დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
48I ქ. თბილისი
23 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ვ. ღ-ს, _ დაბადებულს ..... წელს, _ ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 12 თებერვალს, ძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ქ. რუსთავში, ....-ში მცხოვრებმა ვ. ღ-მ, რომელიც მუშაობდა ღამის დარაჯად ქ. რუსთავში, შევჩენკოს ქ.¹18-თან მდებარე სადღეღამისო ავტოსადგომში, განიზრახა დროებითი გამოყენების მიზნით აღნიშნული ავტოსადგომიდან გაეყვანა ქ. რუსთავში, .......-ში მცხოვრები რ. ო-ის კუთვნილი ,,ოპელ-ვექტრას” ფირმის ა/მანქანა, სახ........ თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ. ღ-მ იმავე ღამეს აღნიშნული ა/მანქანის გასაღებით, რომელიც დატოვებული ჰქონდა თავად მფლობელისაგან, მასთან შეთანხმების გარეშე, აამუშავა ა/მანქანა და გაიყვანა ავტოსადგომიდან. ა/მანქანა მან რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით 02 საათიდან 03 საათის შუალდეში, მიატოვა ქ. რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე.
აღნიშნული ბრალდების საქმე განსახილველად გადაიგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ივნისის დადგენილებით დაკმაყოფილდა რუსთავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმე ვ. ღ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეგზავნა რუსთავის რაიონულ პროკურატურას. განსასჯელ ვ. ღ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო დარჩა უცვლელად.
მითითებული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის დადგენილებით დარჩა უცვლელად.
ვ. ღ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ ზემოაღნიშნულ დადგენილებაზე სააპელაციო სასამართლოში შეიტანა კერძო საკასაციო საჩივარი, რომელსაც არ ახლდა განსასჯელის თანხმობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით ვ. ღ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის დადგენილების გასაჩივრების გაცდენილი ვადა არ იქნა აღდგენილი და აღნიშნულ დადგენილებაზე შეტანილი კერძო საკასაციო საჩივარი არ იქნა მიღებული.
ვ. ღ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. მ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ დადგენილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი; კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის ვ. ღ-ძე იყო ბრალდებული და კანონმდებლობა მის სავალდებულო თანხმობას არ ითვალისწინებს; თუ ვ. ღ-ძე არის განსასჯელი, როგორც ამაზე პროკურატურა და სასამართლო მიუთითებენ, არც განსასჯელის აუცილებელი თანხმობაა საჭირო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა, ხოლო ამავე კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში მითითებული პირები, კერძოდ: სახელმწიფო ბრალმდებელი, ზემდგომი პროკურორი, დაზარალებული, მსჯავრდებული, დამცველი, მსჯავრდებულისა და დამცველის კანონიერი წარმომადგენელი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ განსასჯელის, დაზარალებულისა და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული, განსასჯელი ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განსასჯელის თანხმობა კერძო საკასაციო საჩივარზე სავალდებულო იყო და ადვოკატი დამოუკიდებლად ამ შემთხვევაში არ ითვლება საკასაციო გასაჩივრების სუბიექტად, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ დადგენილება კანონიერი, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.