განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
2173აპ ქ. თბილისი
16ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ რ. ნ-სა და ზ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-სა და მსჯავრდებულ რ. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე ზ. ზ-ს, რ. ნ-ს, რ. ლ-სა და მ. შ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:
1. ზ. ზ., _ დაბადებული -------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ ადამიანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება;
2. რ. ლ., _ დაბადებული ------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად; ასევე _ ადამიანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით;
3. რ. ნ., _ დაბადებული --------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „დ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით;
4. მ. შ., _ დაბადებული ---------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „დ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ ადამიანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელსა და განსასჯელ გ. გ-ს შორის, რომლის თანახმად, გ. გ., _ დაბადებული----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რ. ნ-ს, ზ. ზ-ს, მ. შ-ს, რ. ლ-სა და გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ზ. ზ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შეინახა შემდგომში დანაშაულის ჩადენის დროს გამოსაყენებლად.
2005 წლის 23 ივნისს რ. ნ. მ. შ-სა და დაუდგენელ ორ პირთან ერთად თავს დაესხა ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში მცხოვრებ ი. და დ. ც-ების ოჯახს, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შეუკრეს ხელ-ფეხი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, გაიტაცეს ოქროულობა,M სანადირო თოფი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რითიც დაზარალებულებს სულ მიაყენეს 1500 აშშ დოლარის ზიანი.
2005 წლის 9 დეკემბერს რ. ნ-მ მ. შ-სთან, ზ. ზ-სა და გ. გ-თან ერთად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ახალციხეში, რუსთაველის ქ. ¹---ში მცხოვრებ ჟ. ქ-სა და გ. ბ-ს ოჯახზე, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჟ. ქ-ს შეუკრეს ხელ-ფეხი, გაცხელებული უთოს სხეულზე დადებით სთხოვდნენ ფულსა და ოქროულობას. თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცეს ათლარიანი მონობარათი, ათი ცალი ერთლარიანი კუპიურა და 30 ლარად ღირებული ფაიფურის 3 კბილი.
2006 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით --- საათზე, მ. შ-მ, ზ. ზ-მ, რ. ლ-მ და გ. გ-მა ხაშურის რაიონის სოფელ ----- ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა ნ. ლ-ზე, რომელსაც შეუკრეს ხელები, აუხვიეს თვალები და გასტაცეს კუთვნილი „ვაზ-----» მარკის ავტომანქანა „ნივა». ბოროტმოქმედებმა ნ. ლ-ს 4 საათზე მეტი დროის მანძილზე აღუკვეთეს თავისუფლება და ხელებგაკრულ მდგომარეობაში 5 თებერვალს, 00.30 საათზე, მიატოვეს თბილისში, ლილოს დასახლებაში.
აღნიშნული ქმედებისათვის რ. ნ-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 10 დეკემბრიდან; მ. შ-ს, ზ. ზ-სა და რ. ლ-ს მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2006 წლის 8 თებერვლიდან. მსჯავრდებულებს _ რ. ნ-სა და მ. შ-ს დაზარალებულების _ ი. და დ. ც-ების სასარგებლოდ დაეკისრათ 1500 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მსჯავრდებულებს _ რ. ნ-ს, მ. შ-ს, ზ. ზ-სა და გ. გ-ს დაზარალებულ ჟ. ქ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 5050 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ რ. ნ-ს, ზ. ზ-სა და მ. შ-ს ადვოკატებმა _ თ. მ-მა და ქ. ბ-მა, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ. ტ-მ და მსჯავრდებულმა რ. ლ-მ.
ადვოკატებმა _ თ. მ-მა და ქ. ბ-მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა გამართლება.
