შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
167აპ-09 ქ. თბილისი
22 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით გ. ჩ. გამართლდა სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 ივლისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მ, იყო რა ორჯერ ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, კერძოდ:
1999 წლის 3 სექტემბერს გ. ჩ. გაასამართლა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ და იმ დროს მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება მსჯავრდებულს გადაევადა.
2000 წლის 23 თებერვალს ამავე სასამართლომ კვლავ გაასამართლა გ. ჩ. და სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ქურდობა ბინაში შეღწევით) მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელიდან 3 თვე და განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2004 წლის 26 აპრილს გ. ჩ. გაასამართლა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ და სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიუსაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი _ 3 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 6 აპრილიდან.
2008 წლის 6 ივლისს გ. ჩ. დაუკავშირდა დაუდგენელ სამ პირს. ისინი შეთანხმდნენ, განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა, რისთვისაც შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და დანებით. იმავე დღეს, დაახლოებით 06 საათზე აღნიშნული პირები მივიდნენ ქ. თბილისში, ც. დ-სა და ფ-ს ქუჩებს შორის არსებულ ე.წ. ,,---», სადაც ო. მ-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და დანების გამოყენების მუქარით გასტაცეს ფული და სხვადასხვა ნივთები, რითიც მიაყენეს 3100 ლარის ოდენობის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა. მათ მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული გ. ჩ. და მისი ადვოკატი მ. ტ. საჩივარში მიუთითებენ, რომ საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები. მოწმეები _ ნ. ჩ. და მ. კ. კატეგორიულად აცხადებენ, რომ გ. ჩ. 2008 წლის 2 ივლისიდან 15 ივლისამდე სამსახურიდან არ გასულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მოითხოვენ საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმეთა ჩვენებები, რომლებზეც მიუთითებენ კასატორები, შეფასებულია ობიექტურად. მ. კ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ დანამდვილებით ვერ იტყვის, 6 ივლისს, ღამით გ. ჩ. სამსახურიდან გავიდა თუ არა.
საგულისხმოა მოწმე ნ. ჩ-ს ჩვენება. იგი მიუთითებს, რომ გ. ჩ-ს იცნობს დიდი ხანია, მისი დაკავების შესახებ მესამე დღეს შეიტყო, თუმცა ,,ვერ გავიდა გამომძიებელთან». ამასთან, მას უთხრეს, რომ გამომძიებელს შეეძლო, თავად მისულიყო დასაკითხად და ამიტომაც არ მივიდა, თან «არც ეცალა». თავად მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოში აცხადებს, რომ სამსახურში ღამით «ხშირად რჩებოდა», შემდეგ კი მიუთითებს _ სამსახურიდან პორველად 16 ივლისს გამოვედიო. ამავე ჩვენებში გ. ჩ. აღნიშნავს, რომ სამსახურიდან მხოლოდ იქვე მდებარე მაღაზიაში გადიოდა.
დაზარალებულმა ო. მ-მა საქმის წინასწარი გამოძიებისას ჯერ ფოტოსურათებით, შემდეგ კი პირადად ამოიცნო გ. ჩ. და კატეგორიულად განაცხადა, რომ სწორედ იგი იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი. დაზარალებულმა სასამართლოშიც მიუთითა, რომ გ. ჩ-ს ამოცნობაში არ შემცდარა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ გ. ჩ-მ ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა. ამასთან, მსჯავრდებულს წინა ნასამართლობები გაქარწყლებული აქვს და მისი ქმედების სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება არასწორია, კერძოდ:
რამდენადაც გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით, ქურდობისათვის განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, გ. ჩ-ს ადრე ჩადენილი ქურდობებისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა ათვლოდა სწორედ 2004 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოხდის დღიდან, უკიდურეს შემთხვევაში _ 2005 წლის 6 იანვრიდან, რადგან გ. ჩ-ს განსაზღვრული სასჯელის _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყო 2004 წლის 6 აპრილიდან. ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 სექტემბრისა და 2000 წლის 23 თებერვლის განაჩენებით დადგენილი ქმედებები გ. ჩ-მ ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში. სსკ-ის მე-100 მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკში ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ.
ამდენად, ნასამართლობის გაქარწყლების აღნიშნული 3-წლიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 6 იანვარს და ვინაიდან გ. ჩ-მ ბოლო დანაშაული ჩაიდინა 2008 წლის 6 ივლისს, ამ დროისათვის იგი ნასამართლობის არმქონე იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჩ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში გ. ჩ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ. ჩ-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.