შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
224აპ ქ. თბილისი
11 აპრილი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დ. ბ-ი, _ დაბადებული .. წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 26 დეკემბერს დ. ბ-მა განიზრახა, აშკარად დაუფლებოდა თერჯოლის რაიონის სოფელ .... მცხოვრებ, შერეული მაღაზიის მფლობელ ი. ა-ის კუთვნილ თანხას. ამისათვის იგი იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე მივიდა აღნიშნულ მაღაზიაში, სადაც შეხვდა ი. ა-ს და მოსთხოვა 100 ლარი, რაზეც მისგან მიიღო უარი. იმავდროულად დ. ბ-მა დახლიდან აიღო საწონი გირა და მისი გამოყენებით, მაღაზიისა და იქ არსებული ინვენტარის დანგრევის, ასევე _ ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ი. ა-ს კატეგორიულად მოსთხოვა თანხა. დ. ბ-ის მოქმედებით და მისი რეალური მუქარით შეშინებულმა ი. ა-მ მისცა მას ნავაჭრი თანხა 160 ლარის ოდენობით, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მეორე დღეს, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით, დ. ბ-მა ი. ა-ს დაუბრუნა აშკარად გატაცებული თანხის ნაწილი _ 140 ლარი.
აღნიშნული ქმედებისათვის დ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 24 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ზ. ფ-მ და მოითხოვა დ. ბ-ის გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 იანვრიდან.
კასატორი – მსჯავრდებულ დ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. ფ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
განსასჯელმა დ. ბ-მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ძარცვა არ ჩაუდენია; სასამართლომ დ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია დაზარალებულ ი. ა-ს და მოწმეების _ გ. ა-ს, ტ. გ-ს და მ. კ-ს ჩვენებებით, თუმცა გარდა დაზარალებულისა, არც ერთს უთქვამს, რომ დ. ბ-მა ი. ა-ს ფული წაართვა. ასეთს რომ ჰქონოდა ადგილი, დაზარალებული მაშინვე ეტყოდა იქ შესულ გ. ა-ს; დ. ბ-მა გულწრფელად განმარტა, რომ მას ფულის სესხება სურდა, რასაც ადასტურებს მეორე დღეს თანხის ნაწილის უკან დაბრუნება; კასატორის აზრით, დ. ბ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგანაც ფულის სესხად აღება არ არის მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და დ. ბ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ დ. ბ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, და მან მხოლოდ ისესხა ფული ი. ა-საგან.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულ ი. ა-ს არავითარი მოტივი არ ამოძრავებდა, რომ დ. ბ-ის წინააღმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება. უფრო მეტიც, მას პოლიციაშიც არ განუცხადებია მომხდარის შესახებ და დ. ბ-ის მამხილებელი ჩვენება მისცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოიძახეს გამომძიებელთან. დ. ბ-ი იყო იმავე სოფლის მკვიდრი, სადაც მაღაზია ჰქონდა ი. ა-ს, ეს უკანასკნელი მას და მის ოჯახს კარგად იცნობდა, ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ხშირად ატანდა პროდუქტებს თანხის შემდეგ გადახდის პირობით და შემთხვევის დღეს არ მისცა ფული სწორედ დიდი რაოდენობით ვალის დაგროვების გამო.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მიხედვით, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი მიუთითებს ამ მოქმედების ჩადენაზე ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ძალადობა ან ასეთის მუქარა მიმართული უნდა იყოს თვითონ პიროვნების და არა მისი ქონების მიმართ. დაზარალებულის ქონების მოთხოვნა, რასაც თან ერთვის მისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარა, არის გამოძალვა, ანუ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
დაზარალებულ ი. ა-ს როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ მან, უარი უთხრა რა დ. ბ-ს მოთხოვნაზე, მიეცა 100 ლარი, ეს უკანასკნელი განაწყენდა, აიღო დახლზე დადებული საწონი გირა, მოიქნია მაცივრისაკენ და უთხრა, რომ დაამტვრევდა მაღაზიაში ყველაფერს, თუ არ მისცემდა ფულს. ი. ა-ს შეეშინდა მისი მუქარის, გამოაღო უჯრა და მისცა 160 ლარი. ი. ა-ძე ასევე აღნიშნავს, რომ დ. ბ-ს თავისუფლად შეეძლო გირა ჩაერტყა მისთვის. ამდენად, დ. ბ-ს მუქარა მიმართული იყო ი. ა-ის ქონების განადგურებისაკენ, ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვინაიდან მას არ ახლავს ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი ნიშნები).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მსჯავრდებულ დ. ბ-ს, კანონის დარღვევით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ჩაუთვალა გაქარწყლებული ნასამართლობა, ასევე კანონის დარღვევით, ასეთივე გარემოებად ჩაუთვალა, რომ იგი თავს არ ცნობდა დამნაშავედ და არ აღიარებდა დანაშაულს. სააპელაციო სასამართლომ ეს დარღვევები არ აღმოფხვრა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, და კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: დ. ბ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.