საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
631აპ.-09 ქ. თბილისი
4 ნოემბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ჯ. ფ-შვილისა და ა. კ-ვის, ასევე _ ა. კ-ვისა და ა. უ-ოღლის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ვის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განაჩენზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განაჩენით:
1. ჯ. ზ-ის ძე ფ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
2. ა. ს-ს ძე კ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;
3. ა. უ-ოღლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 8 წლით, ხოლო 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. მასვე დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 550 ლარის გადახდა.
ჯ. ფ-შვილსა და ა. კ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2008 წლის 6 ივლისიდან, ხოლო ა. უ-ღლის _ 2008 წლის 15 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18,179-ე, 212-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ჯ. ფ-შვილისა და ა. კ-ვის, ასევე _ ა. კ-ვისა და ა. უ-ოღლის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ვის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.