შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 08.09.2008
საქმის ნომერი
2კ-329აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.09.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

¹329აპ ქ. თბილისი

8 სექტემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ი. გ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 4 ივლისის განაჩენით ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ:

2006 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 14 საათზე, ი. გ-ი დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ქ. მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე თავს დაესხა ა. ხ-ს, მუქარითა და ძალის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცა კუთვნილი 5 ათასი ლარი და „მოტოროლას» ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული ქმედებისათვის ი. გ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 3 თვის ვადით და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 6 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 თებერვლიდან. დაკმაყოფილდა დაზარალებულ ა. ხ-ის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულს მის სასარგებლოდ დაეკისრა 5 ათასი ლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. რ-მ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. გ-ის გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ი. G-ის ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით.

კასატორი _ მსჯავრდებული ი. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი გასაუქმებელია, რადგან სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობა მტკიცებულებებს შორის, რაც ეჭვქვეშ აყენებს განაჩენს; სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი და გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები; სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ და ითხოვს მის მიმართ საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულ ა. ხ-ისა და მოწმე ფ. ს-ს ჩვენებებით, ასევე _ ამოცნობის ოქმებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ ი. გ-მა ჯგუფურად ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, რომელთა ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით დაადგინა დასაბუთებული განაჩენი და უსაფუძვლოა კასატორის მითითება, თითქოს სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ გამოიკვლიეს და შეაფასეს ი. გ-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემები და ჩადენილი ქმედების სიმძიმე, რომელთა მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია.

ამასთან, სააპელაციო პალატის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი, რადგან ამ მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას და ი. გ-ის ქმედება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით სწორად იყო დაკვალიფიცირებული.

გარდა ამისა, ი. გ-ს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან არც ა. ხ-ი და არც ი. გ-ი, შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელედ და მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილან.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

ამასთან, ადრე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება ჰქონდა, წარედგინა სამოქალაქო სარჩელი საქმის სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. ა. ხ-მა მისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურება მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვის დროს (ს.ფ. 131).

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ი. გ-ის დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

გარდა აღნიშნულისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა და სხვა ნაწილში სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს ი. გ-სათვის დაზარალებულ ა. ხ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.