დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.03.2008
საქმის ნომერი
2კ-38-I-07
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹38I ქ. თბილისი

31 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ბ-ს დამცველს, ადვოკატ გ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განაჩენით ვ. ბ-ძე, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, .....-ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

2007 წლის 25 ივლისს მსჯავრდებულ ვ. ბ-ს დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ. მ-ს სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, რაც ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განაჩენის ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 13 აპრილს, რაც სასჯელაღსრულების ¹1 დაწესებულებაში მიმდინარე კარანტინის მიზეზით მსჯავრდებულის დამცველისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, რის გამოც მან განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საპროცესო ვადის დარღვევით. განცხადებით ადვოკატი გ. მ-ძე ითხოვდა საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით ვ. ბ-ს დამცველს, ადვოკატ გ. მ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ადვოკატმა გ. მ-მ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს დაცვის მხარის მიერ გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მიმართ დადგენილია 2007 წლის 21 მარტს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულ ვ. ბ-ს დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ საკასაციო გასაჩივრების ვადა გააცდინა იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განაჩენის ასლი ჩაჰბარდა დაგვიანებით _ 2007 წლის 13 აპრილს და ამის გამო მისმა დამცველმა ვერ მოახერხა საპროცესო ვადაში განაჩენის გასაჩივრება, პალატა ვერ მიიჩნევს ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს, რადგან განაჩენის ასლის მსჯავრდებულისათვის ჩაბარების შემდეგ დაცვის მხარეს ერთ კვირაზე მეტი დრო ჰქონდა საკასაციო საჩივრის შესატანად.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ბ-ს დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ბ-ს დამცველს, ადვოკატ გ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.