საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.10.2009
საქმის ნომერი
2კ-516აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

516აპ-09 5 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განაჩენზე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით გ. ბ-ლი, _ დაბადებული 1981 წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 29 აგვისტოდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გ. ბ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს.

ნივთმტკიცებები _ გ. ბ-ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» ნარევი ფხვნილი საერთო წონით _ 2,1733 გრამი, რომლებიც ინახება შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; BMჭ-320 მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ............... რომელიც მოთავსებულია შს სამინისტროს 32-ე ბაზის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.