შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 24.04.2008
საქმის ნომერი
2კ-1803აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1803აპ 24 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ო. მ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნით ო. მ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და დამზადება.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ო. მ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” - 19 გრამის ოდენობით, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში, რაც მისგან ამოღებულ იქნა 2007 წლის 30 მარტს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

მანვე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა 16 მმ კალიბრიანი, საქარხნო წესით დამზადებული ¹39583 ორლულიანი სანადირო თოფი, რის შემდეგ ასევე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში აღნიშნული თოფის ლულისა და კონდახის გადაჭრის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადა ცეცხლსასროლი იარაღი, ე.წ “აბრეზი”, რაც მისგან შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2007 წლის 30 მარტს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განაჩენით ო. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აპელანტმა, მსჯავრდებულმა ო. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, ო. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ დანაშაულთა აღიარება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მისი დამცველი დაჰპირდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას პროკურატურასთან. სინამდვილეში მას დანაშაული არ ჩაუდენია. იმის გათვალისწინებით, რომ კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და ინვალიდი მამა, კასატორი მოითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით ო. მ-ის მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ჩადენილი ქმედებები დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, პალატა თვლის, რომ ო. მ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივარში უარყო მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ აღიარება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მისი დამცველი აღიარების შემთხვევაში ჰპირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ამდენად, პალატა თვლის, რომ მხოლოდ გადაჭრილი, გლუვლულიანი სანადირო თოფის ამოღების ფაქტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ასევე ცვლილება უნდა შევიდეს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ო. მ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ო. მ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

ო. მ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.