შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1419აპ ქ. თბილისი
18 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
სხდომის მდივან _ ო. დუმბაძის,პროკურორ _ გ. შ-ის,ადვოკატ _ თ. თ-ის,მსჯავრდებულ _ ზ. ბ-ის,დაზარალებულების _ ე. დ-ის და ნ. კ-შ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით ზ. ბ-ი, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2001 წლის ოქტომბერში ზ. ბ-მ შეიტყო, რომ ქ....... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების ¹1 სახლის სამსართულიანი შენობა შეისყიდა გ. თ-ემ, რომელიც შენობის პირველ სართულს ყიდდა იქ განთავსებულ ორგანიზაციებზე, მათ მიერ დაკავებული ფართების მიხედვით. ზ. ბ-მ გადაწყვიტა შპს „....» პირველ სართულზე მდებარე 66 მ2 ფართობის შესყიდვა, სადაც მუშაობდა ცხრა ქალი. ოთხი მათგანი _ ზ. ბ-ი, მისი და _ თ. ბ-ი, მ. ა-ი და ნ. კ-ი იყვნენ შპს „....» სრულუფლებიანი წევრები, ხოლო დანარჩენი ხუთი _ ე. Dდ-ი, მ. მ-ე, ლ. ს-ი, ს. მ-ი და ი. ლ-ე _ არა. იცოდა რა შპს „.....» დირექტორმა ზ. ბ-მა, რომ ზემოაღნიშნული 5 ქალი არ იყო შპს „...» წევრი, განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა მათ კუთვნილ პირად ქონებას, რომლითაც გ. თ-საგან შეიძენდა 66 მ2 ფართობს. იგი მივიდა ქალებთან და მოსთხოვა, ქ. ....... ში მდებარე საყოფაცხოვრებო სახლის პირველ სართულზე განთავსებული იმ ფართის შესყიდვა, რომელიც შპს „.......» ქალთა სალონს ჰქონდა დაკავებული. ზ. ბ-ი მათ შეჰპირდა, რომ, თუ თითოეული მათგანი ფართის შესასყიდად გადაიხდიდა 210 აშშ დოლარს, იგი ფართს გააფორმებდა შპს „.....», როგორც იურიდიულ პირზე, რის შემდეგაც შეძენილ უძრავ ქონებაზე ყველას თანაბარი უფლება ექნებოდა. აღნიშნული დაპირებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითოეულს გადაახდევინა პირველადი შესატანი _ 110 აშშ დოლარი.
2004 წლის სექტემბერში ე. დ-მა, მ. მ-ემ, ლ. .-მა და ს. მ-მ შეიტყვეს, რომ ისინი არ იყვნენ შპს „.....» წევრები და აღნიშნულ ფართზე, რომლის შესასყიდადაც თანხა გადაიხადეს, არანაირი ქონებრივი უფლება არ გააჩნდათ. მათ მიმართეს ზ. ბ-ს, რომელიც დაჰპირდა, რომ, თუ ისინი გადაიხდიდნენ დარჩენილ გადასახადს, იგი მათ სასამართლოს მეშვეობით დაარეგისტრირებდა შპს „.....» წევრებად, რის შემდეგაც მათ ექნებოდათ გარკვეული ქონებრივი უფლებები ხსენებულ ფართზე. ზ. ბ-მ მოიპოვა რა მათი ნდობა და ისარგებლა ბოროტად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა მათ პირად ქონებას, არ შეასრულა დანაპირები, 2004 წლის 25 სექტემბერს დადო ნასყიდობის ხელშეკრულება გ. თ-ძესთან და ქონება გააფორმა შპს „.....», ხოლო მ. მ-ე, ე. დ-ი, ლ. ს-ი და ს. მ-ი გაათავისუფლა სამსახურიდან და შენობაში აღარ შეუშვა.
აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ბ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 22 ივნისიდან. ამასთან, გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ზ. ბ-ის საცხოვრებელი ბინა მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა თ. ყ-მ. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ზ. ბ-ის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 9 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ყ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ზ. ბ-ის უდანაშაულობას; განაჩენი ემყარება ე.წ. „დაზარალებულებისა» და მოწმე გ. თ-ის ჩვენებებს; შპს „.....» ერთ-ერთი დამფუძნებელი ნ. კ-ი ცნობილია დაზარალებულად, თუმცა რა კრიტერიუმით _ უცნობია; ის ფაქტი, რომ ზ. ბ-მ ნ. კ-ი სამსახურიდან დაითხოვა, არ იძლევა თაღლითობის კვალიფიკაციას; საქმეში არ მოიპოვება ზ. ბ-ის მხრიდან თაღლითობის ჩადენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება; გაურკვეველია, რა ოდენობის მატერიალურ ზარალზეა საუბარი; განაჩენის თანახმად, თითქოს შეთანხმება შედგა 210 აშშ დოლარზე; პირველად შესატან თანხად სახელდება 100 აშშ დოლარი, მაგრამ მეორედ შესატანი თანხა აიღო თუა არა მსჯავრდებულმა, ამაზე არც ერთ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი; მ. მ-ის ჩვენებით, დაზარალებულები მოატყუა როგორც ზ. ბ-მ, ისე _ გ. თ-ემ; საინტერესოა, რატომ არ მიეცა მის ჩვენებას შეფასება გ. თ-ესთან მიმართებით.
