განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 23.06.2009
საქმის ნომერი
2კ-11-I-06
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.06.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-11-I-06 23 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ გ. შ-ის

პროკურორ _ ნ. გ-ის

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ _ ლ. გ-ის

ადვოკატ _ ლ. ლ-ის

რეაბილიტირებულ _ რ. ხ-ის

მონაწილეობით განიხილა გ. გ-ს, პროკურორ თ. ო-სა და რეაბილიტირებულ რ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ხ. 2001 წლის 27 სექტემბრიდან 2002 წლის 2 ოქტომბრამდე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.

2001 წლის 30 სექტემბერს რ. ხ-ს წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით.

საქმის განხილვა მიმდინარეობდა საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც საქმე რამდენჯერმე დაბრუნდა დამატებით გამოძიებაში.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 აპრილის განაჩენით რ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2001 წლის 27 სექტემბრიდან 2002 წლის 30 სექტემბრამდე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 12 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის საქმე შეწყდა საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

2005 წლის 14 ივლისს რ. ხ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. მან მოითხოვა 2001 წლის 27 სექტემბრიდან 2002 წლის ოქტომბრამდე, უკანონო პატიმრობაში ყოფნის გამო, საპყრობილეში ამანათების შეგზავნით მისი ოჯახის მიერ გაწეული ხარჯების: ქონებრივი ზიანის სახით _ 10 000 ლარის, მიუღებელი ხელფასის სახით _ 2 162, 29 ლარისა და მორალური ზიანის სახით – 1 წლისა და 4 დღის პატიმრობაში, 3 წლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნისა და საქმის წარმოების გამო _ 100 000 ლარის, ე.ი. მთლიანად _ 112 162 ლარის ანაზღაურება.

განცხადება განსახილველად გადაეგზავნა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005 წლის 12 აგვისტოს თვითაცილების დადგენილების საფუძველზე საქმე გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და განსახილველად დაექვემდებარა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით რ. ხ. ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა ოფიციალურ ბეჭდვით გამოცემაში _ „საკანონმდებლო მაცნეში“ შესაბამისი პუბლიკაციის გამოქვეყნება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა რ. ხ-ს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის _ 2 162 ლარისა და 29 თეთრის და მორალური ზიანის სახით _ 3 000 ლარის გადახდა.

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ. ო-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილების გაუქმება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით ითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება ქონებრივი ზიანის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში რ. ხ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ან უკიდურეს შემთხვევაში, მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის შემცირება გონივრულ ფარგლებში, რადგან მიაჩნდა, რომ რ. ხ-ს სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის სახით 2162, 29 ლარის დაკისრება არასწორია, ვინაიდან იგი სამუშაოდან გადაყენებული არ ყოფილა საქართველოს სსსკ-ის 184-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი წესით. არასწორია ასევე რ. ხ-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 3 000 ლარის დაკისრება, ვინაიდან რ. ხ-ს მორალური ზიანის ფულადი თანხით ანაზღაურების ნაცვლად შესაძლებელი იყო მისთვის ამგვარი ზიანის სხვაგვარად ანაზღაურება.

აპელანტმა _ რ. ხ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა, უარი ეთქვას ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებზე, გაუქმდეს ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა ქონებრივი ზიანის სახით მისთვის 17 000 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილება რეაბილიტირებულ რ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ძემ, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ. ო-ემ და რეაბილიტირებულმა რ. ხ-მა კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ. კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 222-ე მუხლის II ნაწილის თანახმად: „გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარ განზრახულად ცრუ აღიარებით (თვითგანთქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე“, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

ასევე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რადგან საქართველოს სსსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად, ხოლო იმავე კოდექსის 184-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით, გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით), რაც რ. ხ-ს მიმართ არ განხორციელებულა და მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის III ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას აგრეთვე ფულადი კომპენსაციით, თუმცა მიაჩნია, რომ ფულადი კომპენსაციითაც მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციის გარეშე ან საკომპენსაციო თანხის ოდენობის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი თ. ო. კერძო საკასაციო საჩივრით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 222-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ცრუ აღიარებით (თვითგანთქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე, გადასახდელი არ ინიშნება.

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის III და 115-ე მუხლის IV ნაწილების თანახმად, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და მხოლოდ აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. მაგრამ ორივე ზემოაღნიშნული ზოგადი ხასიათის ნორმაა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 222-ე მუხლი კი _ სპეციალური. ზოგადი და სპეციალური ნორმების კონკურენციისას გამოიყენება სპეციალური ნორმა. გარდა ამისა, მარტო აღიარება (ნებისმიერი ფორმით) საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის, მაგრამ სისხლისსამართალწარმოების ორგანოების მიერ დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველია.

