საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
208აპ-09 ქ. თბილისი
24 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განაჩენზე.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. მ-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გ. მ-ს საბრალდებო დასკვნიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული. იმავე განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულ ი. ფ-ს სარჩელი და გ. მ-ს ი. ფ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ, განუხილველად იქნა დატოვებული დაზარალებულ ი. ფ-ს სამოქალაქო სარჩელი და შესაბამისად, ამოირიცხა მითითება ი. ფ-ს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მსჯავრდებულ გ. მ-სათვის 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან, ი. ფ-ს განემარტა უფლება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. მ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.