კასატორის განმარტებით, დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ ზ. ბ-ს თანხა გადასცეს 2001 წლის ნოემბერში; 2004 წელს, საქმის სამოქალაქო წესით განხილვისას, მათ კატეგორიულად მიუთითეს, რომ მთლიანი თანხა _ 1050 აშშ დოლარი გადასცეს გ. თ-ეს ჯერ კიდევ 2003 წლის სექტემბერში; სამოქალაქო სარჩელში მოპასუხედ დასახელებული იყო გ. თ-ძე; ამჟამად ეს ქალბატონები აცხადებენ, რომ 1050 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცეს ზ. ბ-ს, რომელმაც შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს; სასამართლომ გ. თ-ძეს დააკისრა 1050 აშშ დოლარის გადახდა დაზარალებულების სასარგებლოდ; ასევე დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის სარჩელი მათი შპს-ს საკუთრებაში არსებული ფართიდან გასახლების შესახებ; თუ ზ. ბ-მა მოატყუა ეს ქალბატონები, მაშინ რატომ არ ამხილეს იგი მათთვის ზიანის მიყენებაში და რატომ არ ჩართეს მოპასუხედ საქმეში?
ადვოკატი თ. ყ-ი ასევე აღნიშნავს, რომ განაჩენი ზ. ბ-ს ედავება 1050 აშშ დოლარის თაღლითური გზით მითვისებაში; გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით კი ამ თანხის გადახდა დაკისრებული აქვს გ. თ-ეს; ამ შემთხვევაში გაუგებარია, რაში დაედო მსჯავრი ზ. ბ-ს; საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრივატიზაციის თანხა _ 2050 ლარი _ შპს „.....» გადაიხადა 2001 წლის 19 ოქტომბერს, რაც მიუთითებს დაზარალებულთა ჩვენებების უსწორობაზე, ვინაიდან ნოემბრის ბოლოს შეგროვილი თანხა წინა თვეში ვერ გადაირიცხებოდა; ე.ი. ჩვენებები მოგონილია და ზ. ბ-სათვის მათ თანხა არ გადაუციათ; გარდა აღნიშნულისა, ვერანაირი სიტყვიერი შეთანხმება, რაზეც უთითებდა გ. თ-ე თავის ჩვენებაში, ვერ გააბათილებს წერილობით მასალებს; შპს „.....» მიერ 66 მ2 ფართის ღირებულების 2001 წლის 19 ოქტომბერს გადარიცხვა დადასტურებულია საგადასახადო დავალებითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელშიც გ. თ-ე ადასტურებს ფართის ღირებულების თანხის მიღებას; მაშინ გაუგებარია, რაში აიღო მან 2003 წლის სექტემბერში 1050 აშშ დოლარი დაზარალებულებისაგან; გ. თ-ეს ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ ჰქონდა შპს-ს წესდება, პარტნიორთა სია, კრების ოქმი, საიდანაც ჩანდა, რომ შპს ოთხი პირის მიერ იყო დაფუძნებული; სასამართლომ იგნორირება გაუკეთა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებასა და ნასყიდობის ხელშეკრულებას, არ დაასაბუთა თავისი დასკვნა ზ. ბ-ის მიერ თაღლითობის ჩადენის თაობაზე; დაზარალებულმა ქალბატონებმა წლების მანძილზე არ მიმართეს სასამართლოს ზ. ბ-ის მხრიდან მათი უფლებების დარღვევის, შევიწროების, მუქარის, ცემისა და სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.
კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ გ. თ-ემ 2007 წელს სარჩელი შეიტანა გორის რაიონულ სასამართლოში ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ „შეცდომა დაუშვა კონტრაჰენტის პიროვნებაში», რადგან ფიქრობდა, რომ ქალბატონები, ვისგანაც ფული აიღო, გახდებოდნენ უძრავი ქონების მეპატრონეები, როგორც შპს-ს დამფუძნებლები; გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გ. თ-ემ ხელშეკრულება დადო არა ფიზიკურ პირ ზ. ბ-თან, არამედ _ შპს „....» დირექტორთან და მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ ვინ იყვნენ შპს-ს დამფუძნებლები.
