დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1862აპ-07 თბილისი
29 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. სულაქველიძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ტ-ძე, _ დაბადებული .. წლის .., საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ლაგოდეხის რაიონის სოფელ .., ამჟამად პატიმარი, _ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, ა. ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 16 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ …..ში მცხოვრებ ა. მ-თან სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ ამავე სოფელში მცხოვრები ა. მ-ს მეგობარი ა. ჯ-ი, მეზობელი თ. პ-ი, აგრეთვე მისი ნაცნობი ტ. . ტ-ძე თავის ტყუპისცალ ძმასთან _ ა. ტ-სთან და ვინმე ლ-სთან ერთად. ზემოთ ჩამოთვლილი პირები ისხდნენ სუფრასთან და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. სუფრასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ლაშასა და ა. მ-ს შორის, რა დროსაც ა. მ-მა ხელი დაარტყა ლაშას, რომელიც იატაკზე დაეცა. აღნიშნულით განაწყენებული ა. ტ-ძე მივარდა ა. მ-ს და ხელთ არსებული დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, შემდეგ კი თავის ძმასთან _ ტ. ტ-სა და ლაშასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. მ-ი მეზობლების დახმარებით მაშინვე გადაიყვანეს საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში, მაგრამ მიღებული ჭრილობების შედეგად იგი გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ტ-მ, რომელიც თავის საჩივარში აღნიშნავდა, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაული. სინამდვილეში ჩხუბი მოხდა აწ გარდაცვლილ ა. მ-სა და ტ. ტ-ს შორის, ხოლო ჩხუბის დაწყების შემდეგ თვითონ ოთახიდან გარეთ გავიდა, რის გამოც ამის შემდეგ რა მოხდა და ა. მ-ი როგორ დაიჭრა, მას არ უნახავს. სინამდვილეში ა. მ-ის მკვლელობა ჩადენილი აქვს მის ტყუპისცალ ძმას _ ტ. ტ-ს, რასაც ეს უკანასკნელი აღიარებს თავის განცხადებებში, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევს. საქმეზე წინასწარი გამოძიება წარიმართა საპროცესო დარღვევებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა, ხოლო განაჩენი ეყრდნობა მოწმეთა წინააღმდეგობრივ ჩვენებებს. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მისი ბრალი მომხდარ დანაშაულში. აღნიშნული მოტივებიდან გამომდინარე, აპელანტი ა. ტ-ძე ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიმართ უცვლელად დატოვა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ვინაიდან მისი საჩივრის მოტივები უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ტ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი ბრალდების საქმეზე არ ჩაატარა ობიექტური სასამართლო გამოძიება, არ გაარკვია ბრალდების მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სასამართლომ არ დაკითხა მისი ძმა _ ტ. ტ-ძე მომხდარი დანაშაულის თაობაზე, რომლის ჩვენება ხელს შეუწყობდა ჭეშმარიტების დადგენას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. აღნიშნული მოტივებით კასატორი _ მსჯავრდებული ა. ტ-ძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებში მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ, რომ ა. მ-ის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ა. ტ-მ და არა მისმა ძმამ _ ტ. ტ-ძემ. აქ მხედველობაშია როგორც პირდაპირი მტკიცებულებები, ასევე არაპირდაპირი მტკიცებულებები. ა. ტ-ს ბრალეულობაზე პირდაპირ მიუთითებს მოწმე ა. ჯ-ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. არაპირდაპირ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს ა. ტ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, წარმოადგენს მოწმე თ. პ-ს ჩვენებები, დაზარალებულ ვ. მ-ს ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
