განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 21.07.2008
საქმის ნომერი
2კ-2127აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

2127აპ ქ. თბილისი

21 ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით დ. ო., _ დაბადებული ------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ თაღლითობა, ე.ი. ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. ო-მ 1992 წელს დაუდგენელ ვითარებაში მიიღო სხეულის დაზიანებები, რომლებიც მიყენებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით. იგი სხვადასხვა პერიოდში მკურნალობდა ქუთაისის, ზუგდიდისა და ლენტეხის საავადმყოფოებში, სადაც სამედიცინო პერსონალს განუმარტავდა, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.

2004 წელს დ. ო-მა დაამზადა ყალბი ცნობა ¹, თითქოსდა გაცემული 1999 წლის 10 მარტს. ცნობა გაცემულია აფხაზეთის სამხედრო კომისარიატის მიერ და მასში მითითებულია, რომ დ. ო. არის „ომისა და შეიარაღებული ძალების შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 13 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის სტატუსის მქონე. აღნიშნული ცნობა შემდგომში მან გამოიყენა პენსიის მისაღებად.

ყალბი ცნობის დამზადების შემდეგ დ. ო-მა იგი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, პენსიის დანიშვნის მიზნით წარუდგინა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლენტეხის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს, რათა თაღლითური გზით, მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება – დანიშვნოდა პენსია ომის ვეტერანისათვის განკუთვნილი ოდენობით. აღნიშნული ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე დ. ო-ს, როგორც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მიმდინარე ბრძოლებში მონაწილე ვეტერან მებრძოლს, დაენიშნა პენსია, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსით. დ. ო-მა თაღლითური გზით, მოტყუებით მიიღო ქონებრივი სარგებელი _ 990 ლარის ოდენობით.

2006 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 14 საათსა და 20 წუთზე, ნასვამი დ. ო. იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე. მასთან პიროვნების დადგენის მიზნით მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები _ მ. ა. და ა. ჯ. მათ დ. ო-მა განუცხადა, რომ კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოუკლეს ბიძაშვილი, თვითონ კი გაქცევით უშველა თავს და ტყე-ტყე სიარულით ჩააღწია ქ. ზუგდიდში; თან აღნიშნა, რომ იგი იყო ე. კ-ს დაჯგუფების აქტიური თანამებრძოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესთავაზეს მას პიროვნების დადგენის მიზნით პოლიციის სამმართველოში წასვლა, რა დროსაც დ. ო. არ დაემორჩილა მათ, დაემუქრა ძალის გამოყენებით, ხოლო პატრულ-ინსპექტორ მ. ა-ს ჩამოაგლიჯა სამხრეები, ხელი ჩაარტყა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც შეეცადა მიმალვას, მაგრამ იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

აღნიშნული დანაშაულისათვის დ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით განესაზღვრა 2 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ»ქვეპუნქტით _ 5 წლით, ხოლო 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლით მას საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 26 ივლისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მ. მან ითხოვა დ. ო-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, კერძოდ _ ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით და მსჯავრდებულის პატიმრობიდან განთავისუფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა სათანადო სამართლებრივი პროცედურა; მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია დაუზუსტებელი და უსაფუძვლოა; სასჯელის ზომა და სახე აშკარად შეუსაბამოა მსჯავრდებულის პიროვნებასთან; დაცვის მხარემ წარადგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ დ. ო., „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ» პუნქტის თანახმად, მიეკუთვნება საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხულ პირს, რომელმაც მიიღო მრავლობითი დაზიანება სამხედრო სამსახურში მოვალეობის შესრულების დროს; საქმეშია ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს მიერ გაცემული ფორმა ¹100 დიაგნოზით _ „ქალა-ტვინის ახალი დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა-დაჟეჟილობა»; აღნიშნული ტრავმა მას განესაზღვრა არა 1992 წლის თებერვალში მიღებული ჭრილობის საფუძველზე, არამედ _ 1993 წლის, როდესაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; დ. ო-ს პენსია დაენიშნა ინვალიდობის გამო და ომის ვეტერანისათვის განკუთვნილი ოდენობით ლენტეხის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარის _ ბ. ლ-ს მიერ, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ დ. ო. ნამდვილად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში და იყო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე; გამოძიების დროს ცნობილი გახდა, რომ საპენსიო საქმე არ იყო სრულყოფილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაინტერესდა, რის საფუძველზე დაენიშნა დ. ო-ს პენსია, რაც ცნობილი გახდა ბ. ლ-სათვის, რომელმაც გამოძიების დროს თბილისის სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიაწოდა სამხედრო კომისარიატიდან გაცემული ცნობა; ამ დროს დ. ო. იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, ე.ი. ყალბი დოკუმენტი შედგენილია ბ. ლ-ს მიერ; ეს დოკუმენტი დ. ო-ს რომ არ წარუდგენია, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცნობა ლენტეხის რაიონის საპენსიო საქმეში არ არსებობდა, რადგან გამომძიებლის 2006 წლის 15 აგვისტოს მიმართვაში აღნიშნულია საპენსიო საქმეში არსებული დოკუმენტები და მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შესახებ; გამომძიებლისათვის 2006 წლის 17 აგვისტოს გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ დ. ო-სათვის პენსიის დანიშვნის საფუძველი იყო ლენტეხის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერები; აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულმა არაფერი იცოდა ყალბი დოკუმენტის შესახებ, ამიტომ მას არ შეიძლება, დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით; აღნიშნული დადასტურდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებდა დაცვის შუამდგომლობას ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რათა შედარებულიყო ბ. ლ-ს ხელნაწერები აღნიშნულ დოკუმენტთან.

