განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გადაწყვეტილების ტექსტი
190აპ.-09 13 ივლისი, 2009 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენით კ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. ჩ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა. განაჩენით მას მსჯავრი დაედო შემდეგისათვის:
2008 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 23.00 საათზე, კ. ხ-ა, საცოლესთან _ ხ. Oო-თან ერთად სეირნობდა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, რა დროსაც დაინახეს, რომ აღნიშნულ გამზირზე ¹....-ის შესასვლელ კართან, კიბეზე ჩამომჯდარი იყო კ. ხ-ას ნაცნობი _ ნ .ჩ-ი, რომელიც იყო მთვრალი. კ. ხ-ამ მას შესთავაზა დახმარება, რის საპასუხოდაც ნ. ჩ-მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, დედა შეაგინა. აღნიშნულით განაწყენებულმა კ. ხ-ამ განიზრახა ნ. ჩ-ის მიეყენებინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ. ხ-ამ ნ. ჩ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ეს უკანასკნელი ძირს დაეცა, მაგრამ კ. ხ-მ კვლავ გააგრძელა წაქცეული ნ. ჩ-ის ცემა ხელებისა და ფეხების მეშვეობით სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რითაც მას განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების გამო, ნ. ჩ-ი გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2008 წლის 4 ივნისს იგი გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ხ-ამ. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს თავის მიერ ჩადენილ ქმედებას, ჰყავს 81 წლის დედა და ფეხმძიმე მეუღლე, რომელთაც მის გარდა სხვა მარჩენალი არ ჰყავთ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ კ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს მისთვის სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ კ. ხ-ას მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ხ-ას ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს. რაც შეეხება კ. ხ-ას მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელსაც ასაჩივრებს კასატორი, უნდა აღინიშნოს, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და შედეგების, ასევე მისი ჩამდენის პიროვნების გათვალისწინებით, იგი არის სამართლიანი, რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ამჟამად მოქმედი კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს და რომლის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ყველა ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაზეც მითითებულია საკასაციო საჩივარში. ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული სასჯელის ზომის შეცვლის კანონიერი საფუძველი, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა მსჯავრდებულ კ. ხ-ს სამოქალაქო მოპასუხედ ცნობა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულ კ. ხ-ის დაეკისრებინათ დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. ჩ-ას სასარგებლოდ 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება კ. ხ-ას სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ კ. ხ-ზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. ჩ-ის გადასახდელად 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან, ნ. ჩ-ას უნდა დარჩეს უფლება, აღნიშნულ თანხაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ კ. ხ-ის დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. ჩ-ს სასარგებლოდ 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო ნ. ჩ-ას დარჩეს უფლება, აღნიშნულ თანხაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ კ. ხ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.