განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 06.07.2009
საქმის ნომერი
2კ-1514აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

1514აპ.-08 6 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. Gგ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ი. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 25 თებერვლიდან.

განაჩენით ი. გ-ეს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი.Gგ-ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ „აკ-47“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრიან, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ¹..., სროლისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს _ ავტომატს და ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის 7, 62 მმ კალიბრიან სამხედრო ვაზნებს, განკუთვნილს „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „აკ“, „აკმ“, „აკს“ ავტომატებისათვის, „რპკ“, „რპკს“ ხელის ტყვიამფრქვევისა და „სკს“ თვითდამმუხტავი კარაბინისათვის. ი. Gგ-ემ, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა რა ზემოაღნიშნულ ავტომატსა და საბრძოლო მასალას, 2006 წლის 22 აგვისტოს, 21.30 საათზე, მეგობრებთან _ ზ. ც-სა და გ. ს-თან ქეიფის დროს, გამოიტანა იგი თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. 2006 წლის 24 აგვისტოს, ი. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

აპელანტი, მსჯავრდებული ი. გ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ხ-ი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობასა და მის გამართლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. გ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ აღნიშნეს, რომ განაჩენი არის უკანონო, ზედმეტად მკაცრი და ითხოვეს ცვლილების შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში: სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ამორიცხვა, ხოლო იმავე მუხლის I ნაწილით, დამატებითი სასჯელის გარეშე, ისეთი სასჯელის შეფარდება, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ი. გ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ამოღების ოქმით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ¹686, 2006 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით ი. გ-ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ, 2008 წლის 25 თებერვლის ძებნილის დაკავების ოქმით _ ი. გ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და ამ ნაწილში სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ი.Gგ-ემ თავის ჩვენებებში აღნიშნა, რომ ზ. ც-ე იყო ხელოსანი, რომელიც ხის ნაკეთობებზე მუშაობდა. მათ მოილაპარაკეს, რომ ი. გ-ის ავტოფარეხში გაეხსნათ ავეჯის საამქრო. ამ მიზნით მან ზ. ც-ე შემთხვევამდე აიყვანა სახლში ავტოფარეხის საჩვენებლად, შემდეგ კი 15 დღით წავიდა ერევანში. მისი არყოფნის პერიოდში ზ. ც-ემ, რომელმაც იცოდა, სად ინახავდა ი. გ-ე გასაღებს, ავტომატი შეიტანა მის ავტოფარეხში ისე, რომ ი. გ-ემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მოწმის სახით დაკითხული ლ. ნ-ის (მსჯავრდებულის დედის) ჩვენებით კი დადგენილია, რომ მისმა შვილმა 2006 წლის 22 აგვისტოს მასთან სახლში სტუმრად მიიყვანა თავისი ორი მეგობარი, რომელთაც სუფრა გაუშალა. მათგან ერთ-ერთს _ ზ. ც-ეს ჩემი შვილი არ იცნობდა და სუფრასთან საუბრის დროს ჰკითხა: „შენ რა გქვიაო“.

მსჯავრდებულ ი. გ-ის საცხოვრებელი სახლის საპირფარეშოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ ავტომატიდან გასროლილი მასრების ამოღების ფაქტი ნათლად მიუთითებს ი. გ-ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის _ ვაზნების შეძენა-შენახვის უტყუარობაზე.

ამდენად, ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული მსჯავრდებულ ი. გ-ის ზემოაღნიშნული ჩვენება, რომ, თითქოსდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მასთან სტუმრად მყოფმა, აწ გარდაცვლილმა ზ. ც-ემ მიიტანა.

რაც შეეხება ი. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებას, პალატის აზრით, იგი მხოლოდ ვარაუდზეა დამყარებული, რითაც დარღვეულია საქართველოს სსკ-ის 503-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც: ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე».

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.

როგორც საბრალდებო დასკვნით, ისე განაჩენით დასაბუთებულია, რომ: ,,ი. გ-ემ, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა რა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, გამოიტანა იგი თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში და ჰაერში განახორციელა რამდენიმე გასროლა».

როგორც ცნობილია, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ითვლება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილის მაკვალიფიცირებელ გარემოებად, რომელიც გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, იმ პირის მიერ, ვისაც ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ტარება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხავა ფორმით, მთავარია, იარაღის ტარება მიზნად არ ისახავდეს მის შენახვას სხვა დასახლებულ პუნქტში.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პალატისთვის გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ იარაღის ტარების განმარტებაში: იარაღის ტარება _ ეზოში გამოტანით, თუ, საერთოდ, იარაღის ტარება _ ყველგან.

მსჯავრდებული გ. ს-ე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ შემთხვევის დღეს, როცა ზ. ც-ე გავიდა ოთახიდან და შეაგვიანდა, გავიდა ი-ც, ბოლოს კი თავად, გარეთ გასულმა, დაინახა, რომ ზ-ს ხელში ეჭირა ავტომატი, საიდანაც მოახდინა გასროლა აფახაზეთში დაღუპულ მებრძოლთა საპატივცემულოდ, რის შემდეგაც ისინი გავიდნენ ეზოდან და ავიდნენ ზევით, სადაც კიდევ ისროლეს. მან აღნიშნა, რომ ავტომატი ვის ეკუთვნოდა, არ იცის და არც ის იცის, შემდეგ რა ბედი ეწია იმ იარაღს.

საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად: „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ი. გ-ის მიმართ 236-ე მუხლის II ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით და ერთნაირი გულმოდგინებით გაარკვიოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ხელახალი სასამართლო გამოძიების ჩატარების დროს უნდა დაიკითხონ მოწმეები და ზუსტად გაირკვეს, თუ სააპელაციო სასამართლომ რა იგულისხმა ,,იარაღის ტარების» ფორმულირებაში, რის შემდეგაც სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის –ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ი. გ-ის მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.