შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
¹2177აპ ქ. თბილისი
19 ივნისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და ანდრეი ცუცქირიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-სა და მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მარტის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
1. ი. ა., _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
2. ა. ც., _საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
3. ნ. ბ. _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე _ თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ი. ა-ს, ა. ც-სა და ნ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 15 აპრილს ნ. ბ. გაასამართლა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2005 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით იგი გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. მიუხედავად ამისა, ნ. ბ. არ დაადგა გამოსწორების გზას და ჩაიდინა ახალი დანაშაული.
2006 წლის 19 სექტემბერს ნ. ბ., ა. ც. და ი. ა. დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ა. ჯ-ს კუთვნილ ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე ღამეს, დაახლოებით 03 საათზე, ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, ა. ჯ-ს კუთვნილ ავტოფარეხთან, გახსნეს შესასვლელი კარის ზემოთ არსებული მცირე ზომის ფანჯარა, უკანონოდ შეაღწიეს ავტოფარეხში, შიგნიდან გააღეს კარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა. ჯ-ს კუთვნილ ნივთებს: რკინის საჭრელ ე.წ. „ბალგარკას”, ღირებულს 180 ლარად; ხელსაწყოების კრებულს, ე.წ. „გალოვკებს”, ღირებულს 120 ლარად; ალუმინის დისკს თავისივე საბურავით, ღირებულს 175 ლარად; საერთო ჯამში 150 ლარად ღირებულ ორ ცალ ელექტრობურღს. როდესაც ბოროტმოქმედებმა დააპირეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, ამ დროს ისინი შენიშნა ა. ჯ-მა და მოუწოდა მათ, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები ადგილზე დაეტოვებინათ. მიუხედავად ამისა, ისინი არ დაემორჩილნენ დაზარალებულის კანონიერ მოთხოვნას, აშკარად დაეუფლნენ ზემოაღნიშნულ ნივთებს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ა. ჯ-ს ქონება და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მათ აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს სულ მიაყენეს 625 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2006 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 14.30 საათზე, ნ. ბ. იმყოფებოდა თბილისში, სადაც შეხვდა თავის ნაცნობს, არასრულწლოვან ლ. შ-ს, რომელსაც თავის მეგობრებთან ერთად სამარშრუტო ტაქსით გაჰყვა მეტროს სადგურ „სარაჯიშვილის” მიმართულებით. ნ. ბ-მა ამ დროს განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ლ. შ-ს სარგებლობაში არსებულ, ბ. კ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მეტროს სადგურ „სარაჯიშვილთან” მისვლის შემდეგ, ნ. ბ-მა სთხოვა ლ. შ-ს, გაჰყოლოდა მეტროს სადგურ „ახმეტელთან”, რაზედაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. მეტროს სადგურ „ახმეტელთან” ნ. ბ-მა ლ. შ-ს სთხოვა მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ ჩადებდა თავის სიმ-ბარათს, დარეკავდა და ისევ დაუბრუნებდა. ლ. შ-მა მას განუცხადა, რომ ტელეფონის ელემენტი არ იყო დამუხტული და ვერ შეძლებდა სარგებლობას. აღნიშნულზე ნ. ბ-მა ლ. შ-ს უთხრა, რომ იქვე ტელეფონის შემკეთებლად მისი ნაცნობი მუშაობდა, მასთან დამუხტავდა ტელეფონს და ისევ უკან მოიტანდა. ლ. შ-მა, იცნობდა და ენდობოდა რა ნ. ბ-ს, მას გადასცა მობილური ტელეფონი. ნ. ბ-ს წასვლის შემდეგ, მიუხედავად რამდენიმე საათის ლოდინისა, იგი აღარ გამოჩნდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ. ბ-მა ბოროტად გამოიყენა ლ. შ-ს ნდობა და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ბ. კ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 225 ლარად, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის ი. ა-სა და ა. ც-ს მიესაჯათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათვე დაზარალებულ ა. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 625 ლარის გადახდა. ი. ა-სა და ა. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2006 წლის 22 სექტემბრიდან, ნ. ბ-ს _ 2006 წლის 24 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ თ. მ-მა და მ. დ-მ.
ადვოკატმა თ. მ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. ა-სა და ა. ც-ს გამართლება. ასევე ნ. ბ-ს გამართლება ითხოვა ადვოკატმა მ. დ-მაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და ა. ც-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებსა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე და ამ მუხლებით მიესაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; ნ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებსა და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებზე და ამ მუხლით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ნ. ბ-ს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და ა. ც-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ი. ა-სა და ა. ც-ს დანაშაული არ ჩაუდენიათ; ისინი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან და ორივეს აქვს ალიბი, რომლის უარყოფა გამოძიებამ და სასამართლომ ვერ შეძლეს; ი. ა. და ა. ც. მთელი დღის მანძილზე სახლში იყვნენ, გვიანობამდე უყურებდნენ ტელევიზორს და გვიან დაწვნენ დასაძინებლად, რასაც ადასტურებენ მათი მშობლები, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მათი ჩვენებები და ენდო დაზარალებულ ა. ჯ-ს არათანმიმდევრულ, ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო ჩვენებებს; ა. ჯ-ს პირველი განცხადებით, მან თავისი ნივთები დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში, ე.ი. ამ პერიოდისათვის მისთვის არ იყო ცნობილი კონკრეტული პირები, ვისზეც ეჭვს მიიტანდა; მოგვიანებით, დაკითხვის დროს, მან დაასახელა ი. ა. და ა. ც., ხოლო გამოძიებამ შექმნა ტექნიკური პირობები მათი დამნაშავედ ცნობისათვის; ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ა. ჯ. დღემდე ი. ა-ს მოვალეა და ვალი რომ არ გადაეხადა, სწორედ ამიტომ ჩამოიშორა იგი.
