დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-4-I ქ. თბილისი
1 აპრილი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ ტ. დ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით ტ. დ-ი, _ დაბადებული ...... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მცხეთის რაიონის სოფელ ..., ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
2007 წლის 9 ნოემბერს მსჯავრდებულმა ტ. დ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ ტ. დ-ს სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, რაც თავად დროულად ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ მის დამცველს უნდა შეეტანა საკასაციო საჩივარი, მან კი მოგვიანებით შეიტყო, რომ დამცველს საჩივარი არ შეუტანია, რის გამოც საპროცესო ვადის დარღვევით მოუხდა საკასაციო საჩივრის შეტანა. საჩივრით მსჯავრდებული ტ. დ-ი ითხოვდა გაშვებული ვადის აღდგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებით მსჯავრდებულ ტ. დ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა ტ. დ-მა აღნიშნული სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და შეამოწმა მსჯავრდებულ ტ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი მის მიერ გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი მსჯავრდებულ ტ. დ-ის მიმართ დადგენილია 2007 წლის 28 ივნისს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ტ. დ-მა საკასაციო საჩივრის შეტანა დააგვიანა იმ მოტივით, რომ იგი ელოდებოდა დამცველის მიერ საჩივრის შეტანას, რომელმაც ერთი თვის ვადაში არ შეიტანა საჩივარი და ამის გამო საპროცესო ვადის დარღვევით თავად მსჯავრდებულს მოუხდა სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვა, პალატა ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ტ. დ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.