შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 29.07.2008
საქმის ნომერი
2კ-2203აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2203აპ 29 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ნ. დ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ნ. დ., _ დაბადებული ---- წელს, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები თბილისში, თემქის დასახლება, ......., ბინა ¹---ში, ამჟამად პატიმარი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 14 თებერვლიდან.

განაჩენით ნ.დ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, დიდი ოდენობით.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის ივნისის თვეში ნ. დ-მა განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ, ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში» პერიოდულად აქვეყნებდა განცხადებებს საცხოვრებელი ბინის, მდებარე თბილისში, თემქის დასახლება, ....ბინა ¹---ის დაგირავების შესახებ. განცხადების საფუძველზე, მას უკავშირდებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც წინასწარ უთანხმდებოდა, რომ თითქოსდა სესხის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 2 წლის ვადით დაუთმობდა თავის საცხოვრებელ ბინას, რის შემდეგაც მოტყუებით აფორმებდა მათთან სესხის ხელშეკრულებებს და თაღლითურად ეუფლებოდა მათ კუთვნილ თანხებს, კერძოდ: ნ. დ. 2005 წლის 1 აგვისტოს თაღლითური გზით დაეუფლა ნ. ბ-ს კუთვნილ _ 5422 ლარს, 2006 წლის 30 ივნისს ა. შ-ს კუთვნილ _ 5000 აშშ დოლარს, 2006 წლის 4 ივლისს ნ. მ-ს კუთვნილ _ 3500 აშშ დოლარს, 2006 წლის 5 სექტემბერს ქ. თ-ს კუთვნილ _ 4000 აშშ დოლარს, 2006 წლის 21 ოქტომბერს მ. ხ-ს კუთვნილ _ 4000 აშშ დოლარს, 2006 წლის 26 აგვისტოს ზ. ბ-ს კუთვნილ _ 5000 აშშ დოლარს, 2006 წლის 22 მარტს ი. ა-ს კუთვნილ _ 4000 აშშ დოლარს. ნ. დ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულმა თანხამ ჯამში შეადგინა _ 5422 ლარი და 25500 აშშ დოლარი.

ზემოთაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. დ-მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მოითხოვეს მასში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე, სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. დ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენში შემდეგი მიმართებით:

ნ. დ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (არაერთგზისობა).

ნ. დ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. დ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, განაჩენით მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, რომელიც დადასტურებულია დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, არავითარ ეჭვს არ იწვევს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. დ-ს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), პალატის აზრით, არასწორია, რადგან თაღლითობისათვის, რომელიც მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიცხვს, დიდ ოდენობად ითვლება მიყენებული ზიანის ოდენობა, რომლის ღირებულება აჭარბებს 10 000 ლარს. დამნაშავე, როდესაც სჩადის რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ თაღლითურ ქმედებას, რაშიც რეალიზებულია მისი რამდენიმე, ცალ-ცალკე წარმოშობილი განზრახვა, ფულში გამოხატული ზიანის შეჯამება და მის დიდ ოდენობად დაკვალიფიცირება სწორი არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს ერთიანი განგრძობადი დანაშაული, სადაც თაღლითური ქმედების ცალკეული ეპიზოდი მოცულია დამნაშავის ერთიანი განზრახვით და დაუფლებული ქონების ჯამი დიდ ოდენობას ქმნის. აღნიშნულ შემთხვევაში ნ. დ-ს მიერ მითვისებული თანხები ცალ-ცალკე აღებული არ შეადგენს 10000 ლარს და არ გვაძლევს მისი ქმედების დიდ ოდენობად დაკვალიფიცირების საშუალებას.

აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. დ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, არასწორია, უნდა ამოირიცხოს ბრალდებიდან და ამ ნაწილში შეწყდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს დანიშნულ სასჯელში, კერძოდ ნ. დ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ნ. დ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნ. დ-ს სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.