შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 28.07.2008
საქმის ნომერი
2კ-2219აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

2219 ქ. თბილისი

28 ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. შ., _ დაბადებული ---- წელს, საქართველოს მოქალაქე,--------- განათლებით, ----, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები აბაშის რაიონის სოფელ ნ-ში, _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

განაჩენით რ. შ-ს მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

რ. შ. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2003 წლის 11 აგვისტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დააკავეს ნ. კ., რომლის შვილი ე. თ. დაუკავშირდა რ. შ-ს და სთხოვა, დაეცვა თავისი დედის ინტერესები წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. რ. შ-მ გასამრჯელოს სახით მოსთხოვა მას 1000 (ათასი) აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხა, 10 ცალი 100 _ დოლარიანი კუპიურის სახით, 2003 წლის ოქტომბრის ბოლოს თუ ნოემბრის დასაწყისში ნ. კ-ს დედამთილმა, ნ. ბ-მა ქუთაისის საოლქო სასამართლოს შესასვლელ ჭიშკართან გადასცა რ. შ-ს ნ. ლ-ს თანდასწრებით. 2003 წლის ნოემბერში რ. შ-მ ნ. ბ-ს კვლავ გამოართვა 500 (ხუთასი) აშშ დოლარი და ქ. სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან აიღო ყალბი ცნობა, გაცემული 2003 წლის 3 ნოემბერს, რომლის მიხედვითაც, ნ. კ. რეაქტიული პარანოიდის დიაგნოზით 1997 წლის 24 იანვრიდან იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე.

ნ. კ-ს მიმართ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დაწყებისას რ. შ-ამ ე. თ-ს მოსთხოვა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, თითქოსდა, მოსამართლისათვის გადასაცემად, რომელიც ნ. კ-ს გაათავისუფლებდა სასამართლო დარბაზიდან. რ. შ-მ, შეძლო რა ნ. კ-ს ახლობლების დარწმუნება, რომ ნამდვილად უზრუნველყოფდა დანაპირების განხორციელებას, ბოროტად ისარგებლა მათი ნდობით და ნ. ბ-ს 2004 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთ ოთახში მოტყუებით გამოართვა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, 100 _ დოლარიანი კუპიურების სახით. 2004 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნ. კ-ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც გასაჩივრებულ იქნა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით. საბოლოოდ 2005 წლის 24 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მას შეუფარდა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ე. თ., დარწმუნდა რა რ. შ-ს თაღლითურ ქმედებაში, მოსთხოვა მას გადახდილი თანხის _ 3500 (სამი ათას ხუთასი) დოლარის უკან დაბრუნება. რ. შ-მ სხვადასხვა დროს დაუბრუნა მას 1600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარი, თუმცა 1900 (ათას ცხრაასი) დოლარი დასაბრუნებელი დარჩა.

2006 წლის 7 მარტს შინაგან საქმეთა ზუგდიდის სამმართველოს მუშაკებმა ეჭვმიტანილის სახით დააკავეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მცხოვრები ნ. შ., რომელსაც იმავე წლის 9 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. იმავე დღეს ბრალდებულ ნ. შ-ს მამიდა ნ. შ. დაუკავშირდა თავის ნათესავ რ. შ-ს და სთხოვა ნ. შ-ს კანონიერი ინტერესების დაცვა, რაზედაც რ. შ-მ უპასუხა, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას საქმეში ჩართვის შესახებ. აღნიშნული შეთავაზების შემდეგ რ. შ-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა ნ. შ-ს მშობლების კუთვნილ ფულად თანხას. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მეორე დღეს _ 10 მარტს, იგი ჩავიდა ქ. ზუგდიდში, შეხვდა ნ. შ-ს მშობლებს _ ზ. შ-სა და მ. ქ-ს, მამიდას _ ნ. შ-ს. იმისათვის, რათა ისინი დაერწმუნებინა, რომ, თითქოსდა, რეალურად ახორციელებდა ნ. შ-ს ინტერესების დაცვას, ისე, რომ არ ჰქონდა დაცვის ორდერი გამოწერილი, ოქმის მასალების გასაცნობად შევიდა შინაგან საქმეთა ზუგდიდის სამმართველოს შენობაში, ხოლო მათ უთხრა, დალოდებოდნენ შენობის გარეთ. ისე, რომ არ შეხვედრია საქმის გამომძიებელს და არ გაცნობია საქმის მასალებს, შენობიდან გამოსულმა რ. შ-მ ნ. შ-ს მშობლებსა და ახლო ნათესავებს უთხრა, რომ ნ. შ-ს ინტერესების დამცველი ლ. შ. ჩამოეშორებინათ საქმეში მონაწილეობისგან. ლ. შ. ჩამოშორდა ნ. შ-ს ბრალდების საქმეს. იმისათვის, რომ გაეადვილებინა ნ. შ-ს მშობლებისგან მოტყუებით თანხის მიღება და მოეპოვებინა მათი ნდობა, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ რ. შ-მ გაანდო თავის მეგობარ გ. ბ-ს. ეს უკანასკნელი მან შეახვედრა ნ. შ-ს ახლობლებს და გააცნო როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი და უთხრა, რომ ორივე ერთად მიაღწევდა მათთვის სასურველ შედეგს, კერძოდ, ნ. შ-ს აღკვეთის ღონისძიებას _ დაპატიმრებას შეუცვლიდნენ გირაოთი, რითაც თაღლითურად მოიპოვეს მათი ნდობა. გ. ბ-მ და რ. შ-მ უთხრეს ნ. შ-ს ნათესავებს, რომ პატიმრობის გირაოთი შესაცვლელად სჭირდებოდათ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, რაზეც მათგან მიიღეს უარი. მოგვიანებით, ერთმანეთში მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმდნენ 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის ან შესაბამისი ეკვივალენტის _ 2700 ლარის გადახდაზე.