პროკურორმა აღნიშნა, რომ განჩინებაში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; ამდენად, იგი ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის გადაგზავნას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

რეაბილიტირებული რ. ხ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს უკანონო, დაუსაბუთებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, უარის თქმას კასატორების მოთხოვნაზე და 112.162 ლარის ოდენობით მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-მ მხარი დაუჭირა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 223-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საფინანსო ორგანოების მეშვეობით, ამდენად, არასწორია ფინანსთა სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. იმავე კოდექსის 222-ე მუხლის II ნაწილის თანახმად კი, რადგან არ დასტურდება ხ-ის ახსნა-განმარტების იძულებით მიღების ფაქტი, გადასახდელი არ ინიშნება, რადგან ცრუ აღიარებას (თვითგანთქმას) აქვს ადგილი.

ამდენად, ლ. გ-მ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, უარის თქმა რეაბილიტირებულის მოთხოვნის დაკმაყოიფლებაზე ან თანხის ოდენობის შემცირება გონივრულ ფარგლებში.

რ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ლ-მ მხარი დაუჭირა რეაბილიტირებულის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მორალური და ქონებრივი ზიანის სრული ანაზღაურება.

ადვოკატმა რ. ლ-მ იშუამდგომლა პალატის წინაშე, რათა უარი ეთქვას კასატორების _ ფინანსთა სამინისტროსა და პროკურატურის მოთხოვნას.

რეაბილიტირებული რ. ხ. დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. გ-მ მხარი დაუჭირა პროკურორ თ. ო-ს კერძო საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია რ. ხ-ს სამსახურიდან გადაყენების საკითხი, არ გაარკვია, თუ რამდენად იყო იგი დაკავშირებული რეაბილიტირებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან. მან ეჭვი შეიტანა დირექტორის მიერ 2005 წლის 25 მაისს გაცემულ ცნობაში, სადაც აღნიშნულია, თუ დროის რა მონაკვეთში მუშაობდა რ. ხ. იმ სისტემაში და რა თანხას შეადგენდა IV თანრიგის მუშის ხელფასი, მაგრამ ის, რომ ეს ხელფასი იყო ნამდვილად რ. ხ-ს, ამ ცნობიდან არ დასტურდება. ამდენად, პროკურორს არასწორად მიაჩნია რეაბილიტირებულისთვის მიუღებელი ხელფასის – 2162, 29 ლარის ანაზღაურება.

პროკურორმა აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის III ნაწილით შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით, მაგრამ იგი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ეთანხმება ზიანის ანაზღაურების ამ ფორმას, რადგან რ. ხ-ს მორალური ზიანი არ მისდგომია უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან განჩინებაში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, პროკურორმა ნ. გ-მ ითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის გაგზავნა იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ო-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-სა და რეაბილიტირებულ რ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს პროკურორ თ. ო-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას რეაბილიტირებულ რ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, რადგან საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები ფულადი კომპენსაციის გარეშე. იმავე კოდექსის 165-ე მუხლის III ნაწილი კი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციითაც, რაც ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს მორალური ზიანი მიადგა უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. ხ-ს დაკავებისა და ბრალდებულად ცნობის დროს უხეშად დაირღვა საპროცესო ნორმები და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით დადასტურებულ საფუძველს, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ივლისის განაჩენი და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სისხლის სამართლის საქმე რ.. ხ-ს მიმართ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, მაგრამ ეს არ იძლევა რ. ხ-სათვის ფულადი კომპენსაციით ზიანის ანაზღაურების საფუძველს, რადგან საქმის მასალებით არ იყო გამოკვლეული მისი დაპატიმრების კანონიერების ან უკანონობის საკითხი.

პალატა მიიჩნევს, რომ არასწორია ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინებაში (რომლითაც უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს დადგენილება) არსებული მითითება რ. ხ-ს რეაბილიტირებულად ცნობის შესახებ, რადგან საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის II ნაწილის თანახმად: „პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“, „ი“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის II ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით“.

საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ხ-ს რეაბილიტაციის საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პირის მიმართ ასეთი მარეაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იგივე პირი, ხელახლა, დამატებით, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რის გამოც აღნიშნული მითითება განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს.

პალატა მიიჩნევს, რომ ასევე არასწორია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მითითება იმის თაობაზე, რომ „განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება“. საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა“.

ზემოაღნიშნული მითითება კი წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევას, რაც ზღუდავს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განსახილველად პროცესის მონაწილეთა უფლებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ხოლო საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, მიიღო გადაწყვეტილება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, რათა სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შესაბამისად იმსჯელოს რ. ხ-ს დაპატიმრების კანონიერების ან უკანონობის თაობაზე და მიიღოს სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ო-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-სა და რეაბილიტირებულ რ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინება რ. ხ-ს მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.