კასატორის განმარტებით, წინასწარმა გამოძიებამ თავის დროზე ჩაატარა ი. ა-სა და ა. ც-ს ბინების ჩხრეკა რომელიმე მოპარული ნივთის აღმოსაჩენად, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა აღნიშნულ ფაქტებს სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა; არც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიღო რაიმე შედეგი; გამოძიებამ შეგნებულად არ ისურვა დაზარალებულის ჩვენებათა სიმართლეში დარწმუნება და დაცვას უარი უთხრა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე; სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დაცვის მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, მაგრამ დაკითხა ბრალდების მოწმეები, რომლებმაც, ფაქტობრივად, არაფერი იცოდნენ; განაჩენი აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე და რეალური მტკიცებულებები არ შექმნილა, ყველა ეჭვი კი უნდა გადაწყვეტილიყო განსასჯელთა სასარგებლოდ; სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-10 და მე-18 მუხლების მოთხოვნები და ორი უდანაშაულო ახალგაზრდა 4-4 წლით გაგზავნა ციხეში; ი. ა. და ა. ც. პირველად არიან სამართალში; ხასიათდებიან დადებითად; მათი წარსული არაფრითაა შებღალული; ორივეს აქვს საცხოვრებელი ადგილი და ორივე ეწეოდა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. მ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ი. ა-სა და ა. ც-ს გამართლებას.
კასატორი _ მსჯავრდებული ნ. ბ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო გამოძიების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი უდანაშაულობა, რაც დაადასტურეს მოწმეებმა; ქმედების კვალიფიკაციის შეცვლაც ადასტურებს იმას, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე „შეთითხნილია”; მის მიმართ უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის, სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებისა და მე-18 მუხლის მოთხოვნები; სასამართლო სხდომაზე უტყუარი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ა. ჯ-ს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებებით დადგენილია, რომ სამივე მსჯავრდებულს, როგორც მეზობლებს, კარგად იცნობს. ამასთან, ნ. ბ. და ი. ა. მისი მოსწავლეები იყვნენ და მათ დიდი ხნის მანძილზე ხელობას ასწავლიდა. ა. ჯ-მა კატეგორიულად მიუთითა, რომ 2006 წლის 19 სექტემბერს, ღამით ეზო განათებული იყო და სამივე მსჯავრდებული დაინახა. ისინი ავტოფარეხში იყვნენ და დაძახებაზე გაიქცნენ. ა. ც-ს საბურავი ეკავა, ი. ა-ს თეთრი ტომარა, მესამეს რა მიჰქონდა ვერ დააფიქსირა.
დაზარალებულის ჩვენებათა ობიექტურობაზე მეტყველებს სხვა პირთა ჩვენებები, კერძოდ:
მოწმე ნ. კ-მა საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას განმარტა, რომ 2006 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 09 საათზე მიდიოდა სამსახურში. ა. ჯ. თავის სახლთან განერვიულებული იდგა და უამბო, რომ ,,ა-მ, ი-მ და ბ-მა" ავტოფარეხი გაუქურდეს. ნ. კ-მა მიუთითა, რომ ა. ჯ-ს ეზო და სახელოსნო განათებულია დიდი ნათურებით.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე პ. ჭ-მა.
მოწმე ი. შ-ს ჩვენებითაც ირკვევა, რომ ა. ჯ-ს ეზო და სახელოსნო მუდმივად განათებულია. დაზარალებულმა ქურდობის ჩამდენ ერთ-ერთ პირად დაასახელა ა. ც.. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ავტომანქანას თვითონ არემონტებდა, რაშიც ი. ა-მა გადაიხადა 60 ლარი. ძირითადი სამუშაო შესრულებული იყო და ი. ა-ს დამატებით სათადარიგო ნაწილები უნდა მიეტანა.
ნ. ბ-ს მიერ თაღლითობის არაერთგზის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, უტყუარადაა დადასტურებული ბ. კ-ს, ვ. შ-ს და ლ. შ-ს ჩვენებებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალები ობიექტურადაა შეფასებული, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია და ეყრდნობა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენიდან სამივე მსჯავრდებულის მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები, რადგან აღნიშნული მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას. ამავე მოტივით განაჩენიდან ნ. ბ-ს მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი. ნ. ბ-ს მიმართ განაჩენიდან ასევე უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის), რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ. ბ. გაამართლა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის) და ეს განაჩენი ბრალდების მხარის წარმომადგენელს არ გაუსაჩივრებია.
გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს მსჯავრდებულებისათვის დაზარალებულ ა. ჯ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში. ა. ჯ. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნეს საქმის წინასწარი გამოძიებისას სამოქალაქო მოპასუხეებად ცნობილ იქნენ მხოლოდ ი. ა. და ნ. ბ.. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა მიუხედავად, ა. ც. სამოქალაქო მოპასუხედ არ უცვნიათ, რაზეც სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა. შესაბამისად, სამივე მსჯავრდებულს ისე დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება. ამის გამო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას ა. ჯ-ს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი სასჯელები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და ა. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-სა და მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს ნ. ბ-ს, ი. ა-სა და ა. ც-სათვის დაზარალებულ ა.ლ ჯ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენიდან ნ. ბ-ს, ი. ა-სა და ა. ც-თვის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები;
გასაჩივრებული განაჩენიდან ნ. ბ-ს მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. სააპელაციო პალატის განაჩენიდან ნ. ბ-ს მიმართ ასევე ამოირიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.