საკასაციო პალატა სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს კასატორის, მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიერ წარმოდგენილ ვერსიას იმის თაობაზე, რომ ა. მ-ს მკვლელობა ჩაიდინა მისმა ძმამ _ ტ. ტ-მ. მან თავის საჩივარში ვერ მიუთითა საფუძვლიან და დამაჯერებელ არგუმენტზე, რის გამოც მოწმე ა. ჯ-ს ჩვენება ეჭვის ქვეშ უნდა იქნეს დაყენებული. მართალია, ა. ტ-ძე მიუთითებს მოწმე ა. ჯ-ს ჩვენებებს შორის არსებულ გარკვეულ სხვაობაზე, ასევე გარკვეულ შეუსაბამობაზე მის ჩვენებასა და მოწმე თ. პ-ის ჩვენებებს შორის, მაგრამ კასატორის მიერ მითითებული ეს სხვაობა და შეუსაბამობა არ ეხება მთავარს _ აწ გარდაცვლილ ა. მ-ს ბინაში, სუფრასთან ამ უკანასკნელსა და ა. ტ-ს თანმხლებ პირს _ ლაშას შორის მომხდარ კონფლიქტს, აგრეთვე, ამ კონფლიქტის დროს ა. ტ-ს მიერ ა. მ-ს დანით დაჭრას, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: მსჯავრდებული ა. ტ-ძე ვერ ხსნის, რატომ უნდა ყოფილიყო მოწმე ა. ჯ-ი დაინტერესებული იმით, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა. ა. ჯ-ს მომხდარ შემთხვევამდე ა. ტ-ძე საერთოდ არ ჰყავდა ნანახი, მათ შორის არავითარი ურთიერთობა არ ყოფილა, ხოლო მანამდე ტ. ტ-ს ა. ჯ.-ი შეხვდა წინა საღამოს, სულ რამდენიმე წუთით. ეს მომენტი საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ მოწმე ა. ჯ-ს არავითარი საფუძველი არ გააჩნდა რომელიმე მათგანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებისათვის ანდა იმისათვის, რომ რომელიმე მათგანის წინააღმდეგ განწყობილი და დაინტერესებული ყოფილიყო. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწმე ა. ჯ-ი იყო ა. მ-ს თანაკლასელი, მეგობარი, მათ ერთმანეთთან ახლობლური ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც არადამაჯერებელია, რომ ა. ჯ-ს მისი მეგობრის ნამდვილი მკვლელი დაეფარა და მის ნაცვლად უდანაშაულო ადამიანი ემხილებინა ისეთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა. აქედან გამომდინარე, რეალურ საფუძველს მოკლებულია მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მის ძმას _ ტ. ტ-სა და მოწმე ა. ჯ-ს შორის ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც შეთანხმება და საერთო ჩანაფიქრი არსებობდა. მით უმეტეს, რომ წინასწარ არავინ იცოდა, რა მოხდებოდა სუფრაზე, ხოლო ამირან მეურმიშვილის დაჭრის შემდეგ ძმებმა ტ-ებმა თავიანთ თანმხლებ პირთან ერთად დაუყოვნებლივ მიატოვეს შემთხვევის ადგილი, მოწმე ა. ჯ-ი კი იმავე დღეს დაიკითხა, რომელმაც თავის ჩვენებაში ამხილა ა. ტ-ძე და არა _ ტ. ტ-ძე.
რაც შეეხება კასატორის მიერ სასამართლოს მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ არ დაიკითხნენ ტ. ტ-ძე და შემთხვევის ადგილზე მყოფი მისი მეგობარი, ვინმე ლ. ქ-ა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატის მიერ აღძრული შუამდგომლობა ტ. ტ-ს დაკითხვის თაობაზე აშკარად დაუსაბუთებელი იყო, სააპელაციო სასამართლოში კი დაცვის მხარეს მის დაკითხვაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია, ხოლო ლ. ქ-ს მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე დაცვის მხარეს შუამდგომლობა არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია, სასამართლო კი კანონით უფლებამოსილი არ არის, თავისი ინიციატივით მოიწვიოს ახალი მოწმე, თუკი ამის თაობაზე მხარე არ შუამდგომლობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს რეალური და დასაბუთებული საფუძველი სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებაში ეჭვის შეტანისათვის, რომლის მიხედვით, ამ. მ-ს განზრახ მკვლელობა ჩადენილია მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიერ, რის გამოც მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 3 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.