ადვოკატის აზრით, დ. ო-ს არ ჩაუდენია არც საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან დაზარალებულები დ. ო-ს დაკავების ადგილზე იმ მომენტში არ იმყოფებოდნენ; ის დააკავა ვინმე გ. გ-მ, რომლის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა; გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება საპროცესო ნორმათა დარღვევაზე, კერძოდ: საქმის განხილვის დროს ყველა მოწმე იმყოფებოდა დარბაზში, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 460-ე მუხლი; მან ასევე დაარღვია სსსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული აცილებისა და თვითაცილების განცხადებისა და გადაწყვეტის წესი, რადგან მოწმის სტატუსით დაკითხული ბ. ლ. არის მოსამართლის სიძე (დის მეუღლე), რაც დაცვისათვის ცნობილი გახდა განაჩენის დადგენის შემდეგ; მოსამართლემ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და დ. ო-ს შეუფარდა სასჯელის მაქსიმუმი, რაც შეუსაბამოა მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებასთან; მოსამართლეს სურდა, დაცვის მხარის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი ჩათვლილიყო ვადაგადაცილებულად და იგი არ განხილულიყო, ამიტომ გადაწყვიტა, ფოსტით შესული საჩივარი კანცელარიაში დაეფიქსირებინა, როგორც 2007 წლის 20 ივნისს ხელზე შეტანილი, მაშინ, როცა გასაჩივრების ვადა გასულად ჩაითვლებოდა უკვე 2007 წლის 25 მაისს; ამასთან, სასამართლოს თანამშრომელმა განმარტა, რომ საჩივრის დაფიქსირებისას დაუშვეს მექანიკური შეცდომა და ნაცვლად 20.05.07-ისა, შტამპზე მითითებულ იქნა 20.06.07, მაშინ, როცა მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარზე ხელს აწერს 21.05.07-ით; მოსამართლის მიერ საქმის განხილვაში ხელის შეშლა კიდევ ერთხელ ადასტურებს დ. ო-ს უდანაშაულობას და ბ. ლ-ს დანაშაულებრივ ქმედებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ნ. ბ. ითხოვს ორივე ინსტანციის სასამართლოების განაჩენების გაუქმებას, დ. ო-ს გამართლებას ყველა ეპიზოდში და პატიმრობიდან განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გარდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისა, დ. ო. მსჯავრდებულია იმისათვის, რომ დაამზადა აფხაზეთის სამხედრო კომისარიატის ყალბი ცნობა, რომელიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, პენსიის დანიშვნის მიზნით წარუდგინა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლენტეხის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს, რათა თაღლითური გზით, მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება – დანიშვნოდა პენსია ომის ვეტერანისათვის განკუთვნილი ოდენობით. აღნიშნული ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე დ. ო-ს, როგორც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მიმდინარე ბრძოლებში მონაწილე ვეტერან მებრძოლს, დაენიშნა პენსია, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ყალბი დოკუმენტის წარდგენასა და პენსიის დანიშვნას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენას, რადგან წარდგენილი სხვა დოკუმენტების გაყალბებას საბრალდებო დასკვნით ადგილი არ ჰქონია.

საქმეშია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 17 აგვისტოს წერილი, რომლის მიხედვით დ. ო-სათვის პენსიის დანიშვნის საფუძველი იყო არა იმერეთის რეგიონის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის ან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა, არამედ ,,ლენტეხის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერები პენსიის ოდენობა განისაზღვრება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსისა და მიზეზიდან გამომდინარე, რასაც განსაზღვრავენ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროები. პენსიის დასანიშნად საპენსიო საქმეში უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი და გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის შესახებ საქმეშია ამავე ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 1 სექტემბრის წერილი, სადაც ამჯერად აღნიშნულია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი დადგინდა აფხაზეთის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზეც. ამასთან, სამხედო კომისარიატიდან წარდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს მოქალაქისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ხარისხის განსაზღვრის საფუძველს

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. კასატორი სწორედ იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საქმეშია სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ორი წერილი, რომლებშიც პენსიის დანიშვნის საფუძვლად სხვადასხვა დოკუმენტებია მითითებული.

საქმეში არსებული მასალებიდან ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია აფხაზეთის სამხედრო კომისარიატის ცნობა, არის საექსპერტო ბიუროს მეორადი შემოწმების აქტი. მასში აღნიშნულია, რომ დ. ო-ს ექსპერტიზა ჩაუტარდა 2003 წლის 20 ივლისს. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საექსპერტო დასკვნას საფუძვლად დაედო შემდეგი საბუთები: ფორმა ¹100, იმერეთის რეგიონის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის ცნობა.

ამის შემდეგ ჩატარდა რამდენიმე სამედიცინო შემოწმება და შედგენილ აქტებში, რის საფუძველზეც დ. ო-ს თითო წლით, ორჯერ გაუგრძელდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ვადა, საექსპერტო დასკვნის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ ფორმა ¹100

სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხირივ, სრული და ობიექტური, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს პირის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული მასალები და მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის»ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დ. ო-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.