შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2185აპ ქ. თბილისი
20 ივნისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენით ზ. ქ., _ საქართველოს მოქალაქე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „დ” ქვეპუნქტებით, 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ჩაიდინა ძარცვა, ასევე _ ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენით ზ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 15 აგვისტოდან.
2001 წლის 4 თებერვალს, დღის საათებში, ზ. ქ-მა და ლ. ხ-მა დალიეს ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც განიზრახეს, ელექტროსაქონლით მოვაჭრე დ. მ-სა და გ. ვ-თვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წაერთმიათ ავტომანქანის აუდიომაგნიტოფონი.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნასვამი ზ. ქ. და ლ. ხ. იმავე დღეს მივიდნენ ქ. გორში, არსებული სამრეწველო ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც დ. მ-სა და გ. ვ-ს დახლზე გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა სახის ელექტროსაქონელი, მათ შორის _ აუდიომაგნიტოფონები. ზ. ქ. ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა აღნიშნულ დახლზე არსებულ სხვის მოძრავ ნივთს, კერძოდ, ოც ლარად ღირებულ მაგნიტოფონს, რომელიც ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. იმავდროულად ლ. ხ. ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა 150 ლარად ღირებულ ავტომანქანის აუდიომაგნიტოფონს და ორივე მძარცველმა დააპირა გაქცევა. დ. მ-მა მათ გაუწია წინააღმდეგობა და ლ. ხ. აიძულა, დახლზე დაედო აუდიომაგნიტოფონი. აღნიშნულით განაწყენებულმა ზ. ქ-მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ლ. ხ-თან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. მ-ს, რომელსაც მუშტით სცემეს სახის არეში. მას დაეხმარა ძმა _ ა. მ., იგი ცდილობდა, აღეკვეთა ზ. ქ-სა და ლ. ხ-ს უკანონო დანაშაულებრივი ქმედება, რის შემდეგაც მძარცველები ერთად გაიქცნენ ბაზრობის ტერიტორიიდან და გაიტაცეს 20 ლარად ღირებული მაგნიტოფონი.
აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ქ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით, 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შეკრებით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი, 2 თვე და 21 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით, 2 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 მაისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. ბ-მა. მან ითხოვა განაჩენის გაუქმება და ზ. ქ-ს გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენი დაზუსტდა კვალიფიკაციის ნაწილში: ზ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „დ” ქვეპუნქტებით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ზ. ქ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას ხულიგნობა და ძარცვა არ ჩაუდენია; მოწმეების ჩვენებები და ყველა სხვა გარემოება მიმართულია სულ სხვა პირისაკენ, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალები უდავოდ ადასტურებს, რომ ზ. ქ-მა ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ჩაიდინა ძარცვა, კერძოდ:
საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულმა გ. ვ-მა განმარტა, რომ ლ. ხ-მა მოსთხოვა მაგნიტოფონი ფულის შემდეგ გადახდის პირობით, რაზეც მან და დ. მ-მა უარი უთხრეს. ლ. ხ-მა მაგნიტოფონი დახლიდან მაინც აიღო. იქვე იდგა ზ. ქ.. ლ. ხ-მა დ. მ-ს ხელი გაარტყა სახეში და ჩხუბში ზ. ქ-ც ჩაერთო. ხმაურზე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დაცვის პოლიციელები, რომელთა დანახვაზე ლ. ხ. და ზ. ქ. გაიქცნენ და გაიტაცეს მაგნიტოფონი.
დაზარალებულმა დ. მ-მა განმარტა, რომ ზ. ქ. და ლ. ხ. ესაუბრებოდნენ გ. ვ-ს. ზ. ქ-მა დახლიდან აიღო აუდიომაგნიტოფონი და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. ამავდროულად ლ. ხ. მივიდა დ. მ-ს დახლთან, აიღო 150 ლარად ღირებული მაგნიტოფონი და უთხრა _ უნდა წაგართვაო. დ. მ-მა გამოსტაცა მაგნიტოფონი და დახლზე დადო. ამის გამო ლ. ხ-მა დაზარალებულს ხელი გაარტყა სახეში. ჩხუბში ზ. ქ-ც ჩაერთო. დაცვის პოლიციელების დანახვისთანავე ზ. ქ. და ლ. ხ. გაიქცნენ და გაიტაცეს აუდიომაგნიტოფონი.
საქმეში არსებული მასალებიდან, მათ შორის _ საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, ზ. ქ. განაწყენდა დ. მ-ზე, რადგან ამ უკანასკნელმა აიძულა ლ. ხ., აუდიომაგნიტოფონი დახლზე დაედო. ცხადია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვია ძარცვისას დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შედეგად წარმოქმნილმა კონფლიქტმა, რაც გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. ზ. ქ-ს არ ამოძრავებდა საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში ზ. ქ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს, რაც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ზ. ქ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ზ. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლით, 2 (ორი) თვით და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.