შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
547აპ-09 27 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ა-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით მ. კ-ვი, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, აზერბაიჯანელი, ცოლშვილიანი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მარნეულის რაიონის სოფელ ..........., ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. კ-ვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის IV ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 31 აგვისტოდან.
განაჩენით მ. კ-ვს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. კ-მა განიზრახა, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეეძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ისე თავის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანასა და ასევე თავის საცხოვრებელ ბინაში.
2008 წლის 31 აგვისტოს გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონის სოფელ კასუმლოში დააკავეს მ. კ-ვი. იმ დროს იგი გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომანქანით ,,ვაზ-21099», სახელმწიფო ¹..........
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მ. კ-ვის პერანგის ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით _ 0, 3267 გრამი. მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას _ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით _ 0, 0085 გრამი, ხოლო მარნეულის რაიონის სოფელ ......... მდებარე მ. კ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას _ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით _ 3, 5731 გრამი. სულ ამოიღეს მ. კ-ის მიერ ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით _ 3, 9083 გრამი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მ.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ მ. კ-ის მიმართ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი, ვინაიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნოდა. მ. კ-ის განმარტებით, პერანგი, რომლის ჯიბიდანაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკი, მისი ძმის _ ზ. K-ის იყო და ჯიბეში თუ ნარკოტიკი იდო, მან არ იცოდა. ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებიც მისი ძმის, ზ. K-ის იქნებოდა, რადგან ის არის ნარკოტიკების მომხმარებელი. თავად მას ნარკოტიკებთან არასოდეს შეხება არ ჰქონია და მისთვის დღემდე უცნობია, საიდან მოხვდა ნარკოტიკები მის საწოლში, ლეიბის ქვეშ.
მ. კ-ვი თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ჰეროინიანი“ შპრიცის შეძენა, შენახვის ნაწილში, რომლის არსებობის შესახებ მან ასევე მისი ძმისგან, ხ. კ-სგან ტელეფონის საშუალებით შეიტყო, როდესაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მანქანაში, ხალიჩის ქვეშ, ინახავდა ნარკოტიკული ნივთიერებით სავსე შპრიცს (რომელშიც იყო 0, 05 გრამი ,,ჰეროინის» შემცველი ხსნარი) და სთხოვა მისი გადაგდება. მ. კ-მა შპრიცი ხალიჩის ქვემოდან ამოიღო, მაგრამ გადაგდება ვერ მოასწრო, რადგან პოლიციელებმა გააჩერეს, რის გამოც შპრიცი იქვე, მანქანის სალონში, პლასტმასის ყუთში დამალა. შპრიცი ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ა. ა-მ საჩივრით ითხოვა მ. კ-ვის მიმართ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მ. კ-ს ბრალდების ფორმულირებიდან ამოერიცხოს გასაღების მიზანი, გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მსჯავრი დაედოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი დედა, განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ითხოვა მარნეულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ავტომანქანის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენი მ. კ-ვის მიმართ დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ- კ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის შეფარდება; მტკიცებულებების არარსებობის გამო განაჩენიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის ამორიცხვა; განაჩენიდან ავტომანქანის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მითითების ამორიცხვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ა-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მ. კ-ვის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის შეფარდების, განაჩენიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის, ავტომანქანის ჩამორმევისა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მითითების ამორიცხვის შესახებ, უსაფუძვლობის გამო:
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: საქართველოს შსს-ს სოდ-ის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების _ ნ. ა-სა და გ. კ-შვილის ჩვენებებით, საქმის მწარმოებელი გამომძიებლის _ დ. შ-ის ჩვენებით, დაკავების, ამოღების, პირადი, ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის ¹999/სქ დასკვნით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით მ. კ-ვის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ნარკოტიკების გასაღების მიზნის გარდა, დადასტურებულია, მაგრამ მას სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლით: ,,მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა». აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე მოცემული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. კ-ვს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და რაც მეტისმეტი სიმკაცრის გამო არ არის აშკარად უსამართლო.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები მ. კ-ვის ძმის იყო და მათთან მ. კ-ს არანაირი შეხება არ ჰქონია.
მ. კ-ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკისას მისი პერანგის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში ორ ცალად დაფასოებული, მოყვითალო-მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, რაც არ შეიძლებოდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო მ. კ-სათვის და მის მიერ იმის მითითება, რომ აღნიშნული პერანგი თავის ძმას ეკუთვნოდა და არ იცოდა, რომ ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება იდო, მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა და დანაშაულის სხვისთვის გადაბრალებისაკენ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მ. კ-ს წინასწარი გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ განუცხადებია, რომ პერანგი მისი ძმის საკუთრება იყო და მანქანაში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ მისივე ძმისგან გახდა მისთვის ცნობილი.
მ. კ-ვი რომ გულწრფელი არ არის, ჩანს დამატებითი მოწმის სახით დაკითხული, საქმის მწარმოებელი გამომძიებლის _ დ. შ-ის ჩვნებიდანაც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მ. კ-ის დაკავება და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოხდა საპროცესო კანონის სრული დაცვით. დაკავებისას მას არ უთქვამს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ მის ძმას ეკუთვნოდა (აღნიშნული მან მხოლოდ სასამართლო გამოძიებაში განაცხადა). სიმართლეს არ შეესაბამება ასევე მსჯავრდებულის მითითება იმის თაობაზე, რომ საწოლი, საიდანაც ნარკოტიკი ამოიღეს, მისი ძმის იყო, რადგან საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ესწრებოდა მ. კ-ის დედა, რომელმაც თავად აჩვენა ს.ო.დ.-ის თანამშრომლებს შვილის საძინებელი ოთახი, საწოლი და არც არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანაში მჯდარი მ. კ-ის პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს მასში დამალული ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომანქანა წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის საგანსა და დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს. ამდენად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ავტომანქანის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე კანონიერად მიიჩნევს.
პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ საბრალდებო სიტყვაში ბრალი დასდო მ. კ-ს ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაში და აღნიშნა, რომ: ,,განსასჯელს, რომელიც არ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ესოდენ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი» ესაჭიროებოდა არა პირადი მოხმარებისათვის, არამედ მისი შემდგომი გასაღებისათვის». პროკურორის ეს მოსაზრება, როდესაც საქმეში არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ მ. კ-ის მიზანი იყო ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ნაწილში მსჯავრდებულის ბრალეულობას.
პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ვს, რომელიც არ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ესოდენ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი» ესაჭიროებოდა არა პირადი მოხმარებისათვის, არამედ მისი შემდგომი გასაღებისათვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად: «ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.» იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად კი: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი მ. კ-ის მიმართ აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. ზემოაღნიშნული ბრალდების მოწმეების ჩვენებები ნარკოტიკების გასაღების მიზნის ნაწილში ნაკლებ სარწმუნოა, არც სხვა მტკიცებულებითაა გამყარებული და, შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში კი არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მ. კ-ვის მიერ ნარკოტიკების გასაღების მიზნის არსებობის ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენში მ. კ-ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ მ. კ-ს უნდა ამოერიცხოს ზედმეტად წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის ნაწილში.
ამასთან, მ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის II ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენი მ. კ-ის მიმართ შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ მ. კ-ს ამოერიცხოს ზედმეტად წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის ნაწილში.
მ. კუ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის II ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.