განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
1603აპ-07 ქ. თბილისი
22 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. სულაქველიძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჩ-ი, _ დაბადებული …. წელს დმანისის რაიონში, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები დმანისის რაიონის სოფელ ……., ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 108-ე მუხლის საფუძველზე, რისთვისაც მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
განაჩენით ნ. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ნ. ჩ-ი, იმყოფებოდა რა არაფხიზელ მდგომარეობაში, მივიდა დმანისის რაიონის სოფელ ……..მაღაზიასათან, სადაც შეხვდა თანასოფლელ ა. გ-ს. ნ. ჩ-მა ა. გ-ს მოსთხოვა მისთვის ლუდის ყიდვა, რაზედაც მიიღო უარი. განაწყენებულმა ნ. ჩ-მა ა. გ-ს დაუწყო უწმაწური სიტყვებით გინება, რაც შემდეგ გადაიზარდა კამათში, ხოლო მოგვიანებით _ ჩხუბში. მათ ჩხუბს შეესწრო ამავე სოფელში მცხოვრები ვ. ა-ი, რომელმაც სიტუაციის განმუხტვის მიზნით ნ. ჩ-ი მოაშორა ა. გ-ს, გაიყვანა იგი 50-60 მეტრის მოშორებით და დააწყნარა. ვ. ა-ს წასვლის შემდეგ ნ. ჩ-მა, განიმსჭვალა რა შურისძიების მოტივით, გააგრძელა ა. გ-თან ჩხუბი, რასაც შეესწრო მათთან მისული ნ. ვ-ი, რომელიც შეეცადა მოჩხუბრების გაშველებას. ამ მიზნით მან ა. გ-ს უკნიდან დაუკავა ხელები, რითაც აღუკვეთა თავისუფალი მოძრაობის საშუალება. აღნიშნულით ისარგებლა ნ. ჩ-მა და, ჰქონდა რა ა. გ-ს მოკვლის განზრახვა, შურისძიების მოტივით შარვლის ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და ძლიერად დაარტყა ა. გ-ს მუცლის არეში, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლის დაზიანებით. ამის შემდეგ, ხალხის ჩარევის გამო, ვერ მოიყვანა რა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მძიმედ დაჭრილი ა. გ-ი გადაიყვანეს ბოლნისის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ჩ-მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. მან მართლაც მიაყენა დანით ჭრილობა დაზარალებულ ა. გ-ს, მაგრამ არა საბრალდებო დასკვნით აღწერილ ვითარებაში, რასაც იზიარებს განაჩენი, არამედ _ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, როდესაც ა. გ-ი და მისი ძმა გამეტებით სცემდნენ მას და საფრთხეს უქმნიდნენ მის სიცოცხლეს. მან თავდაცვის მიზნით ამოიღო ჯიბიდან საკეცი დანა და მიაყენა დაზიანება დაზარალებულს ისე, რომ მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რომლის მიხედვითაც, დაკავების დროს მასაც აღენიშნებოდა ჭრილობები და ბლაგვი საგნით (ქვით) მიყენებული დაზიანებები; რომ შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა მოწმე ვ. ვ-ი, რომლის ჩვენებაც მტკიცებულებად არის გამოყენებული განაჩენში და სხვა, რის შედეგადაც სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება მოცემული კვალიფიკაციით მისი მსჯავრდების შესახებ.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს ნ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 113-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით). ამასთან, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ალტერნატიული მოთხოვნის სახით იშუამდგომლეს მისთვის სასჯელის შემსუბუქება. პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა, 2007 წლის 7 აგვისტოს განაჩენით უცვლელად დატოვა დმანისის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ჩ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მისი ბრალდების საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ნარიმან ჩობანოვის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ჩ-ს ბრალდების საქმის განხილვისას და მის მიმართ განაჩენის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, აგრეთვე