შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 06.04.2009
საქმის ნომერი
2კ-1322აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.04.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

1322აპ-08 6 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნით ა. ს-ს, _ დაბადებულს .... წელს, საქართველოს მოქალაქეს, დაოჯახებულს, ნასამართლობის არმქონეს, მცხოვრებს თბილისში, გლდანის მე-6 მ\რ, ¹9\92-ში, _ ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 27 მაისს, დაახლოებით 15 საათსა და 50 წუთზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ..... გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე მთვრალი ა. ს-აძე «BMჭ»-ს მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით .........», მოძრაობდა ქალაქ ქუთაისის მიმართულებით, რა დროსაც არ გაითვალისწინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29.1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და გადავარდა მდინარე ძირულის ხეობაში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ მისი მგზავრები _ ნ. ს-ძე და ხ. ს-ძე, ხოლო ნ. ა-ძემ კი მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ა. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულმა ა. ს-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აპელანტი _ მსჯავრდებული ა. ს-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ: აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. ძალიან განიცდის მომხდარს, რადგან გარდაცვლილები იყვნენ მისი ბიძაშვილის შვილი და ბიძაშვილის მეუღლე. ამასთან, იგი ხონში წავიდა სწორედ იმ ნათესავების თხოვნით, რომლებიც ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ. მართალია, თავიდან უარი თქვა წასვლაზე, რადგან «პახმელიის» გამო იყო შეუძლოდ, მაგრამ ვინაიდან მათ დახმარება სჭირდებოდათ და სხვა საშუალება არ ჰქონდათ უკან დასაბრუნებლად, უარი ვეღარ უთხრა. თბილისიდან გამომგზავრებისას იგოეთში იყიდა ერთი ბოთლი კონიაკი «თბილისური» და დალია 100 გრამი. შემდეგ ხაშურში გაიარა მამიდის მოსანახულებლად და იქიდან წამოსულმა განაგრძო გზა ხონის მიმართულებით. ამის შემდეგ ავარიამდე რა მოხდა, აღარ ახსოვს. აზრზე საავადმყოფოში მოვიდა. იქ გაიგო, რომ ავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი ბიძაშვილის შვილი, ხოლო მისი მეუღლე ნ. ა-ძე და ხ. ს-ძე იყვნენ მძიმედ. მოგვიანებით სასამართლო სხდომაზე მოსამართლისაგან შეიტყო ნ. ს-ის გარდაცვალების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენში ა. ს-ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: ა. ს-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ს-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი თავისი საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. ს-ძის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ა. ს-ძემ ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა. ს-სათვის თავისუფლების აღკვეთისა და ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი განსაზღვრულია მსჯავრდებულ ა. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც ვერ ჩაითვლება უსამართლო ან ზედმეტად მკაცრ ღონისძიებებად.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ, ვინაიდან ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ა. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მხოლოდ მერვე ნაწილით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ არც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და არც სახელმწიფო ბრალმდებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ს-ის საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 540-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის სხვა წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვთ ასეთი მოთხოვნით. რადგან რაიონული სასამართლოს განაჩენზე არ არსებობს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენი ა. ს-ის მიმართ უნდა შეიცვალოს კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ: არჩილ სებისკვერაძეს მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, როგორც არასწორად შერაცხულზე სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: ა. ს-ძე მსჯავრდებიდან ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაზე, როგორც არასწორად შერაცხულზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ არჩილ სებისკვერაძის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.