რაც შეეხება დაზარალებულების შპს-ში გაწევრებას, ამისათვის საკმარისი არ იყო მხოლოდ სურვილის გამჟღავნება; მათთვის არავის შეუშლია ხელი, შეეკრიბათ საბუთები; მათ არ შეუტანიათ სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით; ისინი გახდნენ ცრუ მოწმეები გ. თ-ისა და სხვათა ინტერესების დასაცავად; ამ საქმეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ცალსახად ამტკიცებს ზ. ბ-ის სიმართლეს, ხოლო განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს და დაინტერესებული ადამიანების ჩვენებებს; კრიტიკას ვერ უძლებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ზ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ეჭვის შეტანის თაობაზე; საქმეში არსებულ ყველა სამედიცინო ცნობაში აშკარად იკითხება ის დაავადებები და გართულებები, რაც სჭირს ზ. ბ-ს; იკითხება ექიმის გვარი და მისი პირადი ბეჭდის რეკვიზიტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. ყ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და ზ. ბ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას.
დაზარალებულები _ ე. დ-ი, მ. მ-ე, ს. მ-ი, ი. ლ-ე, ლ. ს-ი და ნ. კ-ი შესაგებლით ითხოვენ ზ. ბ-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ადვოკატმა თ. თ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს და გარკვეული პირების მიერ მართულ დაზარალებულთა ჩვენებებს; საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს ზ. ბ-ის უდანაშაულობას.
თავისი დამცველის მოთხოვნას მხარი დაუჭირა ზ. ბ-მ და განაცხადა, რომ დაზარალებულთაგან თანხა არ მიუღია და უდანაშაულოა.
დაზარალებულმა ე. დ-მ განაცხადა, რომ თანხა გადასცეს ზ. ბ-ს, ითხოვს ფართს და საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.
ნ. კ-მ ასევე განაცხადა, რომ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არაფერი აქვს სათქმელი.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ ზ. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უდავოდ დადასტურებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების ანალიზით უდავოდ დადგენილია, რომ ზ. ბ-მ დაზარალებულებს თანხა გადაახდევინა 2 ნაწილად, მათგან პირველი ნაწილი პირადად აიღო, ხოლო მეორე _ მისივე მითითებით, გადაეცა გ. თ-ეს. დაპირების მიუხედავად, ეს პირები მსჯავრდებულმა არ შეიყვანა პარტნიორებად შპს-ში, რაც დაზარალებულებს მისცემდა უფლებას, ყოფილიყვნენ ფართის მესაკუთრენი და გაეგრძელებინათ საქმიანობა, პირიქით, ზ. ბ-მ ისინი გაათავისუფლა სამსახურიდან და შენობაში აღარ შეუშვა, კერძოდ:
მოწმე გ. თ-ე აღნიშნავს, რომ ფართი მიჰყიდა შ.პ.ს. ,,.....», რომლის დირექტორი იყო ზ. ბ-ი და საფასური ეტაპობრივად მიიღო.
გ. თ-ის ჩვენებას ადასტურებს გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება, რომელზეც მიუთითებს კასატორი, კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქალთა სალონის 66მ2 ფართი შეიძინა ზ. ბ-მ, ხოლო მოსარჩელეებს ამ ფართის შესყიდვის თაობაზე რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენიათ (ტ. 1, ს.ფ. 153-154). ამდენად, გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ზ. ბ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
საგულისხმოა მოწმე ე. ჩ-ის ჩვენება. იგი მიუთითებს, რომ დაზარალებულებმა 2-3-ჯერ მიაკითხეს სასამართლოში, მათგან ერთხელ _ ზ. ბ-თან ერთად და მოითხოვდნენ შ.პ.ს ,,...» პარტნიორებად რეგისტრაციას (ტ. 2, ს.ფ. 240).
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, მათ ობიექტურობაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს და უდავოდ დადგენილია, რომ თანხის ნაწილი უშუალოდ ზ. ბ-მა მიიღო, რის შემდეგ დაზარალებულები არ დაარეგისტრირა შპს-ს პარტნიორებად, თუმცა სწორედ ამ პირობით აიღო თანხა, რომლითაც ფართი შეიძინა გ. თ-ისაგან.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ამის მოტივად მოსამართლის ბრძანებაში არ არის მითითებული რომელიმე სამედიცინო ცნობა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2008 წლის 17 აპრილს მოსამართლემ გამოიტანა დადგენილება განსასჯელის სასამართლოში მოყვანის შესახებ. შემოწმებისას ზ. ბ-ი სახლში არ აღმოჩნდა და აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა 2008 წლის 16 მაისს, განსასჯელის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არაერთხელ გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დადგენილია სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით, იგი კანონიერი და დასაბუთებულია.
ამასთან, ზ. ბ-ის ხანდაზმული ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა შეუმუბუქდეს სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ადვოკატ თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ზ. ბ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.