დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1778აპ ქ. თბილისი
29 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ბ-ის დამცველს, ადვოკატ ვ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განაჩენით ზ. ბ-ი, _ დაბადებული …….. წელს, არასრული საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, …….-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2007 წლის 7 ივლისს მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატმა ვ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, მაგრამ საკასაციო საჩივრის შეტანა საპროცესო ვადის დაცვით ვერ შეძლო თავისი ავადმყოფობის გამო. საჩივრით ვ. მ-ი ითხოვდა ვადის აღდგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს დამცველ ადვოკატს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, ვინაიდან მისი მოთხოვნა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მა აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი ზ. ბ-ს მიმართ დადგენილია 2007 წლის 8 ივნისს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ს დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მა საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა ავადმყოფობის გამო, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დამცველმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ავად იმყოფებოდა 4 ივლისიდან 8 ივლისამდე და მკურნალობდა შპს ,,ექოდენტის” სტომატოლოგიურ კაბინეტში, რაც დასტურდება მითითებული სტომატოლოგიური კაბინეტის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით. აღნიშნული არ შეიძლება საპატიო მიზეზად იქნეს მიჩნეული, რადგან ვ. მ-ს ჰქონდა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რომელიც მან არ გამოიყენა, ამასთან, ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სტომატოლოგიური კაბინეტის, ,,ექოდენტის” მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მას აღენიშნებოდა მწვავე ,,გინგივო სტომატიტი”, რაც ვერ ჩაითვლება ისეთ საპატიო მიზეზად, რის გამოც შესაძლებელი იქნება საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენა.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც ზურაბ ბეჟანიშვილის ადვოკატ ვ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.