აღნიშნულის შემდეგ რ. შ. მეზობლების მეშვეობით მობილური ტელეფონით პერიოდულად უკავშირდებოდა ნ. შ-ს მშობლებს და სთხოვდა, დაეჩქარებინათ ფულის შოვნა. მოთხოვნილი თანხის შეგროვების მიზნით, ნ. შ-ს მშობლებმა 950 (ცხრაასორმოცდაათი) აშშ დოლარად გაყიდეს თავიანთი კუთვნილი «ვაზ ----» მარკის ავტომანქანა და 2006 წლის 20 მარტს, ახლობლების თანდასწრებით, რ. შ-სა და გ. ბ-ს გადასცეს 1800 (ათას რვაასი) ლარი. აღნიშნული თანხის მიღების შემდეგ რ. შ. პერიოდულად უკავშირდებოდა ზ. შ-ს მეზობლების _ მ. ჯ-სა და გ. შ-ს მობილური ტელეფონით და სთხოვდა დარჩენილი თანხის გადახდის დაჩქარებას. საჭირო თანხის შეგროვების მიზნით ნ. შ-ს მშობლებმა მეზობლისგან ისესხეს თხილი და მისი გაყიდვით შეაგროვეს 900 (ცხრაასი) ლარი, რაც 2006 წლის მარტის ბოლოს გ. შ-ს კუთვნილ მაღაზიაში ამ უკანასკნელმა, რ. შ-ს მითითებით, გადასცა გ. ბ-ს. ადვოკატ რ. შ-ს ბრალდებულ ნ. შ-სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ დაპატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არც წინასწარი გამოძიებისას და არც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ დაუყენებია. ასევე არ დაუყენებია რ. შ-ს შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.

2006 წლის 1 აგვისტოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით ნ. შ-ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

რ. შ-სა და გ. ბ-ს თაღლითური ქმედებით ზ. შ-სა და მ. ქ-ს მიადგათ 2700 (ორი ათას შვიდასი) ლარის ზიანი.

იმავე განაჩენით გ. ბ., _ დაბადებული ---- წელს, საქართველოს მოქალაქე, ------ განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ზუგდიდში, ჭყონდიდელის ქუჩის ¹----ში, ამჟამად ძებნილი, მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. შ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი უტყუარი, ბრალის მადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო განაჩენი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, რადგან მხოლოდ დაზარალებულთა და მათი უახლოესი ნათესავი მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ და არსებითად წინააღმდეგობრივ ჩვენებებს ეფუძნება.

საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ როლანდ შონიას მიმართ უცვლელად დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. შ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი იმავე მოტივით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც მას განაჩენით შეერაცხა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ რ. შ-ს მიმართ და შეამოწმა მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებში დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, აგრეთვე დოკუმენტური ხასიათის სხვა მტკიცებულებების სახით მოიპოვება საკმარისი და უტყუარი საფუძველი დასკვნისათვის, რომ მსჯავრდებულმა რ. შ-მ ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედებები. აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ძირითადი მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენი, მიღებულია საპროცესო დარღვევებით. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორს არა აქვს მითითებული, რომელი მტკიცებულების მოპოვებისას მოხდა დარღვევა და კონკრეტულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა ან წესი დაირღვა. საქმის მასალების შესწავლით არ დგინდება რ. შ-ს ბრალდების საქმეზე სისხლის სამართალწარმოების განხორციელებისას რაიმე ისეთი არსებითი დარღვევა, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე.

განხილულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას სწორად დაადგინა რ. შ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მიეცა მართებული სამართლებრივი კვალიფიკაცია. ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი ჩადენის გარემოებების, აგრეთვე პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლომ სწორად განსაზღვრა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომაც.

ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2008 წლის 3 ივლისის მომართვით ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის განკარგულებით მსჯავრდებული რ. შ. შეწყალებულია, რის გამოც იგი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისგან. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ჟ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. შ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მისი შეწყალების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რ-დ შ-ს მიმართ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 აპრილის ¹276-ე განკარგულებით მისი შეწყალების გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.