შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
2108აპ-07 5 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ს., _ დაბადებული …… წელს, საქართველოს მოქალაქე, ……. განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ………… -ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, კ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის ნოემბერში ………….-ის მთავარმა სპეციალისტმა კ. ს-მ, განიზრახა რა თაღლითური გზით სხვისი ნივთის დაუფლება, თავის ნაცნობს, ე. თ-ს, რომელსაც სურვილი ჰქონდა, მუშაობა დაეწყო რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ შეჰპირდა, რომ, თითქოსდა, მოახდენდა ზეგავლენას სააქციო საზოგადოება «თერაპის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის» ადმინისტრაციის უფლებამოსილ წარმომადგენელზე და უკანა რიცხვით დაანიშვნინებდა მას უმცროს ექიმად კარდიოლოგის სპეციალობით. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად კ. ს-მ ე. თ-ს ურჩია ყალბი დიპლომის შეძენა, ვინაიდან, მისივე თქმით, უმცროსი ექიმის თანამდებობა შეეძლო, დაეკავებინა მხოლოდ უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს. იმავდროულად მან ე. თ-ს განუმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა და გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში, მოდულების, ანუ დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამის დამოუკიდებელი ბლოკის გავლის შესაძლებლობა მიეცემა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების გარეშე, ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდაზე დასაშვებად მის მიერ შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა ჩაეთვლება პროფესიული მზადების ვადაში. 2006 წლის 1 დეკემბერს კ. ს. თავის სამუშაო კაბინეტში კვლავ შეხვდა ე თ-ს და შეეცადა, დაეყოლიებინა იგი ფულის მისაცემად, რა დროსაც არწმუნებდა, რომ ზემოთ მითითებული თანხის საფასურად დაეხმარებოდა ასევე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებაში. ე. თ-მ ეჭვგარეშე აღიქვა კ. ს-ის დამაჯერებელი საუბარი და ენდო მას, როგორც თანამდებობის პირს, რის გამოც შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა. ამასთანავე, აღნიშნულის შესახებ მან იმავე დღეს წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და გამოთქვა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი. 2006 წლის 4 დეკემბერს კ. ს-მ, დაგულვებული ჰქონდა რა ე. თ-ის ნდობა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის შენობის დერეფანში მას უთხრა, რომ ვერ ახერხებდა სს «თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში» მის მოწყობას, თუმცა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად კიდევ ერთხელ მოატყუა იგი, რომ წინასწარ 1500 აშშ დოლარის, ხოლო შემდეგ 1000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში გადასცემდა, ვითომდა, რუსეთის ფედერაციაში ორდინატურის გავლის დამადასტურებელ დიპლომს. 2006 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 14 საათზე, კ. ს-მ თავის სამუშაო კაბინეტში ე. თ-ს გამოართვა წინა დღით მოთხოვნილი 1500 აშშ დოლარი (შინაგან საქმეთა სამინისტროში ქიმიური ნივთიერებით დამუშავებული, 100 აშშ დოლარის ნომინალის 15 ბანკნოტი (FB84737816ჩ, ჩB57767867ჩ, FB18530351ჩ, AB28850675ჩ, ჩG54962604A, AB55387860Q, ჩB02700583A, DF6434004B, AG85379353B, AB60222496ჟ, FF19682490A, FL9376745ჩ, FE31673653A, DL0639029A, AB23638692N), რომლებსაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათსა და 10 წუთზე, კ. ს. დააკავეს ეჭვმიტანილის სახით. ამასთან, მის სამუშაო კაბინეტში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა წინასწარ დამუშავებული ზემოთ ნახსენები 1500 აშშ დოლარი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ს-მ, რომელიც საჩივარში აღნიშნავდა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არის II ჯგუფის ინვალიდი, ხანში შესული, რის გამოც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა, 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ კ. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ კ. ს-ის ბრალდების საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის, შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე: მის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი; კ. ს-ს ქმედების ჩადენისას არ გამოუყენებია და არც შეეძლო, გამოეყენებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც სათანადო ყურადღების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლომ; კ. ს-ს ფაქტობრივად დანაშაული არ ჩაუდენია, ის გახდა დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მისი დაკმაყოფილებისათვის კ. ს-ის ბრალდების საქმის მასალებში არ მოიპოვება სამართლებრივი საფუძველი. საქმეში არსებული საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, სარწმუნო მტკიცებულებებით: კ. ს-ის აღიარებითი ჩვენებით, საგნის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის დადგენილებით, ნივთიერი მტკიცებულების შემოწმების, დათვალიერების, დალუქვისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილებით, ფულადი ნიშნების დათვალიერებისა და გადაცემის ოქმით, ფულადი ნიშნების დაბრუნებისა და დათვალიერების ოქმით, დოკუმენტის დათვალიერებისა და გადაცემის ოქმით, ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების ჩატარების ოქმით, საიდუმლო ფორმა ¹5-ით, ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის ¹508\სქ დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს არ გაუბათილებია სხვა უტყუარი მტკიცებულებებითა და სარწმუნო არგუმენტებით, კ. ს-ის ბრალეულობა დადასტურებულია. ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ კ. ს-ის მიმართ სასჯელის განსაზღვროს დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამავე დროს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ვერ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია. მხედველობაშია შემდეგი გარემოებები: როგორც საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, მას შემდეგ, რაც კ. ს-ს შეუთანხმდა მის მიერ მოთხოვნილი თანხის _ 1500 აშშ დოლარის გადაცემის ადგილისა და დროის შესახებ, დაზარალებულმა ე. თ-მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კუთვნილი, 15 ცალი 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურების გამოყენებით დაგეგმეს და ჩაატარეს კანონით გათვალისწინებული ოპერაცია კ ს-ის დანაშაულის ფაქტზე მხილებისათვის, რაც განხორციელდა კიდეც და კ. ს. ფაქტზე დააკავეს.
კანონის თანახმად, თაღლითობა შედეგიან დელიქტს წარმოადგენს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ე. თ-მ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, მთლიანად გამორიცხა კ. ს-ის ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ანუ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დანაშაულის ობიექტის _ დაზარალებულ ე. თ-ის საკუთრების უფლების ხელყოფა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ შესაბამისი დანაშაულის საგნის _ დაზარალებულ ე. თ-ის კუთვნილი თანხის დაუფლების გზით, რისი შესაძლებლობაც გამორიცხული იყო იქიდან გამომდინარე, რომ: ჯერ ერთი, დაზარალებულ ე. თ-ს თავისი კუთვნილი თანხა არ გადაუცია კ. ს-თვის, როცა ეს უკანასკნელი დააკავეს; მეორეც, იმ პირობებში, როცა კ. ს-ის მიმართ ხორციელდებოდა წინასწარ დაგეგმილი, დანაშაულის ფაქტზე დაკავების ოპერაცია, დაზარალებულ ე. თ-ს მისთვის თავისი კუთვნილი თანხა რომც გადაეცა, კ. ს. მაინც ვერ შეძლებდა ამ თანხის დაუფლებას (თავისუფალი განკარგვის აზრით), იმდენად სწრაფად დააკავეს იგი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც მთლიანად აკონტროლებდნენ ე. თ-ის მიერ კ. ს-ის თანხის გადაცემის პროცესს.
განხილული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ კ. ს-ის მიერ ჩადენილია არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ _ თაღლითობის მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა განაჩენის დადგენისას. ამით სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც განაჩენის შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ კ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.