დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.04.2008
საქმის ნომერი
2კ-41-I-07
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

41I ქ. თბილისი

10 აპრილი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ დ. მ----ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განაჩენით დ. მ-ი, _ დაბადებული .. წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, ....-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

2007 წლის 16 ივლისს მსჯავრდებულმა დ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ს სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, რაც თვითონ დროულად ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ სახაზინო წესით დანიშნულ მის დამცველს უნდა შეეტანა საკასაციო საჩივარი, მან კი მოგვიანებით შეიტყო, რომ დამცველს საჩივარი არ შეუტანია, რის გამოც საპროცესო ვადის დარღვევით მოუხდა საკასაციო საჩივრის შეტანა. საჩივრით მსჯავრდებული დ. მ-ი ითხოვდა გაშვებული ვადის აღდგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულმა დ. მ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და შეამოწმა მსჯავრდებულ დ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი მის მიერ გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ დადგენილია 2007 წლის 25 იანვარს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა დ. მ-მა საკასაციო საჩივრის შეტანა დააგვიანა იმ მოტივით, რომ იგი ელოდებოდა დამცველის მიერ საჩივრის შეტანას, რომელმაც ერთი თვის ვადაში არ შეიტანა საჩივარი და ამის გამო საპროცესო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით თავად მსჯავრდებულს მოუხდა სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვა, პალატა ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ დ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.