საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.11.2009
საქმის ნომერი
2კ-606აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.11.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

606აპ.-09 16 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულ ხ. დ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განაჩენზე.

ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება გ. თ-ძის მიმართ და იგი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და კერძო საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, კერძო საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო კერძო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაზარალებულ ხ. დ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.