იმავე კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მტკიცებულებების ერთობლიობაში შემოწმებისა და საკმარისობის დასადგენად, რათა ისინი საფუძვლად დაედოს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს უკანასკნელი იყოს საფუძვლიანი, კანონიერი და დასაბუთებული. საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი გარემოებები: სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ. ჩ-ს მიერ მისთვის განაჩენით შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადგენილად მიიჩნია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების _ დაზარალებულ ა. გ-სა და მოწმე ნ. ვ-ს ჩვენებების საფუძველზე. სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მოტანილი აქვს დაზარალებულის ჩვენება, რომელშიც აღნიშნავს, როგორ და რა ვითარებაში დაჭრა იგი მსჯავრდებულმა, რის შემდეგაც სასამართლო მიუთითებს, რომ ანალოგიური ჩვენებები მისცეს წინასწარ გამოძიებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა _ ვ. ა-მა და ნ. ვ-მა. ამ ჩვენებებით გამოირიცხა დაცვის მხარის ვერსია იმის თაობაზე, რომ ნარიმან ჩობანოვი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
სინამდვილეში მოწმე ნ. ვ-ს ჩვენება არამც თუ დაზარალებულის ჩვენების ანალოგიური არ არის, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას. ამ ჩვენებაში მოწმე მიუთითებს, რომ კონფლიქტის დროს დაზარალებულმა ა. გ-მა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს კეფაში ესროლა ქვა, როცა ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილიდან მიდიოდა, რის შემდეგაც იგი მიწაზე დაეცა, ხოლო დაცემულს ზემოდან დააწვა დაზარალებული და წაქცეულს თავში ქვას ურტყამდა, რა დროსაც ნ. ჩ-ვმა იგი დაჭრა მუცლის არეში. ასეთივე ჩვენება მისცა მოწმე ნ. ვ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც, იგი დიდ ნაწილში ადასტურებს მსჯავრდებულის ჩვენებებს. რაც შეეხება მოწმე ვ. ა-ს ჩვენებას, უნდა აღინიშნოს, რომ იგი შეესწრო დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მომხდარ პირველ კონფლიქტს, ხოლო იმ კონფლიქტისას, როდესაც ნ. ჩ-მა ა. გ-ი დაჭრა, მოწმე ვ. ა-ი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, მან მოგვიანებით სხვებისგან გაიგო მომხდარის თაობაზე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად გამოიყენა მტკიცებულებად წინასწარი გამოძიების სტადიაზე მოწმეების _ ნ. ვ-სა და ვ. ა-ს მიერ მიცემული ჩვენებები, რადგან ისინი არ ყოფილა გამოქვეყნებული და გამოკვლეული არც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და არც სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ ჯეროვანი შემოწმების გარეშე უარყო მსჯავრდებულის ვერსია იმის თაობაზე, რომ იგი დაზარალებულის დაჭრისას იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რასაც ფაქტობრივად ადასტურებს შემთხვევის შემსწრე ერთადერთი მოწმის _ ნ. ვ-ს ჩვენებაც. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნ. ჩ-ს თხემის არეში მიყენებული აქვს დაჟეჟილი ჭრილობები, ნაჭდევი _ ცხვირის მიდამოში, სისხლნაჟღენთი _ მარცხენა ბეჭის მიდამოში და ნაკვეთი ჭრილობა _ მარჯვენა ხელის მტევნის პირველი თითის ფრჩხილის მიდამოში, სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არსებითად ემთხვევა მსჯავრდებულისა და მოწმე ნ. ვ-ის ჩვენებებში მითითებულ ფაქტებს. სასამართლომ უპასუხოდ დატოვა საკითხი _ როგორ და რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები მსჯავრდებულმა ნ. ჩ-მა, მაშინ, როცა აპელანტი თავის საჩივარში პირდაპირ აყენებდა რა აღნიშნულ საკითხს, ასაბუთებდა, რომ ხსენებული დაზიანებები მას მიაყენა დაზარალებულმა ა. გ-მა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, დანა გამოეყენებინა მის მოსაგერიებლად.