პროკურორმა ვ. ტ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულთა დამნაშავედ ცნობა საბრალდებო დასკვნით წარდგენილი მუხლებით და ზ. ზ-სათვის _ 19 წლითა და 6 თვით, მ. შ-სათვის _ 19 წლით, რ. ნ-სათვის _ 25 წლით, ხოლო რ. ლ-სათვის _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
მსჯავრდებულმა რ. ლ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულ რ. ლ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ადვოკატების _ თ. მ-სა და ქ. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ. ზ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; მას საბოლოოდ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მ. შ. გამართლდა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» ქვეპუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან; გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილშიც; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ ადვოკატი თ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენი გამოტანილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე; საქმის განხილვისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რადგან განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; რ. ნ-ს შარვლის ქსოვილის ბოჭკოები არ აღმოჩნდა ჟ. ქ-სა და გ. ბ-ს ფრჩხილების შიგთავსში, იატაკის საწმენდ ჯოხზე, ასევე არ აღმოჩნდა მისი სისხლი დაზარალებულების ტანსაცმელზე და _ პირიქით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რ. ნ-ს აღნიშნულ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია; დამაჯერებლობასაა მოკლებული გ. ბ-ს ბინაში რ. ნ-ს თითის ანაბეჭდების აღმოჩენა; დაზარალებულ ჟ. ქ-ს ბინის დათვალიერებისას არ მომხდარა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება, ასეთ ვითარებაში კი ხელის თითის კვლების აღმოჩენა და დამუშავება საეჭვოა, მით უფრო, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა ანაბეჭდის აღებიდან ერთ დღეშია შესრულებული.
ადვოკატ თ. მ-ს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, რადგან დათვალიერება ჩაატარა არაუფლებამოსილმა პირმა; სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ უარყო დაცვის შუამდგომლობა ზ. ზ-ს ავტომანქანის დათვალიერების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, რადგან ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა სსსკ-ის 278-ე მუხლის უხეში დარღვევით; როდესაც არ არსებობს პროკურორის დავალება, გამომძიებელ ზ. ჩ-ს არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებებში; გარდა ამისა, მანქანის დათვალიერებისას ზ. ზ-ს არ მისცეს უფლება, მიეწვია ორი დამსწრე, მეტიც, დათვალიერებას არ დაასწრეს თავად ზ. ზ. და მისი მეუღლე მ. ხ.; ოქმს არ ერთვის ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, ამიტომ ნ. ლ-ს ავტომანქანიდან ზ. ზ-ს ხელის თითების ანაბეჭდების ამოღებისას დარღვეულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები; აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აღნიშნული ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, საქმეში კი არ არსებობს ოქმი ხსენებული ფოტომასალის გაუვარგისების ან განადგურების შესახებ; ნ. ლ-ს მანქანის დათვალიერებისას ამოღებული კალკულატორი გამოძიებას ნივთმტკიცებად არ უცვნია, ექსპერტიზაზე არ გაუგზავნია, საქმეში არ დევს და არც დაზარალებულისათვის დაუბრუნებიათ; აქედან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ასეთ საეჭვო გარემოებათა არსებობისას თავისი განაჩენი დაემყარებინა უხეში პროცესუალური დარღვევით მოპოვებულ ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებზე; ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყვეტილიყო მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი თ. მ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და როინ ნებაძისა და ზ. ზ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
მსჯავრდებული რ. ლ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება ნ. ლ-ს ეპიზოდში მისი ბრალეულობის დასადასტურებლად; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად, ნ. ლ-ს მანქანიდან ამოღებული თითის კვლები არ მიეკუთვნება რ. ლ-ს; გაუგებარია, რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ცნო სასამართლომ ის დამნაშავედ; ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყვეტილიყო რ. ლ-ს სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული რ. ლ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენი, სხვა მასალებთან ერთად, ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს, დათვალიერების ოქმს, სასამართლო-ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს
საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე საქმეში არსებული არცერთი აღნიშნული მტკიცებულება არ წაკითხულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმისათვის დართული წერილობითი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე. სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
როგორც აღინიშნა, საქმის ის მასალები, რასაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ განხილულა. ამასთან, მხარეთა მონაწილეობით არ გარკვეულა ამ წერილობითი მტკიცებულებების მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის საკითხი.
სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად.
კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივითაც გამოაქვეყნოს და მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლიოს საქმეში არსებული ის წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა აღნიშნული, არსებითი დარღვევის გამო, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საჩივრებში მითითებულ მოტივებზე.
სსსკ-ის 561-ე მუხლის შესაბამისად, პალატა არ არის უფლებამოსილი, გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვოს მ. შ-ს გამართლების ნაწილში. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ განაჩენი საკასაციო წესით ბრალდების მხარის წარმომადგენელს არ გაუსაჩივრებია.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენი რ. ლ-ს, მ. შ-ს, რ. ნ-სა და ზ. ზ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.