განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გადაწყვეტილების ტექსტი
640აპ.-09 30 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით გ. ჯ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 15 ივნისს, საღამოს გ. ჯ-შვილი მეგობარ ი. მ-ვთან ერთად იმყოფებოდა თბილისში მდებარე ინტერნეტ-კაფეში და თამაშობდა. იქვე იმყოფებოდნენ ბ. მ-შვილი, ს. ი-ძე, ლ. ნ-შვილი და ნ. მ-შვილი. თამაშის დროს ნ. მ-შვილი გ. ჯ-შვილის ვინაობით დაინტერესდა და სთხოვა, მისთვის კომპიუტერი დაეთმო. ამის გამო მათ შორის დაიწყო კამათი, რაშიც ნ. მ-შვილის მეგობრები ჩაერთვნენ. ინტერნეტ-კაფეს ოპერატორისაგან შენიშვნის მიღების შემდეგ აღნიშნული პირები “საკითხის გასარკვევად” შენობიდან გავიდნენ და ამავე ქუჩის მე-12 კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის დროს გ. ჯ-შვილმა განიზრახა ბ. მ-შვილის მოკვლა, რისთვისაც შარვლის ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა და ბ. მ-შვილს დაარტყა მუცლის არეში, რომელიც მიღებული დაზიანების გამო ძირს დაეცა. გ. ჯ-შვილს არ შეუწყვეტია დანაშაულებრივი ქმედება, იქცეოდა ძალზე აგრესიულად და დანით ს. ი-ძესაც მიაყენა ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში, რის შემდეგ ი. მ-ვთან ერთად მიიმალა. ბ. მ-შვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას აღმოაჩნდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის წინა კედლის დაზიანებით. ბ. მ-შვილს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ექიმებმა შეძლეს მისი სიცოცხლის გადარჩენა.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. ჯ-შვილს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 ივნისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. შ-შვილმა და მოითხოვა გ. ჯ-შვილის ქმედების სსკ-ის 111-ე მუხლით დაკვალიფიცირება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. შ-შვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; სასამართლო იზიარებს მხოლოდ დაზარალებულისა და მისი მეგობრების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ხოლო მსჯავრდებულის მიერ მიცემულ ჩვენებას მიიჩნევს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემსუბუქების მიზნით მოგონილად. სააპელაციო პალატამ გამორიცხა გ. ჯ-შვილის ქმედებაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების არსებობა იმ მოტივით, რომ თავდასხმა მოხდა მსჯავრდებულის მხრიდან, თუმცა საქმეშია მოწმე ნ. მ-შვილის ჩვენება, რომელიც დეტალურად აღწერს, რომ მან გამოიწვია საჩხუბრად გ. ჯ-შვილი, რის შემდეგაც ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით და იგი ი. მ-ვთან ერთად ქუჩაში გაიხმეს. ის, რომ გ. ჯ-შვილმა პირველმა გაარტყა ხელი ნ. მ-შვილს, არ ადასტურებს, რომ იგი თავდამსხმელია. გ. ჯ-შვილი იძულებული გახდა, დანის გამოყენებით მოეგერიებინა მოძალადეები. სასამართლომ შეგნებულად დაამახინჯა ფაქტი, რათა როგორმე გამოეკვეთა გ. ჯ-შვილის აგრესიულობა და ხელოვნურად შეექმნა ფონი იმის დასამტკიცებლად, რომ იგი მოქმედებდა მოკვლის განზრახვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. შ-შვილი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გ. ჯ-შვილის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 122-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი აპელირებს გ. ჯ-შვილისა და ი. მ-ვის ჩვენებებზე, რომელთა ობიექტურობასაც თითქოსდა ადასტურებენ დაზარალებულებიც, თუმცა, საპირისპიროდ ამისა, საქმის მასალები მეტყველებს სწორედ დაზარალებულთა ჩვენებების ობიექტურობაზე და მსჯავრდებულისა და ი. მ-ვის ჩვენებების ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათზე, კერძოდ:
გ. ჯ-შვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნავს, რომ მას 4-5 ბიჭი სცემდა, ხოლო ი. მ-ვს _ 3-4. გ. ჯ-შვილი იქნევდა დანას და არ იცის, მოარტყა თუ არა ვინმეს. როდესაც წამოდგა, “ყველანი დაიშალნენ” (ტ. 4, ს.ფ. 69-72).
სააპელაციო სასამართლოში გ. ჯ-შვილი უთითებს, რომ მას სცემდა 8-9 ბიჭი და არ ახსოვს, ი. მ-იანი ჩხუბობდა თუ არა. ჩხუბი თავად დაიწყო, რადგან ნ. მ-შვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ტ. 4, ს.ფ. 152-153).
ი. მ-ვი საქმის წინასწარი გამოძიებისას მიუთითებს, რომ მას და გ. ჯ-შვილს ეჩხუბებოდა 4 ბიჭი, სასამართლოში კი განმარტავს, რომ თავიდან მართლაც ასე განვითარდა ყველაფერი, მაგრამ შემდეგ ჩხუბში მათ წინააღმდეგ სხვებიც ჩაერთვნენ და რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას ჩვენება ჩამოაყალიბა გამომძიებლის რჩევით. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ი. მ-ვი მიუთითებს, რომ ნ. მ-შვილი წაიქცა, ხოლო “დანარჩენი სამი გ-ის ეჩხუბებოდა, სახანძროს მხრიდან გამოიქცა ერთი ბიჭი, ყველაფერი წამებში მოხდა”. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ გ. ჯ-შვილს ცემის შედეგად თვალისა და შუბლის არეში ჰქონდა ნაკაწრები. ამასთან, შუბლი ჰქონდა დალურჯებული (ტ. 1, ს.ფ. 156-158; ტ. 4, ს.ფ. 43-48).
გ. ჯ-შვილის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ მას 4-5 ბიჭი სცემდა და დაიჩოქა, საგულისხმოა მოწმე ნ. უ-შვილის ჩვენება. იგი აღნიშნავს, რომ გ. ჯ-შვილს ემჩნეოდა სიწითლე წარბთან, რაც მხოლოდ კარგად დაკვირვების შედეგად შენიშნა. მისივე განმარტებით, არ შეუმჩნევია, რომ გ. ჯ-შვილს ტანისამოსი დასვრილი ან დახეული ჰქონდა (ტ. 4, ს.ფ. 61-66).
საქმეში არსებული მასალების, მათ შორის ორივე დაზარალებულის _ ბ. მ-ვილის და ს. ი-ძის, ასევე მოწმეების _ ლ. ნ-შვილისა და ნ. მ-შვილის თანმიმდევრული ჩვენებების ობიექტური ანალიზით ირკვევა, რომ ჩხუბში უცხო არავინ ჩართულა და შემთხვევის ადგილზე ხალხი ჩხუბის გამო შეიკრიბა. ცხადია ისიც, რომ გ. ჯ-შვილმა დანა გამოიყენა არა თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, არამედ შურისძიების მოტივით, რაზეც გ. ჯ-შვილის მიერ ჩხუბის დაწყებაც მეტყველებს და ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო სასჯელის დანიშვნის ნაწილში _ სამართლიანი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, დაზარალებულმა ბ. მ-შვილმა სასამართლოში უარი განაცხადა სამოქალაქო სარჩელზე, რასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უარს მოსდევს პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსარჩელეს უფლება ერთმევა, განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გარდა აღნიშნულისა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. ჯ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განაჩენი შეიცვალოს: დაზარალებულ ბ. მ-შვილის სამოქალაქო სარჩელის გამო შეწყდეს წარმოება სარჩელზე უარის გამო.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.