მართალია, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მსჯავრდებულის დამცველმა და თვით მსჯავრდებულმა ითხოვეს მის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 113-ე მუხლით და მისი შეფასება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით განზრახ მკვლელობის მცდელობად, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია იყო შინაგანად აშკარად წინააღმდეგობრივი და შეუსაბამო, რის გამოც არ შეიძლებოდა სასამართლოს იგი მიეღო დაუზუსტებლად და შეუმოწმებლად. მხედველობაშია შემდეგი: როდესაც აღნიშნული პოზიცია წარმოადგინა მსჯავრდებულის დამცველმა, მან აღნიშნა, რომ ნ. ჩ-ს არ ჰქონია დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, პირიქით, იგი თავს იცავდა დაზარალებულისგან. უფრო მეტიც, თვით მსჯავრდებულმა თავის საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას მართლა არ ჰქონია იმის მცდელობა, რომ დაზარალებული მოეკლა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ თავისი მოთხოვნის არსებითად შეცვლისა და მისი პოზიციის აშკარად წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, სასამართლოს უნდა მოეხდინა ზოგიერთი მტკიცებულების _ პირველ რიგში, თვით მსჯავრდებულის ჩვენების ხელახლა გამოკვლევა, ასევე დაზარალებულის ჩვენების გამოკვლევა მათი დაკითხვის გზით, რის საშუალებასაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საქართველოს სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც სწორედ ასეთი შემთხვევისთვისაა გათვალისწინებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე არა მხოლოდ სასამართლო გამოძიება, არამედ წინასწარი გამოძიებაც ცალმხრივად არის ჩატარებული, რაზეც ის გარემოება მიუთითებს, რომ ბრალდების დამძიმების მიზნით სასამართლოდან საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შემდეგ დაიკითხნენ მხოლოდ დაზარალებული და სასამართლო ექსპერტი, ხოლო თვითონ ბრალდებული და დაცვის მოწმე არ დაუკითხავთ და ისე გადაიგზავნა საქმე სასამართლოში დამძიმებული ბრალდებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში ნ. ჩ-ს დაცვა ძალზე არაკვალიფიციურად განხორციელდა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მტკიცებულებებს შორის აშკარა წინააღმდეგობები იყო, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო კამათის დროს ნ. ჩ-ს დამცველი შემოიფარგლა მხოლოდ ერთი წინადადებით, რომლითაც განსასჯელის გამართლება მოითხოვა, მაგრამ ყოველგვარი საჭირო დასაბუთების გარეშე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ნ. ჩ-ის დამცველმა სასამართლო კამათის დროს, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთი წინადადების წარმოთქმით შემოიფარგლა სათანადო დასაბუთების გარეშე, წარმოადგინა მსჯავრდებულის რეალურ პოზიციასთან აშკარად შეუსაბამო და შინაგანად წინააღმდეგობრივი მოთხოვნა მისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რითაც ფაქტობრივად დაირღვა დაცვის უფლება.
ასეთ პირობებში, როდესაც საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებულია ცალმხრივად და არასრულად, არ მომხდარა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერება, მათი ერთობლივად შემოწმება და შეფასება, ამასთან, სამართალწარმოების განხორციელებისას საპროცესო ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა არსებითი დარღვევის შედეგად საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დგება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სრულიად გაურკვეველი რჩება ნ. ჩ-მა რა ქმედება ჩაიდინა ან ჩაიდინა თუ არა მან საერთოდ დანაშაული, საკასაციო პალატას შეუძლებლად მიაჩნია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მსჯავრდებულ ნარიმან ჩობანოვის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ჩ-ის ბრალდების საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არსებითი საპროცესო დარღვევა, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე კანონიერი განაჩენის დადგენის თვალსაზრისით, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 აგვისტოს განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაირკვეს და სარწმუნოდ დადგინდეს: რა ვითარებაში დაჭრა მსჯავრდებულმა ნ. ჩ-მა დაზარალებული ა. გ-ი; მომხდარი კონფლიქტის დროს ვისგან და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები თხემის, სახისა და ბეჭის არეში მსჯავრდებულმა ნ. ჩ-მა; რეალურად რა დანაშაული მოხდა: ნ. ჩ-ის მხრივ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, აუცილებელი მოგერიების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებში, თუ ა. გ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოში უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება საამისოდ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებით, რა დროსაც ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მსჯავრდებულის ბრალის დამადასტურებელი, ისე მისი გამამართლებელი გარემოებები, დეტალურად უნდა დაიკითხონ დაზარალებული და მსჯავრდებული ზემოხსენებულ საკითხებთან მიმართებით, ჩატარდეს სხვა საჭირო საპროცესო მოქმედებები ახალი მტკიცებულებების გამოსაკვლევად და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, რის შემდეგაც, საქმეზე მოპოვებული უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების საფუძველზე, მიღებულ უნდა იქნეს კანონიერი და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 აგვისტოს განაჩენი ნ. ჩ-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.