განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა წარმოებით

სისხლის სამართლის 22.07.2008
საქმის ნომერი
2კ-1833აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

1833აპ-07 ქ. თბილისი

22 ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ვ-ს დამცველი ადვოკატების _ ზ. ხ-სა და ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 იანვრის განაჩენით ე. ვ., _ დაბადებული ---- წელს, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 3 (სამი) წელი _ შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

იმავე განაჩენით ლ. შ., _ დაბადებული ---- წელს, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ ლ. შ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ლ. შ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ე. ვ-სა და ლ. შ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ე. ვ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ლ. შ-ს _ ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 18 ივლისს თბილისში, მეტროს სადგურ «------» ტერიტორიაზე, ე. ვ. და ლ. შ. ერთად იმყოფებოდნენ, მათ იაპონიის მოქალაქე ტ. ტ. გაიცნეს და მას ქალაქის დათვალიერება შესთავაზეს. ამ მიზნით ისინი გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყვეს. იმავე დღეს, დაახლოებით 10.00 საათზე, ტ. ტ. მ-ს ხევში აიყვანეს და ქვებით შეიარაღებულები, ჯგუფურად თავს დაესხნენ მას, რა დროსაც წაართვეს უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტის ორი კუპიურა, თითო _ ასი სუმის ნომინალით. ისინი ასევე ცდილობდნენ ზურგჩანთის წართმევას, რა დროსაც ორივე მათგანი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ტ. ტ-ს თავში ქვებს ურტყამდნენ. ტ. ტ-ს ყვირილზე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. მათ დანახვაზე ე. ვ. და ლ. შ. შეშინდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მეორე დღეს, 19 ივლისს, ე. ვ. და ლ. შ. პოლიციის მუშაკებმა დააკავეს. მათ პირადი ჩხრეკა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტის ერთი კუპიურა ასი სუმის ნომინალით იქნა ამოღებული.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ე. ვ-ს დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. ხ-მა და ი. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები თავიანთი საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ე. ვ-ს მიმართ სისხლისსამართლებირვი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე: სააპელაციო სასამართლომ ე. ვ-ს მიმართ საქმე განიხილა არასრულყოფილად, დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, როგორც ძირითად მტკიცებულებას, ამასთან, არ მიეცა ჯეროვანი შეფასება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

მსჯავრდებულ ე. ვ-ს ადვოკატების მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ე. ვ-ს, ლ. შ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში _ ე. ვ-ს მსჯავრდების ნაწილში _ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 2007 წლის 23 ნოემბერს გამოსცა განკარგულება, რომლითაც მსჯავრდებული ე. ვ. შეწყალებულ იქნა და იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ჟ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენი ე. ვ-ს მსჯავრდების ნაწილში უნდა გაუქმდეს და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება სარევიზიო წესით, სრული მოცულობით შეამოწმა მსჯავრდებულ ლ. შ-ს მიმართაც, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ლ. შ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც საკმარისია მისი დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით. საქმეში არ მოიპოვება სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომელთა გამო შეიძლება, ეჭვის ქვეშ დადგეს სასამართლოს დასკვნები მისი ბრალეულობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ.შ-ს მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», ,,დ” ქვეპუნქტებით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ვ-ს დამცველი ადვოკატების _ ზ. ხ-სა და ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ე. ვ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებირვი დევნა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 23 ნოემბრის განკარგულებით მისი შეწყალების გამო.

იგივე განაჩენი მსჯავრდებულ ლ. შ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.