დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.11.2008
საქმის ნომერი
2კ-11-I-08
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.11.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

11I 18 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტირებულ გ. ო-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რეაბილიტირებულ გ. ო-ს კერძო სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც გ. ო-ს უარი ეთქვა სამართალდამცავი ორგანოს მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

აღნიშნული განჩინება რეაბილიტირებულმა გ. ო-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა 2008 წლის 10 იანვარს, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.

2008 წლის 21 იანვარს გ. ო-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ. ო-ს საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვებისთვის ჰქონდა მიზეზი, კერძოდ, მას თვის ბოლომდე დამცველისთვის არ ჰქონდა სათანადო ანაზღაურების საშუალება, ხოლო თვის ბოლოს, გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, გახდა ავად, ჰქონდა რადიკულიტის მწვავე შეტევა, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით და სწორედ ამ მიზეზით ვერ შეძლო ვადის დაცვით გასაჩივრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ. ო-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

რეაბილიტირებულმა გ. ო-მ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განჩინება გ. ო-ს მიმართ დადგენილია 2007 წლის 28 ნოემბერს. განჩინება საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება გ. ო-ს მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა ავადმყოფობის გამო, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გ. ო-ს გასაჩივრებული განაჩენის გამოცხადების დღიდან 2007 წლის 25 დეკემბრამდე, ანუ იმ დღემდე, როცა ავად გახდა, ჰქონდა გასაჩივრებისთვის საკმარისი დრო. მის მიერ ვადის დარღვევით შეტანილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას, რის გამოც აღნიშნული საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რეაბილიტირებულ გ. ო-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განჩინება, რომლითაც გ. ო-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინების საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.