გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ბს-750-734(k-12) 20 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილება
დავის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 7 მაისს ვ. მ-ემ სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1941 წლის 8 ოქტომბრის სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის №744 დადგენილების საფუძველზე მისი მშობლები გადასახლებულნი იყვნენ ბაშკირეთის ასს-ში. ვ. მ-ე დაიბადა 1947 წელს გადასახლებაში ყოფნის პერიოდში. მოსარჩელის ოჯახი გადასახლებაში იმყოფებოდა 1955 წლის 13 დეკემბრამდე, ხოლო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955 წლის 13 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე ისინი მოიხსნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან.
მოსარჩელის განმარტებით, იგი რეაბილიტირებულია „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 1991 წლის 18 ოქტომბრის კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე ( 2003 წლის 9 თებერვლის რედაქცია).
ამდენად, მოსარჩელემ „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მამა - ა. ა. დ-ი, დაბადებული 1912 წელს, სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1941 წლის 8 ოქტომბრის №744 დადგენილების საფუძველზე გადასახლებული იყო საქართველოს სსრ-დან ბაშკირეთის სსრ-ში, სადაც სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1955 წლამდე. მასთან ერთად სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, სულ 4 წევრი. რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ. მ-ე პოლიტიკური მოტივით ადმინისტრაციული წესით იქნა აყვანილი სპეცგადასახლების აღრიცხვაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – დავლეკანოვსკის რაიონში, ბაშკირეთის სსრ-ში. ოჯახი კი აღრიცხვიდან მოიხსნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955 წლის 13 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე. ვ. მ-ე რეაბილიტირებულია „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. მ-ე არის საქართველოს მოქალაქე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ თავისუფალი საქართველოს შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წლის 11 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა პოლიტიკური რეპრესიისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებები, დადგინდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესი და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტი.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოქალაქის მიმართ განხორციელებული ყველა სახის რეპრესია არ წარმოშობს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა აღიარებისა და მსხვერპლთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისი მსხვერპლად აღიარების წინაპირობას. აღნიშნული კანონის მიზნებისათვის რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ფორმით დაისაჯნენ პოლიტიკური მოტივით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა - სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დაწესებულების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფელებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთნ, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ა) ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა, კონტრრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაული; ბ) სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევა; გ) წინასწარი შეცნობითსახელმწიფო და სახელმწიფოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორის გავრცელება; დ) შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად; ე) რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფელებების და თავიოსუფლებების ხელყოფა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახდელი, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი. მოცემული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ წარადგენს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი.
რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების შეფასების საფუძველზე განმარტა, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევა-შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მასალებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ბაშკირეთის სსრ-ში გადასახლების პოლიტიკური მოტივი, რაც პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა ვ. მ-ის მიმართ იძულების რომელიმე ფორმის გამოყენება პოლიტიკური მოტივით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და მსხვერპლთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა: ა) პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; ბ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას“. აღნიშნული მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ იგი მშობელთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში. ამდენად, მშობელთან ერთად შვილი მხოლოდ მაშინ ითვლება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ მშობელს ბავშვის დაბადების მომენტისათვის ეკრძალებოდათ მიეტოვებინათ გადასახლების ადგილი და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ვ. მ-ე დაიბადა მშობლების სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნამდე, ანუ მის მშობლებს ეკრძალებოდათ მიეტოვებინათ გადასახლების ადგილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახეზეა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და მსხვერპლთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემადგენლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1941 წლის 8 ოქტომბრის სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის №744 დადგენილების საფუძველზე ვ. მ-ის მშობლები გადასახლებულ იყვნენ საქართველოს სსრ-დან ბაშკირეთის ასს-ში იმის გამო, რომ მოსარჩელის მამა გახლდათ გერმანელი. ვ. მ-ე დაიბადა გადასახლებაში ყოფნის პერიოდში - 1947 წელს დაბა კომსომოლსკში, დავლეკანოვსკის რაიონში. ოჯახი გადასახლებაში იმყოფებოდა 1955 წლის 13 დეკემბრამდე. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955 წლის 13 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე ისინი მოხსნილ იქნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან. მოსარჩელე რეაბილიტირებულია „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის მუხლის 1.1 საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. მ-ე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლის თანახმად: „პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა - სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დაწესებულების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფელებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთნ, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები“. კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახდელი, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.“
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევიათ და არ უმსჯელიათ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენდა თუ არა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს და მათი მსჯელობა შემოიფარგლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვ. მ-ის ოჯახის გადასახლებისას არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება ვ. მ-ის გადასახლების ფაქტი ბაშკირეთის სსრ-ში, მისი გამწესება სპეციალური დასახლების ადგილზე. ეს გარემოება კი პოლიტიკური რეპრესიის ერთ-ერთ იძულების ფორმადაა აღიარებული საქართველოს კანონის მე-2 მუხლით „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“. თუმცა მოცემული დავის შემთხვევაში უმთავრესია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები შეფასებულ იქნას არა გადასახლების პოლიტიკური მოტივის არსებობა-არარსებობის მხრივ, არამედ რა ნიშნით მოხდა ვ. მ-ის ოჯახის გადასახლება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი ოჯახი გადასახლებული იყო ბაშკირეთის ასსრ-ში იმის გამო, რომ მამამისი - ა. ა. დ-ი - ეთნიკურად გახლდათ გერმანელი. დამატებითი მონაცემები ან რაიმე დადგენილება მტკიცებულების სახით, მოსარჩელის მითითებით, შსს-ს არქივში არ ინახება, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები განადგურებულია.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში მოცემული მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების შემდეგ, მათი ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კერძოდ, კასატორის მშობლები გადასახლებულ იყვნენ თუ არა საცხოვრებელი ადგილიდან ეთნიკური ჯგუფისათვის კუთვნილების საფუძველზე, რამდენადაც აღნიშნული გარემოების გამო მათი საქართველოს ტერიტორიიდან გასახლების შემთხვევაში მათზე ვერ გავრცელდება კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პოლიტიკური მოტივის არარსებობის შესახებ ფაქტის დადგენამდე, უნდა ემსჯელა მოსარჩელის გადასახლების თაობაზე ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ის ფაქტი რომ ვ. მ-ე რეაბილიტირებულია „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, არ ქმნის საკმარის წინაპირობას მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, რამდენადაც რუსეთის ფედერაციის კანონი „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“ პირის რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ერთ-ერთ საფუძვლად განიხილავს ეთნიკური ნიშნით გადასახლებასაც, განსხვავებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისაგან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე