, მისი მხრივ არც რაიმე მუქარას ჰქონია ადგილი. ადვოკატის შეფასებით, დაზარალებულის ჩვენებით ხ. ლ-ს ბრალეულობა არ დასტურდება, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ადვოკატმა მოითხოვა ხ. ლ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 17 ივლისის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ხ. ლ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ხ. ლ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც, იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ხ. ლ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულ ა. გ-სა და მოწმეების (პოლიციის თანამშრომლების) პ. გ-სა და გ. კ-ს ჩვენებებს. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, როდესაც ხ. ლ-მა ავტომანქანა გააჩერებინა, მან მბრძანებლური ტონით მოსთხოვა ფულადი თანხის მისთვის გადაცემა, თან იმ მომენტში ხელი მარჯვენა მხარეს, საქამრისკენ წაიღო, რაც მან აღიქვა საშიშ მუქარად, რადგან გაგონილი ჰქონდა, რომ ღამის საათებში ხშირად ხდებოდა ტაქსის მძღოლების დაყაჩაღება და მათი სიცოცხლის ხელყოფა. მისივე ჩვენებით, ხ. ლ-მა მას წაართვა 23 ლარი, რა დროსაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ხ. ლ-ი დააკავეს მისი განცხადების საფუძველზე.
მოწმეების _ პ. გ-სა და გ. კ-ს ჩვენებების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მათ შენიშნეს საეჭვოდ მდგარი ავტომანაქანა. როდესაც აღნიშნულ ავტომანქანას მიუახლოვდნენ, შენიშნეს, რომ ხ. ლ-მა ხელის მოძრაობით ფულადი თანხა სიჩქარის კოლოფთან დაყარა, ხოლო ავტომანქანის მძღოლმა ა. გ-მა მათ განუცხადა, რომ ხ. ლ-ი მას აყაჩაღებდა.
დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების გარდა საქმეში არსებობს საპროცესო დოკუმენტები ფულადი თანხის ამოღებისა და ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ.
თვითონ მსჯავრდებული ხ. ლ-ი უარყოფს მის მიერ დანაშაულის ჩადენას.
აღნიშნული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ ფულის მოთხოვნის დროს ხ. ლ-მა დაზარალებულ ა. გ-ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მკაფიოდ გამოკვეთილი მუქარა. მოცემულ შემთხვევაში განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულის წარმოდგენას შესაძლო ძალადობის თაობაზე. მართალია, ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის ზოგიერთ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის მიერ დამნაშავის მხრიდან განხორციელებული მუქარის რეალობად აღქმას, მაგრამ განხილულ შემთხვევაში არ ყოფილა აშკარად გამოხატული რაიმე ძალადობის გამოყენების მუქარა, ხოლო დაზარალებულმა ხ. ლ-ის მიერ შესრულებული ხელის მოძრაობა მისგან ფულის მოთხოვნისას გადაჭარბებით და გაზვიადებულად შეაფასა ძალადობის მუქარად, რის გამოც მან თავისი ფულადი თანხა გადასცა ხ. ლ-ს, ამასთან, ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ აშკარად ეუფლებოდა სხვის კუთვნილ ფულს და სურდა ამ ფულის მისაკუთრება, რასაც კიდეც მიაღწია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხ. ლ-ის მიმართ განაჩენის დადგენისას არ დაიცვა საქართველოს სსსკ-ის მე-18 და მე-19 მუხლებით დაცული მოთხოვნები, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე, ამასთან, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 562-564-ე მუხლებისა, განაჩენის შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ხ. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და იგი უნდა შეფასდეს როგორც ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ხ. ლ-ს, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რის გამოც ხ. ლ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ წინა განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც მას სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2 (ორი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის განმავლობაში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ხ. ლ-ის მოთხოვნას მისი გამართლების თაობაზე, რადგან მისი პოზიცია არ დასტურდება სარწმუნო ფაქტობრივი მონაცემებით და მოკლებულია რეალურ საფუძველს, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება.
საკასაციო პალატის დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ ხ. ლ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ხ. ლ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 9 (ცხრა) თვის, 18 (თვრამეტი) დღის ვადით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.